ადრე გიყვებოდით, ვაგროვებ სრულყოფილ წამს, წუთს საათს და თვესაც-თქო.
დამიძახეთ - შემგროვებელი
სიყვარულს უფრო ვაგროვებდი.
ჯერ კიდევ სკოლის დაწყებიდან, გაურკვეველი მიზეზებით, არავინ მემეგობრებოდა. პირველი 16 წლისას შევიძინე, ნინო ერქვა, სულიერი კავშირი არ მქონდა. მხოლოდ ის მიხაროდა რომ მეგობარი მყავდა.
18 წლის ასაკში კიდევ ერთმა გადაწყვიტა ჩემთან მეგობრობა, მიზეზად - გაეგო რატომ მაქებდა მასწავლებელი და რატომ ვუყვარდებოდი ბიჭებს. ეს მეგობრობა იყო ნამდვილი ცხოვრება, სავსე ყველა ფერით, ყველა შურით და ბრაზით. მე, როგორც ჩემი ახლანდელი მეგობარი ამბობს ხოლმე, ვუწევდი საკუთარ სინათლეს სხვისი(მისი) კომფორტისთვის.
ასე ვაგროვებდი მეგობრებს,
ვაგროვებდი სიყვარულს.
რასაც ვაგროვებდი, ჭილაძის არ იყოს, გზადაგზა ვკარგავდი.
სულ მეგონა სიყვარული ერთხელ ან რამდენჯერმე მოდიოდა, მეგობარი კი შეიძლებოდა ბევრი გყოლოდა.
სულიერი კავშირის გარეშე კი, არც სიყვარული არსებულა და არც მეგობრობა.
ახლა ვითვლი და ვაგროვებ, რამდენ შეძენილ თუ დაკარგულ მეგობარს ვძულვარ, რა მიზეზით? ვინ იცის. ვის ვუყვარვარ? ვინ იცის..
ხანდახან მგონია, მთელი ცხოვრება მოვუნდები სიყვარულის და მეგობრის შოვნას, მანამდე კი, ღმერთს მადლობა, საკუთარი თავი მყავს, თავი, რომელსაც სულ პატიებას ვთხოვ, რომ ვუწევდი საკუთარ სინათლეს სხვისი კომფორტისთვის.
ერთხელაც, მინდა შევხვდე საკუთარ თავს, საკუთარ თვალებს.
თავს, ვისშიც სიყვარულსაც ვნახავ და მეგობარსაც.
მანამდე, ყველა მიდის, მოდის, მიყვარებს, მიძულებს.
აივანზე ჩიტი მეჩურჩულება:
ეს ცხოვრებაა,
"არასდროს დაუწიო საკუთარ სინათლეს, სხვისი კომფორტისთვის".
Comentários