top of page

თავისუფალი წერა შედეგი I

თავისუფალი წერა შედეგი I


მინდა.

,,მინდა''-თი ვარ შეპყრობილი.

დილაობით, დიდუბის მეტროდან გამოსულს მარჯვნივ გახვევის მაგივრად მარცხნივ გახვევა მინდა, იქით, საიდანაც მიკროავტობუსები იმ მიმართულებით მიემართებიან, რომელსაც მოქოქილი მძღოლები ცვალებადი ენერგიულობითა და ტემბრით წამოიძახებენ ადგილების სრულად შევსებამდე. მაგრამ ადგილები სრულად არასდროს ივსება, უკანასკნელი მგზავრი მე ვარ, ,,მინდა''-თი შეპყრობილი, მაგრამ არ აყოლილი, რადგან მოვალეობები მარჯვნივ მექაჩებიან.


მეტროს სიყვარულიც არსებობს თურმე, 22 მეტროსადგურიდან მხოლოდ ერთის, ქალაქიდან გაღწევის ათეულობით ბიძგი, უეცრად განვითარებული გაღწევის შეტევები გულში, მაწანწალების სტენოკარდია. მუხტები. მუხტები. მუხტის მუდმივობის კანონს დამორჩილებული სხეული. წელდაზნექილი თავთავები.


მოვალეობებით? ვალდებულებებით? რა განსხვავებაა? ხელის შევლება. ფშვნეტა. უჰორიზონტო ოქროსფერი მინდორი. მესაზღვრეები იდგნენ. ვერ ავისრულე სურვილი. ვინატრე ვინატრე. ძლიერ ვინატრე.


გული დასწყდა მეგობარს.


გაზაფხულის სუსხმა იმ გრძნობების შეხსენება იცის, რომელიც გაზაფხულობით აღარ გიახლდება. გავიზარდე. არა. თავს გავედი. არა. თავიდან გავედი. გვერდით ამოვუდექი. ხელკავი. ზოგჯერ გადავუსწრებ. მხოლოდ ზოგჯერ. არ მოსწონს მორჩილება. ასეთ კონდიციაში გრძნობებისთვის აღარ გცალია. ტყუილია. მათ არ სცალიათ შენთვის. არ ვიცი. არც შენ იცი. კარგი. ყველაფერი გაზაფხულის ბრალია. ბრალი. სახურავიდან წყალი ჩამოდის. სამსაფეხურიანი კიბეც ძალზედ დაბერდა. ეზო მაინც მწვანეა.


ის წყევლა მახსენდება, სახლის ზღურბლზე ბალახი ამოგივიდესო.

ჩემი ლექტორი კარგად გამოთქვამდა, მტკივნეულად. ზუსტად იქ მმსჭვალავდა, ზღურბლთან, ჩემსა და თქვენს შორის, სადაც ბალახი დიდი ხანია ღირებულებებს გადააჯდა და ერთმანეთის მნიშვნელოვნება გაგვიუფასურა. სიმშვიდის ხედია. წარმოსახვაში არაა საქმე. წამოწვები და სიმშვიდეა. წამოდგები და მაინც სიმშვიდეა. დგახარ და სიმშვიდეა. მიმობრუნდები, იბზრიალებ, იტრიალებ, ყირაზე გადახვალ და მაინც სიმშვიდეა. ზურგს შეაქცევ და იწყება ქაოსი.

ქალაქი. ყოფიერების აუტანელი სიმძიმე. შემშურდა. ვაგონიდან გამოსულს, სამსახურში მიმავალს, საყვარელი საქმის მკეთებელს, მეტროსადგურში მჯდარი ბიჭის შემშურდა, გარმონს რომ ახმიანებდა ხურდა ფულისთვის და აპარეკას ევედრებოდა დაჭიმული ძარღვებით ,,ზეცას შახენეო''.

ავხედე ზეცას, არ იყო ჩემი. გამახსენდა: ეს ჩემი ღმერთი წამოდგა და ჩემიდან მიდის. ვისია? ახლა ჩემია. ვინც ამას განიცდის იმისია. გავედი. პირი იქით ვქენი. ჩემი ზე ცის იქით. ბევრი სილურჯეა. პირიქითა ხევსურეთზე ის ქალი გამახსენდა, ჭინჭარაული. მზია? მზისგულა ჩანდა. კამერის წინ იდგა და ორი წლის ბავშვივით ჰყვებოდა ლექსს.


არა. ტკივილს. წასულების. ქაოსში წასულების. დაბრუნდითო კი არა. ნეტავ დაბრუნდებოდეთო. ლექსად. მორიდებულად. მისიც შემშურდა. მისი მარტოობის. მისი მომლოდინე თვალების. პირი იქით ვქენი. მთისკენ. ჭინჭარაულზე კიდევ ადამიანი მახსენდება. ჩემი?!

მონატრება წერტილივითაა. ან დასვამ ან არა. წეღან მარჯვნივ გამიხვევია. სამსახური. ზარია. ლექციაზე შევდივარ. იდეების გენერირების მეთოდები უნდა ავხსნა. თავისუფალი წერის მიზანი ემოციებისგან გათავისუფლებაა-მეთქი ვეტყვი. მართლა?

წერტილი მონატრებასავითაა-მეთქი. ამას არ ვეტყვი. დრო. არ არის. არა ხარ. არა ვარ. წერტილი წერტილი წერტილი .



79 views0 comments

Kommentare


bottom of page