ვერწასვლა და ვერკოცნაა ლურჯი. რა ფერია ცა?

როგორი ბანალური ხდება ყველაფერი, როცა სახელის დარქმევას გადაწყვეტ და სიტყვების გალავანს შემოავლებ, მაგრამ...


ვინაიდან პირველად იყო სიტყვა, თან თვითონ იყო ღმერთი და იყო შენში და ჩემში და სხვებში და უნდოდა გამოთავისუფლება უსიტყვობისგან, ადგა და გავიდა, ჩემგან.


ბავშვობაში კენჭობანას თამაში მიყვარდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ზღვისთვის თვალიც არ მქონდა მოკრული და ზღვის შვილი კენჭებისა არაფერი გამეგებოდა, სამაგიეროდ ნაკვეთის გვერდით, სადაც დედას ხშირად დავყვებოდი და ,,ობიოს'' გარჩევაში ვეხმარებოდი, მინის ქარხანა ყოფილა, ამიტომ ჩვენს ნაკვეთში ,,მუშაობა'' მიფასდებოდა და გადაუმუშავებელი, ულამაზესი ფერადი ქვების მოსავალს არ ვუჩიოდი.


ყვითელი და ლურჯი ფერი განსაკუთრებულად მიყვარდა, დღემდე ასეა, მაგრამ ლურჯი მაინც ის ,,სინათლეა, რომელმაც გაირა ჩვენს თვალსა და სიბნელეს შორის'', ლურჯია ცა, ლურჯია დედიკოს თვალები, როცა მათში ჩემს თავს ვკითხულობ, ლურჯია ზღვა, ლურჯია სევდა, ლურჯია ზამთრის ხეების სიშიშვლე, შენი ხელების გრძნობამომართული ძარღვები და მისი თვალის უპეები. სევდისფერი ლურჯი დაჰკრავს კესანეს, რომელიც საიმისოდ ძალიან ნაზია, რომ დაბურულ ტყეში იზრდებოდეს. ყველა მწერალი, რომელიც საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა და ყველა წიგნი, რომელთანაც მე გადავედი საცხოვრელად ლურჯია. ლურჯთვალაა ბაბუა ერლომის ,,სამიოდ ბეწვში მოქცეული არსებაც''. პირველი შიშის სუნი ლურჯია, პირველი სიყვარულისაც, პირველი წასვლისაც და უკანმოხედვისაც, არმოხედვისაც და ცრემლისაც, პირველი გააზრებული ცრემლისა და უცრემლობისაც. მონატრება ლურჯია. მონატრების მოთმენა კიდევ უფრო ლურჯი. პეგი ბლუს სიყვარულია ლურჯი, ოსკარის ღმერთი და იმ დილის თოვლი, ზოგისთვის გათენება რომ ვერ მოასწრო. ფანტაზია ,,მჭვირვალი'' ლურჯია. რწმენა ქამელეონია ლურჯის საზღვრებში. მოთოკილი სიმძაფრე დაჭრილი ლურჯია, ბაგეს ვერგადაცილებული, სხეულის ვერგადამლახავი, ათას ლურჯ ღამედ უკანმობრუნებული. ნამგალა მთვარის სისავსეა ლურჯი.


ვერწასვლა და ვერკოცნაა ლურჯი. უსურვილობა, უგზოობა და უმისობაა ლურჯი. იქნებ უ ,,შენ''-ობაც. უერთმანეთობა.

სიცოცხლეა ლურჯი. სიკვდილიც. მათი განუყოფლობაც. ლურჯია სამყარო და მისი მოუხელთებლობა. მე ვარ ლურჯი. ის ბავშვობაა ლურჯი, რომლის მოყოლაც დავიწყე და ვერ დავასრულე, რადგან მეექვსე ხაზშივე გავიზარდე. ვერმოყოლილი ბავშვობაა ლურჯი. ნაადრევად გაზრდაა ლურჯი. დიდობანაა ლურჯი. ამის კითხვით გამოწვეული შენი დაღლაა ლურჯი. გაიღიმე?! შენი ღიმილია ლურჯი და მის მიღმა დარჩენილი უთქმელობა.


#InterYou #TinaTini


 

 

Copyright © 2019 Interview