time-to-read.short-label

უბრალოდ, მინდოდა მეთქვა...

უბრალოდ, მინდოდა მეთქვა...

ბედნიერი შეიძლება იყო სხვისი ბედნიერებით, ვიღაცის არსებობით, იმით, რაც აღარაა, მაგრამ იყო...
 

აი, ახლა, ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს ლექტორი, რომლის ლექციაზეც ყოველთვის მიმეჩქარება არა იმიტომ, რომ სიას ამოიკითხავს (არასდროს კითხულობს), არამედ იმიტომ რომ გვასწავლის, როგორ უნდა ვიკაიფოთ ცოდნით, იმიტომ რომ ადამიანია, პიროვნებაა და ერთი ყალბი ნაკვთი არ აქვს, იმიტომ რომ იმდენად საინტერესოდ საუბრობს, დროის  არსებობა ნერვებს მიშლის, იმიტომ რომ ,,გაიძულებს“ დაინტერესდე და შეიყვარო მისი სფერო..

იმიტომ რომ იცის:

ადამიანი მთელი თავისი დიდებულებით წარმოდგება მაშინ, როცა უანგაროა, სხვა შემთხვევაში მასზე საზიზღარი არსება არ არსებობს და მაინც სწამს ადამიანის.. იმიტომ, რომ დაუსრულებლად შემიძლია მასზე ლაპარაკი.
 

 
მყავდა ყველაზე ცის ფერი ლექტორი თეთრი თმა-წვერითა და დიდი ტკივილებით(როგორც სულიერი, ისე ფიზიკური), რომელსაც უყურებ და ბედნიერი ხარ რომ არსებობს და უსასრულოდ შეგიძლია უცქირო, უბრალოდ იჯდე, არაფერს ამბობდეს, მაგრამ მაინც გესმოდეს.. რომელიც გვეუბნებოდა, რომ თუ არ გტკენიათ, ბედნიერებას ვერ იგრძნობთო, თუ არ გაქვთ, გაიჩინეთ საფიქრალიო.. მასწავლა, რომ მტვერი ყველას გვედება, მთავარია ჭუჭყად არ ვაქციოთ.. და რომ შეიძლება აკეთო ერთი და იგივე რამ, მაგრამ არა ერთნაირად...
 

 
მყავდა ყველაზე თბილი ლექტორი,  რომლის გვერდითაც ბავშვი ხარ, მზრუნველობის ობიექტად ქცეული ნამდვილი ბავშვი  და  რომელსაც მინდა ვუთხრა: ქალბატონო ეკა, ოდესმე აუცილებლად დავწერ თქვენზე და ამ ნაწერის სათაური იქნება ,,თავის თავისთვის დაკარგულები“...
 

 
მყავდა ლექტორი, დიდი, სევდისფრად  ლურჯი თვალებითა და მათ მიღმა უკიდეგანო ღრმა სივრცეებით, რომელიც ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავდა თავისი გაზაფხულისფერი კაბებით  და რომლის დანახვისას პირველი ფიქრი იყო: ნეტა ქართულად დაგველაპარაკება თუ ფრანგულად?! ქართულად გველაპარაკებოდა, უფრო მეტს ხატავდა და თან გვისმენდა თავისი სამყაროდან დროებით და ნაწილობრივ გამოპარული... იმ სამყაროდან, რომლის გმირებსაც მასავით სევდიანი თვალები აქვთ და ამ თვალებიდან ფერადი ფიქრის  მარცვლები პოეზიად ეღვრებათ..

მერე იყო დიდი ტკივილი და ახლა მისი დანახვისას მეფიქრება: ,,ნეტა რამდენს გადაურჩა ზამთარს, ძველი  ნაზი ფაიფურის ლურჯი ჭიქა?!“...
 

 
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბატონი გრივერ ფარულავა, რომლის ლექციაც მოითხოვს:  ,,მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქვენნი და უფროჲს-ღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქვენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმენენით სიტყუათა ჩემთა“ და რომლის მოსმენაც ერთი დიდი სიამოვნებაა, უსმენ და სიამაყით ივსები შენი ქართველობით და ამავდროულად მის სიმძიმესაც გრძნობ. ერთი სიტყვით ასე შემიძლია მისი დახასიათება: ყველაზე თავშეკავებული ადამიანი, სულით ასკეტი.
 

 
თითოეულმა მათგანმა თავისებურად გამზარდა და თავისებურად დარჩა ჩემში. ბუნებრივია, იყვნენ სხვებიც, მაგრამ... იქნებ, ოდესმე მათზეც...

6 მაისი, 2014

#ინტერვიუ #Interview #interyou #tinatini

    960
    1