რა წერია სუფთა ქაღალდზე / ბესიკ ხარანაული / ნაწილი II

რა წერია სუფთა ქაღალდზე


V


- რა, ამდენმა ადამიანურმა შენ არ დაგღალა?

მოდი, მოვიხსნათ ბარგი,

ჩემოვსხდეთ,

დეიდაჩემო,

წმინდა არის შენი ჭაღარა,

როგორც ტაძრის თეთრი გუმბათი,

რომლის შეხედვაც

ვნებებს გვიქრობს

და შორს გვახედებს.

- ეს, ჩემი ქმარი რომ გცნობოდა,

განა ასე დამიყვავებდი?!.

მე და ჩემმა გოგომ გავწირეთ.

რადგან გვიშლიდა

ხელს გვიშლიდა

და მოვიშორეთ.


იმ მესამემ

ცული დაჰკრა კეფაში და

ბეჭებს უწვდინა!..


გარეთ ციოდა

დედა-შვილი

ბუხრის პირად ვისხედით და

თავ-ფეხს ვხარშავდით.

ის კი,

თითქოს

ყველაფერი ერთიუცბად დაინახაო,

ისევ ჩვენსკენ მოდიოდა,

გაღიმებული

და რაღაცის მახვეწარი.

რა უნდოდა იმ უბედურს,

ნეტა რას მთხოვდა...



სამმა დავმარხეთ ეზოში და

ქვეყნის თვალის ასახვევად

სამარეზე

თივის ძნა დავდგით.

მთვარიანი ღამე იყო -

ჩვენ ის მთვარის ძირში დავმარხეთ.

ხოლო ჩვენ კი

ცოდვამ უფრო დაგვაკავშირა...



ხვალ არ იქნება დღე,

ხვალ მზის სხივებს ნურავინ ელის,

რადგან ამ ღამით

მოხდა ყველაზე საშინელი რამ,

რაც კი მომხდარა!:


და თითქოს ჯიბრით,

მეორე დღეს მზე ამოვიდა

გამაძღარი და შენივთული,

თითქოს მსხვერპლი დაგვეკლას მისთვის

და ის სისხლი მიმატებოდეს.

ამობრწყინდა სიცოცხლის ბეჭედად

და უმანკოდ აბრჭყიალდა

თივის ბულულზე.


ადამიანურმა არ დაგღალა,

ამოდენამ, ამ უსასრულომ?

უბედურები არა ვართ, განა,

რომ, რასაც მიწა გვთავაზობს ხოლმე,

იმაზე ზეცა თავს გადაიქნევს?!

ჩვენივე თავის ჯვრებზე რომ ვართ გაკრულები,

განა ვერ ამჩნევ?

ჩვენივე სიკვდილს

სტუმრად ვესწრებით.

რამდენჯერ უნდა იწყოს თავიდან,

რამდენჯერ უნდა დაჰკრას კაცმა

მიწამყარს ფეხი,

რომ გაიხსნას და ეჩვენოს რამე,

იმედი რამე,

პასუხი რამე.

ან წუთები უბედურების

მთელს ჩვენს ცხოვრებას

ნათელს რად ჰფენენ?

ან რად მივყავართ სიხარულს იქ,

საიდანაც ვართ წამოსული -

ტკივილისაკენ?

რამდენჯერ უნდა ჩაიქინიოს

ხელის მტევანმა,

თავისით,

თითქოს ჩვენს უნებურად,

თითქოს რაღაცა აზრს ასრულებდეს.

სწორედ იმ ხელის იმ მტევანმა,

ჩვენ რომ გვარჩენდა,

ქალის თავქვეშ რომ ბევრჯერ დებულა

და უბეშიც ჩაცურებულა.

რად ეჯავრება ცხოვრებას ნეტა,

როცა მას კაცი ებღაუჭება,

და, მითუმეტეს, ერთადერთ კბილით!

ან რატომ უნდა ახსენებდე

შენივე ფეხებს,

მტკიცედ იდექით,

თქვენს მიწაზე როცა დგახართო!

ო, დედამიწავ,

შენ ხარ სურვილი,

რომელიც მე

შესრულებით არ წამიბილწავს,

შენ ხარ შუბი,

რომელიც ჩემს მკერდში გაიარს!

მაგრამ ყველაფერს

წამით ხომ მაინც უნდა შეეგუო,

ამ ყველაფრის წინ ხომ უნდა შედგე,

რომ შეიყვარო.

ან რამდენი რამ უნდა იხმო

და შეიზიზღო,

რომ შენი თავის ამარა დარჩე.

ჩვენ

ისე ვცხოვრობთ,

თითქოს ჩვენ არ ვართ,

მოგვიცლია ჩვენი თავისთვის?

