მუცელში მთელი პეპლები დამეხოცაო

Updated: Aug 15

რასაც შენ წერ, ისიც არ ვიცი.


რაც თავად გზადაგზა ვიცოდი, ისიც აღარ ვიცი.



გუშინ ჩემი მეგობარი მწერდა, გული სიყვარულისგან მკვდარი მაქვს, მუცელში მთელი პეპლები დამეხოცაო.

ასეთი საუბარი არ ახასიათებს, მეტიც, ცივი და უხეში ჩანს, უგრძნობიც კი, და იწერება პეპლები დამეხოცაო. ამის უსიტყვო ხასიათიდან ამ ფრაზის გაგონებამ დამასევდიანა.


მეც გამახსენდა ჩემი დახოცილი პეპლები. დღეს ვფიქრობდი, იქნებ სიყვარულს ისტორია ქმნის. იქნებ სიყვარულს დრო გამოარკვევს, იქნებ სიყვარულზე ამბავი საუბრობს, რომელიც მოხდა, ან უნდა მომხდარიყო და ვერ მოხდა.

არ მომწონს როცა წყვილი სულ წყვილია, არც ის - ზოგი რომ არასდროსაა წყვილში და არც ყოფილა. ტყუიან. ხომ ვიცით რომ ყველაფერი დროებითია. ვბრაზობ სტაბილურობაზე, თითქოს არაბუნებრივია, ამ ქაოტური და ერთ წამიანი, პარადოქსული ცხოვრებისთვის.


მეტროში, საკუთარ ბედზე დავფიქრდი, ის სიყვარული ან მეგობრობა რაც გამომივლია, ძველ საბერძნეთშიც ხდებოდა, შეიძლება ახალი მოხდეს ადამიანში? რაც ისტორიას არ ახსოვს? თუ ამ დამახსოვრებულმა სიყვარულის ამბავმა უნდა იტრიალოს ყველას ცხოვრებაში, მსგავსად. "დრო კი არ მიდის, ბრუნავსო".


სულ გეუბნებოდი, შენი სული მიყვარს-თქო. იცი როგორია ეს სიყვარული? ყველა სხვა ეიფორია ქრება, ასეთი სიყვარულის გარდა. არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში სამუდამო ადამიანები, ხანდახან ვტოვებთ მათ, რაღაც ძალას მივყავართ საჭირო ცვლილებებისთვის, აუცილებელი გზისთვის, ხვდები, მარტოობაა აუცილებელი,

"და ცა მიმქონდა როგორც რვეული, ჯერ გაურკვეველ ნიშნებით სავსე"

ხანდახან ყველაფერიც მაეჭვებს, მაგრამ სიყვარულს უხდება ტკივილი.


რომ არსებობ, საკმარისია რომ მჯეროდეს, მიყვარდეს,

საკუთარი თავი და ამაში მოგიაზრებდე შენ.

ჩვენ არ ვიცით ვინა ვართ რა ვართ,

მაგრამ ვიცით ერთმანეთისთვის.


#InterYou #Daruma


 

 

Copyright © 2019 Interview