გენიოსი არასდროს არ იტყვის რომ მის განწყობაზე მოქმედებს ვინმე/რამე

ბატონ ლევანს.


თავისი კრიტერიუმები აქვს გენიოსების ამოსაცნობად, ჰოდა, წინა ლექციაზე, ოდისევსს დადევნებულები გზად საფოს რომ გადავაწყდით, ჩვენმა ოდისეამ მიმართულება შეიცვალა, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები არა, მაგრამ ფანჯრიდან შემოჭრილი ზევსის სუნთქვა მოგვეშველა ზურგის ქარის ამბავში, პოსეიდონმა ცოტა ხელი წაჰკრა ჩვენს სტუდენტურ გემს - არგუსს და აპოლონის პოეზიის ოკეანეში ზღვით შეგვიყვანა.


აი, მაშინ კი მოხდა მოსახდენი, ლექტორს ქალღმერთმა აფროდიტემ თავისი სიყვარულის ნიჭი გადაულოცა, რათა პოეზიაზე ისე ემსჯელა, რომ ჩვენთვის დიონისური თრობა მოეგვარა და სულის დარწყულებისა თუ დაღვინების პირდაპირპროპორციულად პირდაფჩენილთათვის ითაკის ხრიოკი მიწასავით გაეშრო ენა.

ჰოდა, პოეზიაში ცურვისას, გენიოსის ამოსაცნობი ერთი კრიტერიუმიც გაგვანდო ბატონმა ლევანმა:


გენიოსი არასდროს არ იტყვის რომ მის განწყობაზე მოქმედებს ვინმე/რამე, არა, ის იტყვის, რომ მისი განწყობა განაპირობებს მაგ.: ბუნების ასეთ და ასეთ ცვლილებასო.


მაგალითად, როგორც ამ სტრფოშია:

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი, კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი, და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი, რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ჰო, ჩემებრ მწუხარე და სევდიანი იყოო..


ჰოდა, იცით რა მეგობრებო, რომელიმე პოეტური გენიოსი, გალაკტიონი იქნებოდა ის თუ ბარათაშვილი, გალაკტიონივით ბავშვი თუ ტატოსავით ,,ქალაქში, მტვერში'' წაქცეული და დაკარგული ბავშვი, ალბათ იტყოდა, რომ ეს ღამეები და ეს წვიმები ანუ ეს მაკონდოს ღამეები სწორედაც რომ ჩვენი განწყობების მელოდიებია, ჰო, ჩვენ ვქმნით სევდებსა და სიხარულებს, სიყვარულებსა და არსიყვარულებს და სასიგნალო სისტემებით - თვალებით, სიტყვებით, ამოოხვრებით, მოძრაობებით, ქმედებებით ბუნებაში ვგზავნით, ის კი ამ ჩვენს ემოციებს სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობით უკან გვიბრუნებს.

ახლა გაზაფხულია და ყველანაირი გრძნობა, არსიყვარულიც კი, განაზებულია. ეს მაკონდოს წვიმებიც ალბათ გაზაფხულის ამოსუნთქვების ექოებია. ანი ბანი და განი და .. ისე, მაკონდოს ხსენებას ხომ ეს ციტატაც თავისით მოჰყვება ხოლმე - გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს.. და გაიფიქრებ, იმ კაცს, ისეთი ერთი მოგონება ჰქონდა, რომ ათასთა შორის სწორედ ის გამოარჩია კედელთან, დახვრეტის მოლოდინში მდგომმა და შურისმაგვარი გაგიკაწრავს გულს, შურის, რომ შენ არ გაქვს? თუ შურის, რომ იმ კედელთან შენ არ იდექი? სევდის სივრცე და განი და .. ,,ცუდია, როცა სულ არ იცი, რისთვის იბრძვი, ან როცა ისეთი რაღაცისთვის იბრძვი, რაც არავის არაფრად სჭირდება“. პოლკოვნიკის სიცოცხლე სჭირდებოდა ნეტა ვინმეს?! და მისი მოლოდინი?!

ბედის ცამეტი განედი ..

ანი ბანი და განი და თქვენ ნანი-ნანი-ნა გინდათ..

პ.ს. ჩემი წილი წვიმა შენსა და ჩემ შორის არსებული თევზის სუნთქვების ექოებია. ნიაზმა სიყვარულის დროაო. თუ გაწყობთ, დაუჯერეთ ^_^


#InterYou #TinaTini


16 views0 comments

 

 

Copyright © 2019 Interview