გრაფიკულ ჟანრში ვხატავ და შავ-თეთრი ფიგურები მაინც ცოცხლები რჩებიან ❚ Andrew Fann

Updated: Jun 11, 2020

ინტერვიუმ აღმოაჩინა ძალიან საინტერესო ადამიანი - მხატვარი ენდრიუ ფენი, ხატვის ნიჭი მისალოც ბარათებს დაუკავშირა და რომანტიულ ადამიანებს საშუალება მისცა ცოცხალი ენერგიით დატვირთული წერილები აჩუქონ ერთმანეთს. ამბობს რომ ბეჭდურ სამყაროში ყურადღების მიღმა დარჩა წერილების წერა და შექმნა ბარათები, საკუთარი ხელით მოხატული, შესაბამისი თემატიკით, სიუჟეტით და ხასიათით.


ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ბოლოს.

მისი ფბ გვერდის სახელწოდებაა - "ნარნარა"


გამეცანი, ვინ ხარ შენ?


მოყვარული მხატვარი ვარ.

დილას მედიტაციით ვიწყებ, მერე, ვხატავ, ვკითხულობ, ვწერ..

მარტო დავსეირნობ პარკში და ზღვისპირას, გზაში კადრებს ვეძებ სურათების გადასაღებად და ეფექტების დამუშავებით ვერთობი, საღამოს ისევ მედიტაცია…


ხან ყველგან ვარ, ხან კი, არა თუ სახლს, საკუთარ კანსაც არ ვშორდები. ბევრმა ფიქრმა ატალახებაც იცის და გასაწმენდად მანტრებს ჩავავლე ხელი, ყოველ დღე ახალ მანტრას ვწერ და დაძინებამდე ვიმეორებ.


ვარ შემოქმედი, რომანტიკოსი, მეთავგადასავლე, ჯიუტი, ბუტია, ბუნებით ოპოზიციონერი.

ენის ადგმა სიმღერით დავიწყე და მეხანძრეობაზე ვოცნებობდი.


რას გამოხატავ შენი ნახატებით?


ჩემი სიუჟეტები ზოგჯერ თავს გადამხდარ რეალურ ისტორიებს ემთხვევა, გამოგონილი პერსონაჟები მხოლოდ კონკრეტულ განცდებს ან ფსიქიკურ ფენომენებს აღწერენ - დრამას, ეგოს, სიმშვიდეს, ბოროტებას, სიხარულს…

გრაფიკულ ჟანრში ვხატავ და შავ-თეთრი ფიგურები, მაინც ცოცხლები რჩებიან.

ჯერ ხასიათს წარმოვიდგენ და ვცდილობ მოვარგო სიუჟეტი. პერსონაჟებსა და მის ხასიათებს ახალ კომბინაციებს ვარგებ, მაგალითად, ადვილია როცა სიამაყის დახატვა გსურს, დახატო ლომი, ასტროლოგიის წყალობით ლომის ეს ხასიათი ტრენდია, მაგრამ დახატო ბედნიერი და ალტრუისტი ლომი უკვე საინტერესოა.

რაზე ფიქრობ ხოლმე ხატვის დროს?


თუ შიშს ვხატავ ვიხსენებ შეშინებულ სახეს, თუ ღიმილს მომღიმარს. განცდებს, რომლითაც მოცული ვარ, მოაქვთ ხაზები და ფორმები რასაც აღვბეჭდავ. ტექნიკური ნაწილიც მაქვს - სწორი და სუფთა ხაზები, რაც ცოტა ნებისყოფას, კონცენტრაციას მოითხოვს, რაშიც მედიტაციის ჩართვა მეხმარება.

რატომ მისალოცი ბარათები?


ეს უბრალო და პატარა რამ არის, საკმაოდ პოზიტიური დატვირთვით, საფასურიც ხელმისაწვდომია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყიდვა.


ჯერ მხოლოდ ფიქრი იყო, მერე ჩემს ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი წერილი და წერილის ავტორი გამოჩნდა, დიდი ემოციური ბიძგი მომცა. ბარათებზე დაწერილ წერილებს, სოც-ქსელებში გაბმული მესიჯები „სრულიად“ ვერასოდეს ჩაანაცვლებს. ძვირფას წერილს, ძვირფას ადგილას შეინახავ და როცა თავს მძიმედ, სევდიანად, დაღლილად… იგრძნობ, აიღებ, წაიკითხავ და გაგაცოცხლებს. მგონია, რომ ჩვენთან ეს იშვიათი ტრადიციაა და ბარათის ყდაზე ხელით შესრულებული, ლამაზი, ორიგინალი ჩანახატი თუ ვინმეს სურვილს გაუჩენს, რომ საყვარელ ადამიანს, ბარათით მისწეროს წერილი, ბედნიერი ვიქნები, რომ სხვა ადამიანების ვინ იცის რამდენად ღრმა სიხარულში, უსიტყვო მონაწილეობას მივიღებ.

რა გაძლევს შთაგონებას?


იყოს ცოტა ბანალური - პირველ რიგში ადამიანი რომელიც მიყვარს, მოვლენები და საგნები რომლებიც მაინტერესებს და მიზიდავს, დამთვალიერებელი, რომელსაც სიამოვნებს და ტკბება. ასევე, გახსენება რომ შექმნა შემიძლია.

რაზე ოცნებობ?


ანიმაციური კომპანიის მხატვარი ვიქნებოდი, რამდენიმე წელს გავატარებდი იაპონიაში და სიამოვნებით ვიქნებოდი ახალ პლანეტაზე გადაცხოვრების მონაწილე.


მისალოცი ბარათების ფბ გვერდი - ნარნარა

#ინტერვიუ #ინტერარტ














284 views0 comments