რასაც ჩამძახებ, იმას ამოგძახებ

რასაც ჩამძახებ, იმას ამოგძახებ


,, - იცით თუ არა, ბატონო ჩემო, რა არის იმედგაცრუება? ‘’


თომას მანის ,,იმედის გაცრუების’’(Disillusionment) პერსონაჟის ამ შეკითხვას მე ასე ვუპასუხებდი:


- ძიაკაცო, რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, იმედგაცრუების სიმაღლეები არ დამიპყრია!


მერე კი, დაძინებამდე ანუ დაწოლიდან დაძინებამდე, იმ რამდენიმე დოჩანაშვილისეულ წამში, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით, ჩემს თავს თავისსავე თავის იმედგაცრუებულ მზერას მივაპყრობდი და ჰენრი მილერისეული ხმით ვეტყოდი: ჰეი, თინა, არც ფული გაქვს, არც რესურსი და არც იმედები, ჩემი არ იყოს, შენც მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ხარ და მეტი რა გინდა, რა არ გყოფნის, ადამიანო?


ნწ, ვიცოდი, მილერი არ გამომადგებოდა, რადგან, მართალია, ფული არ მაქვს, მაგრამ იმედების ნამცეცები მოიძებნება ჩემ გარშემო და რესურსი კიდევ თავად ვარ, ასე რომ, მაპატიე, ჰენრი, დროებით უნდა გადაგდო.


იქნებ ბეკეტმა იმუშაოს: თინა, სცადე და დამარცხდი. არა უშავს, კიდევ სცადე. კვლავ დამარცხდი. უკეთ დამარცხდი. კიდევ ერთხელ უფრო მეტად დამარცხდი. სანამ საბოლოოდ გამოიფიტები. სანამ გულისრევას იგრძნობ.


იცი რა, სემუელ, შენი მჯეროდა, ღმერთმანი, ძალიან მჯეროდა, მაგრამ მერე იმედგაცრუება შემომეპარა, თავს ვკითხე, ასე როგორ გჯერა კაცის, რომელმაც ამხელა წარმატებას მიაღწია, ფული და სახელი იქით იყოს, რამდენი ადამიანის არსებაში ჩაძვრა, რამდენს შეურყია შიგნეული, რამდენ ადამიანში დაიდო ბინა, მყუდროდ მოკალათდა და არდავიწყების საბანი წაიხურა, ჰოდა, ასეთი კაცი დამარცხებისკენ რომ მოგიწოდებს, რანაირად ენდობი?


ვენდობი და მორჩა, გულისრევამდე ვენდობი! - ვთქვი მე და მივხვდი, სემუელიც არ გამომადგებოდა, ჩემი ღმერთი უნდა გამომეხმო ხორბლის ყანებიდან.

და სანამ ჩემი ღმერთი ყურადღების ღირსად ჩამთვლიდა და გულისა და გონების დახშულ ყურთა გახსნისკენ მომიწოდებდა, ,,მანჰეტენის კეთილმა ღმერთმა’’ არც აცია, არც აცხელა და სასამართლო დარბაზი განაჩენის მოსმენის გარეშე დატოვა, მანამდე კი დაიფიცა, რომ იტყოდა სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა, რომ მთავარი მოწმეც თავად იქნებოდა და ბრალდებულიც. მაგრამ, როგორც გითხარით, მან სასამართლო დარბაზი დატოვა და სანამ ცარიელ დარბაზში ეულად დარჩენილი მოსამართლის დუმილი გადაწყვეტილების არაკეთილსინდისიერობის ეჭვს გააჩენდა, საძინებელში გაბრიელ მარსელმა შემოიხედა, კედელზე პლაკატებივით გაკრულ ჩემს ფიქრებს სინანულიანი მზერა მოავლო და არაძახილისნიშნიანი და არანიშნისმომგებიანი ხმით მომახალა: ღმერთი ადამიანების მარტოობაა.


ეს მაწყობს, ამ სიტყვებშია იმედი და სასოწარკვეთა, წარმატება და მარცხი, რესურსი და ჯიბეგაფხეკილობა, რეალობა და სინამდვილე, აწმყო და მომავალი აწმყო, აქაა ყველაფერი, რაც არსებობას შეგაძულებს და სიცოცხლეს შეგაყვარებს, ჰო, ესაა, რაც მჭირდებოდა, გავიფიქრებ მე და მომდევნო შვიდნახევარი საათი ღმერთს მარტოობაში შევეხიდები.


სიზმრად კი ნათლად დავინახავ, როგორ უყურებს პერსონაჟი ზღვას და მისი უკიდეგანობის შემყურეს როგორ უჩნდება ხსნის იმედი. მერე კი, ჰორიზონტი უზარმაზარ ზღვასაც შემოფარგლავს და პერსონაჟი იკითხავს: რად მინდოდა ჰორიზონტი, როცა ცხოვრებისგან უსასრულობას მოველოდი?

სამყარო კი არ დააყოვნებს და პასუხად მისსავე კითხვას ამოსძახებს, როგორც ქვევრი, რომელშიც ჭეშმარიტება ერთი და იმავე ხვრელიდან შეედინ-გამოედინება.


#ინტერიუ #interyou #tinatini


 

 

Copyright © 2019 Interview