“ერთხელ თუ მოიპოვებ, ვეღარ დაკარგავ” ანუ “სალამი ჩემო ქალურობავ!”
- interview
- Dec 15, 2019
- 1 min read

და თუ ერთხელაც გადაწყვეტ ჩაიცვა წითელი ფერის კაბა და ვნების სურნელით მოცული ნელი ნაბიჯით გახვიდე სახლიდან, აუცილებლად წაისვი წითელი ტუჩსაცხიც, რათა საკუთარი მომხიბვლელობა თავაწეულმა ატარო.
წადი იმ ბჟუტავი შუქით განათებულ კაფეში, სადაც როიალი უკრავს, შენ კი ბართან დაჯდომას ვერასდროს ბედავდი.
პატარა ხელჩანთიდან თამბაქოს ყვავილებიან ყუთს რომ ამოაძვრენ, ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად უკვე შეხვეულ ღერს მოუკიდე და ცისფერ, იდუმალ კვამლში გაახვიე საკუთარი მომხიბვლელობა.
ზურგსუკან ვნებით დამთვრალ მზერას რომ იგრძნობ, ტუჩსაცხი სარკეში შეისწორე და იქაურობა ისე უსიტყვოდ დატოვე, რომ ექოდ მხოლოდ შენი ნაბიჯების ხმა დარჩეს იქ მყოფთა მონუსხულ გულებში.
გზაში ყველა იმ ქუჩაზე ჩაიარე, სადაც ხელისგულებით ნატარები მკერდის გული დაგვარდნია და გატეხილა. მშვიდად ჩაიღიმე და სახლში წამოდი.
ჩაბნელებულ მეორე სართულზე, აქამდე შეშინებული შველის ფრთხილი ნაბიჯით რომ იტოვებდი უკან, ახლა ქალური სითამამით აირბინე.
შენს მყუდრო ბინაში შესულმა, ქუსლიანი ფეხსაცმელი კართან მოიტოვე. ოღონდ ჯერ ერთი და შემდეგ მეორე, ერთი ნაბიჯის ინტერვალით.
აკრუტუნებულ კატას ყურთან ნაზად მოეფერე, საკუთარ ქალურობას გაუღიმე და ფინჯან ყავაზე დაპატიჟე.
შემდეგში, როცა გადაწყვეტ ჩაიცვა წითელი ფერის კაბა და ვნების სურნელით მოცული ნელი ნაბიჯით გახვიდე სახლიდან, აღარ დაგჭირდება წაისვა წითელი ტუჩსაცხი, რათა საკუთარი მომხიბვლელობა თავაწეულმა ატარო.
Comments