time-to-read.short-label

წაქცეული კაცი ანუ არმოჭვრიტინე ღმერთი

წაქცეული კაცი ანუ არმოჭვრიტინე ღმერთი

იცი რა, ერთხელაც ავდგები და მოგიყვები, რომ ადამიანი ჩემ თვალწინ მოკვდა, და როცა მოკვდა, ადამიანი აღარ იყო.


 
მოგიყვები, როგორ ვიმგზავრეთ ერთად დილის ათსაათიანი ყვითელი ავტობუსით მე და მან, თავისი ცოლითა და 2 წლის შვილიშვილით, რომელიც პროფილაქტიკისთვის მიჰყავდათ იმავე კლინიკაში, სადაც მე მივდიოდი საკუთარი თავის პროფილაქტიკისთვის. რომ ნაბიჯებით ავცდით ერთმანეთს და მეორე სართულზე ლიფტიდან გამოსულს წაქცეული კაცი დამხვდა, რომელმაც ორი წლის ბავშვი ქვეშ მოიყოლა, იმიტომ რომ ხელში ეკავა, იმიტომ რომ პაპის მკლავებში მყუდროდ და დაცულად გრძნობდა თავს, იმიტომ რომ პირველი შვილიშვილი იყო, იმიტომ რომ მისი არსებობა უხაროდა.. ის კი წაიქცა და ბავშვი ზორბა სხეულის ქვეშ მოიყოლა..
 

მოგიყვები, როგორ აღარ ჰგავდა წაქცეული კაცი იმ კაცს, რომელთან ერთადაც ვიმგზავრე, რომელსაც ბავშვი ეკავა ხელში და ექიმთან მიჰყავდა.
 

მოგიყვები, რომ ის ზორბა ტანის კაცი, ზორბა ტანის კაცი აღარ იყო.
 
მოგიყვები, რომ წაქცეული კაცი თავისი ცოლის ქმარს აღარ ჰგავდა.
 
წაქცეული კაცი აღარც პაპა იყო და აღარც ექიმთან მიმავალი კაცი.
 
წაქცეული კაცი კაცი არ იყო.
 
წაქცეული კაცი ადამიანიც კი აღარ იყო.
 
წაქცეული კაცი მრავალწერტილებისგან შემდგარი დაცალებული წერტილი იყო.
 
წაქცეული კაცი არც წასვლას აპირებდა და არც დარჩენას, იმიტომ რომ წაქცეულ კაცებს არც წასასვლელი აქვთ და არც დასარჩენი.
 
წაქცეული კაცი წერტილივით იდო, მის გარშემო კი სასვენი ნიშნები და შორისდებულები ბზუოდნენ.
 
სასვენ ნიშნებს ჰქონდათ კითხვის ნიშნის მწუხარებისგან დეფორმირებული ფორმა.
 

და მოგიყვები, რომ არ იყო ქარი, არ იყო წვიმა და არ იყო თოვლი, რომელიც კითხვის ნიშნებს ამასხლეტდა და მიუხედავად ამისა, კითხვის ნიშნებმა თვითონ ამისხლიტეს და დამტოვეს ცარიელ დერეფანში, წაქცეული კაცის ქვეშ მოყოლილი ბავშვით ხელში, რომელსაც უბრალოდ შიოდა, ბავშვურად შიოდა და რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ რამდენიმე წუთის წინ კაცი, რომელსაც ის ხელში ეჭირა, კაცი, რომელსაც მისი არსებობა უხაროდა, კაცი, რომელიც წაიქცა და ის ქვეშ მოიყოლა, კაცი აღარ იყო.

მოგიყვები, რომ ბავშვს უბრალოდ შიოდა.

მოგიყვები, რომ იქ არ იყო ღმერთი, რომელსაც ვკითხავდი ,,რატომ?'', იმიტომ რომ არ მაინტერესებდა რატომ.

თავში მხოლოდ ერთი წინადადება ტივტივებდა ,,ღმერთი არ განსაზღვრავს, არ წყვეტს ადამიანების მომავალს, ღმერთი ჭვრეტს'', და soundtrack-ად ბავშვის მშიერი ტირილი გასდევდა. და მაშინ, სამყარო გაიყო ორად, ერთ მხარეს ადამიანების ცხოვრების მოჭვრიტინე ღმერთი დარჩა, მეორე მხარეს კი ისევ ადამიანების ცხოვრების მოჭვრიტინე ღმერთი, რომელიც არ უჭვრეტდა ადამიანებს, არც სამყაროს და არც არაფერს. ადამიანების არმოჭვრიტინე ღმერთი ჰგავდა ადამიანებს.
 
ამ ღმერთებს შორის არ იყო კედელი.
 
ამ ღმერთებს შორის იყო კარი, რომელსაც ჰქონდა საჭვრიტინო, ორი თვალისთვის.
 
და თუ ოდესმე ადამიანების არმოჭვრიტინე ღმერთი ადგებოდა და საჭვრტინოში გაიხედავდა, მისი თვალები ადამიანების მოჭვრიტინე ღმერთის თვალებს შეხვდებოდა.
 

და ვეღარ მოგიყვები, თვალები როგორ აღარ იქნებოდნენ თვალები, ღმერთები აღარ იქნებოდნენ ღმერთები და ადამიანები აღარ იქნებოდნენ ადამიანები.
 

ვეღარ მოგიყვები, რომ სამყარი იქნებოდა ერთი და ამ სამყაროში არ იარსებებდნენ კითხვის ნიშნები და გაოცების შორისდებულები, ამ სამყაროში აღარ იარსებებდნენ მოსიარულე და წაქცეული კაცები, კაცებქვეშ მოყოლილი ბავშვები და არმოჭვრიტინე ღმერთები. ვეღარ მოგიყვები იმ სამყაროზე, იმ უკიდეგანო ერთიანობაზე, რომელიც ჩვენ, არმოჭვრიტინე ღმერთებმა დავანაწევრეთ და სასაცილო სახელები დავარქვით.
 
ვერ მოგიყვები, რომ თურმე ნამდვილ ღმერთს ცრუ ღმერთებისგან ჭვრეტის უნარი განასხვავებს.


 
ვერ მოგიყვები, რომ სამყარო შენ ხარ, რომ ღმერთიც შენ ხარ, რომ წაქცეული კაციც შენ ხარ, მის ქვეშ მოყოლილი ბავშვიც და ისიც, ვისაც რეზინის სატყუარა შიმშილს უკლავს.


 
ვერ მოგიყვები, რომ ის ზარმაცი ღმერთიც შენ ხარ.
 
ვერ მოგიყვები, რომ სანამ არ უჭვრეტ, ხარ და არცა ხარ.
 
რომ წერტილივით გამოილიე.
 
ვერ მოგიყვები.
 

#interview #interyou #tinatini


 

    380
    0