ნაძალადევი ურთიერთობები

***


როცა ცხოვრების და საკუთარი თავის იმ ეტაპს მიაღწევ სადაც ზუსტად იცი რა გსიამოვნებს, რა არის საშენო, რა არა, უსარგებლოდ გეჩვენება ის ხალხმრავლობა, რომელიც შენ არ დაგიგეგმავს, ის ხალხი სადაც ადრე სიამოვნებით გაიქცეოდი ახალი კონტაქტების შესაძენად.


ორი დღის წინ ცხოვრებაში თუ სრული ტრიუმფი გქონდა, რა შეგერგება, გამოჩნდებიან დაბადების დღეზე ადამიანები, ვისთანაც საერთო არაფერი გაქვს და მეორე დღეს პანაშვიდზე წასვლა თანამშრომლებთან ერთად, ვისთანაც ასევე, საერთო არაფერი გაქვს.


კი, ვიყავი პანაშვიდზე და სადაც იყო კურცხალი გადმომიგორდებოდა, რომ გავიფიქრე, ალბათ დანარჩენებს გული ჩაუწყდათ თქო, მე მაინც ახალი ვარ და ისინი შეზრდილები არიან ერთმანეთს. გამოსულს გზაში საუბარი მესმის, თუ რატომ არ ეცვა მგლოვიარეს შავები და რატომ არ იდგა კანდელი. მერე ქუჩებზე და სიშორეზე საუბარი და რავიცი, არც უნდა მოგიკვდეს ალბათ გული. როგორც იქნა ის რამდენიმე ქუჩა გავიარე ზანტად, ერთი სულით რომ მალე გავცლოდი.


გავეცალე, გავიკეთე ყურსასმენები და გავუყევი გზას, თუმცა სევდიანი. ვფიქრობ როგორ ვიყავი გუშინ დაბადების დღეზე, დღეს პანაშვიდზე, წინა დღეებში კი ტრიუმფი მქონდა, გზაზე კი მხვდება სამი მაღაზია გვერდიგვერდ, სილამაზის სალონი, კუბოების მაღაზია და თონე.


სილამაზე, კვება და სიკვდილი.

ან, კვება, სილამაზე და სიკვდილი.

ან, კვება, სილამაზე, კვება და სიკვდილი.


ყველაფერი ერთ წამში ხდება, ერთდროულად, ხასიათის მონაცვლეობას ვერც ვასწრებ. ამ განცდების ფონზე სულ მიკვირს იმ ადამიანების ვისაც საათობით შეუძლია ისაუბროს და იზრუნოს ჩასაცმელზე და კოსმეტიკაზე. (თუ არც ჰობია და არც პროფესია) სხვებზე რას ვამბობ, რაღაც კურსებზე შევედი, ჩემი ჭკუით ბავშვობის ოცნების ახდენას ვუყრი საფუძველს, ვინ იცის იქნებ…


იქნებ ყველაფერი ახდეს.

ახდება კი.

და ამ დროს ჩავუვლი სამ მაღაზიას რომელსაც ჰქვია, კვება, სილამაზე და სიკვდილი.


#InterYou #Daruma

 

 

Copyright © 2019 Interview