დავკვირვებივართ

ჩვენი კანის თუნდაც ერთ უჯრედს?

კოცონივით რომ ანთია ჩაუქრობელად?

მაგრამ ჩვენს მზერას,

რომ ვერ ეღირსა,

რადგანაც ჩვენ

ჩვენი თავისგან ვართ განდევნილი,

დროით განსაზღვრულნი,

უმეცარნი,

ყბადაღებულნი,

”ჰაა” -ს მკითხველნი

ქვევრის პირივით.

ჩვენ

ერთმანეთის პირებიდან წაგლეჯილი

ჩვენი თავი ვართ

და სიცოცხლეც ჩვენი ისე ადრე თავდება,

როგორც ტუჩზე მიყუდებული

ნაკლული ბოთლი,

როცა ასეთი ენერგია გაქვს კაცს ყლაპვისა

და წყალს კი არა , ჰაერს ისრუტავ.


ნაყარზე დგას ჩვენი აზრი

და არა კლდეზე!

ვინ,

ვინ დაწვება თავის ლოგინში

დღის მტვრის გარეშე?

ვინ არ შემკრთალა,

სხვისი სიკვდილით

წამიერი აღტყინება რომ განუცდია?

ვის დააბრალოს საცოდავმა?

თავის უღონო არსებობას?

თუ ვინც დაჰბადა,

იმას უნდა ჩაუმტვრიოს

ფანჯრის მინები!

განა ჩვენ ის ვართ,

რასაც ვხედვთ,

ან რასაც სხვები მისჩერებიან?

მხოლოდ სიკვდილია ის კამარა,

რომლითაც ჩვენ

ჩვენს თავს შევიპყრობთ!


შიშია ჩვენი გულის მადანი.


VI


დავჯექ წყლის პირას

და დავიწყე ჩუმად ტირილი

და ჩავაყოლე

თვალი ჩემს მუხლებს

და გავხედე

ზურგსუკან ჩემს კვალს

და ვთქვი:

- განმშორდი!

ჩემი ცრემლები

იგულისხმება როგორც მდინარე.

სადაც შენი კვალი გაქრება.

წინგამხედავმა თრთოლვით ვიგრძენი,

თუ როგორ ნაზად

ჩამომაწყვეს მხრებზე ხელები

და რა სიფრთხილით

დაალაგეს ძუძუები

ჩემს დაღლილ ზურგზე…

და მომეჩვენა,

თითქოს ღმერთს ვსურდი,

რადგან ის მგზავრი,

ჩემნაირად რომ უცხოვრია,

ასე უეცრად

ასეთ სიტკბოს ღირსი არ არის.

- დაბრმავდი-თქო- ვუბრძანე ჩემს თავს,

რადგან არ მწამდა ჩემი თვალების

და აღარც იმის დაჯერება მინდოდა უკვე,

რომ კვლავ მოვტყუვდი.

წამოვდექი თვალდახუჭული

და ხმის კანკალით ვუთხარი სტუმარს:

- გამიყვანე მდინარე-მეთქი.

მან

მომწმინდა თვალზე ცრემლი,

მოსწყვიტა იგი მდინარის ბოლოს

და ჩუმად მითხრა:

გაახილე, შვილო თვალი,

დედა ვარ შენი!



ხა… ხა… ხახახა…

- გარეთ კი არა,

სამყაროში,

ვარსკვლავების შესაწუხებლად,

უსიამოვნოდ რომ შეეკრას

ზეცას წარბები,

ჩემს გვამში,

ჩემს სულში,

ჩემს საკუთარ კოსმოსში ჩავიხარხარე…


ო, თქვენ დაწნულო ვარსკვლავებო,

ჩემი ტყუპის ცალი სად არის?

- ის წაიყვანა შავგრემანმა,

შავ მიწაში

ჩაუძღვა კიბით.


ჩემი სული

შეურაცხყოფის,

გულის მოოხების

და მკვდარი თაგვების

გადმოყრის არე.

მინდორი,

სადაც

ყველას შეუძლია ბარვა და ჩიჩქნა

და მკვდრის დამარხვა.


და მე ვიხილე

ჩემი სული,

როგორც ველი

ნახირგაცლილი,

ორ ზეგანს შორის

რომ დარჩება შუაღამისას

და ქარი გაჰგვის

უკანსკნელ

იმის სურვილებს.

”ჩემი პატრონი

ქალაქს წავიდა

და იქედან დაბრუნდება

გამდიდრებული

და შემომავლებს

ღობეს ოთხკუთხივ,

დასახლდება,

მიწას ფეხს დაჰკრავს

და გადახედავს

მომიჯნავეებს.”



და იტყვის ღმერთი: