“ყვავილთა შორის - ალუბალი, ადამიანთა შორის-სამურაი”

სამურაები და სამხედრო ხელოვნება;

აღჭურვილობა; ბუშიდო; სეპუკუ ანუ ჰარა-კირი


X საუკუნიდან იაპონიაში პოლიტიკურმა დაქუცმაცებამ ადგილობრივი ფეოდალების გაძლიერება გამოიწვია, ამ პროცესმა გამოიწვია სამურაის კასტის წარმოშობა.


სამურაი - იაპონური სიტყვაა, მომდინარეობს ზმნა საბურაუ-დან და მსახურებას, ვინმეს სამსახურში ყოფნას ნიშნავს.

სამურაები პროფესიონალი მეომრები იყვნენ და მათი ერთადერთი საქმიანობა სამხედრო საქმე იყო, რაც დროთა განმავლობაში ხელოვნების დონემდე ავიდა.


სამურაის აღჭურვილობა; საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია



სამურაის საბრძოლო აღჭურვილობა


აბჯარი, მუზარადი, ხმალი, მშვილდისარი და საბრძოლო ნიღაბი. სრული აღჭურვილობის ტარების უფლება მხოლოდ მაღალი რანგის მეომრებს შეეძლოთ და ყოველ კლანს საკუთარი ფერი და გერბი ჰქონდა. აღჭურვილობის ყველაზე დეკორატიული ნაწილი, რა თქმა უნდა, მუზარადი იყო. მისი ფორმები სხვადასხვაგვარია - ხან მთის, ხან დემონის, ხან კი დრაკონის თავის გამოსახულებით. საბრძოლო ნიღაბი ტყავისგან ან რკინისგან მზადდებოდა, მასაც სხვადასხვა გამოსახულება ჰქონდა, მაგ. გრძელცხვირიანი დემონის და ქალისაც კი.


აღჭურვილობის მთავარი საბრძოლო ატრიბუტი, წმინდა ნივთი, ხმალი იყო, იგი სამურაის სულის სიმბოლოდ ითვლებოდა. მხოლოდ სამურაის შეეძლო ეტარებინა კატანა - გრძელი ხმალი (95-120 სმ.) და ვაკიძაში - მოკლე ხმალი (50-80 სმ.). სამურაი თითქმის არასოდეს, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, შორდებოდა თავის ორ ხმალს, მაგალითად, თუ ჩაის სახლში მიდიოდა, სადაც კატანას შეტანა აკრძალული იყო, იქ მხოლოდ მოკლე ხმალით შეიძლებოდა შესვლა, სწორედ ამიტომ მას სამურაის ღირსების მცველს ეძახდნენ.


სამურაები გარგნულად ადვილად გაომირჩეოდნენ საზოგადოების სხვა ფენისგან, მათ განსაკუთრებული ვარცხნილობა - საკაიაკი ჰქონდათ. თავის ზემოთა ნაწილი იპარსებოდა და გვერდებზე დარჩენილი თმა კეფაზე იკვრებოდა. ყოველდღიურად ისინი მუქი ფერის კიმონოს ქამარს და მოსასხამს ატარებდნენ. კიმონოზე გამოსახული იყო საგვარეულო გერბი, საზეიმო დღეებში ზემოდან უსახელო მოსასხამს ჰაირო ჰაკამას იცვამდნენ.



ბუშიდო (მეომრის გზა)


სამურაების ფენის წარმოშობისთანავე ჩამოყალიბდა მათი განსაკუთრებული მსოფლმხედველობა, მას ბუშიდო (მეომრის გზა) ეწოდებოდა, ეს იყო სამურაების ქცევის, ნორმებისა და პრინციპების კრებული, მათი მორალური კოდექსი. ის შედის თერთმეტტომეულ წიგნში - ჰაგაკურე (ფოთოლთა ჩრდილქვეშ).


ბუშიდოს ძირითადი პრინციპები იყო: გამბედაობა, საქმისადმი ერთგულება, ჰუმანურობა, თავშეკავება, თვითკონტროლი, ანგარებისა და ფულის სიძულვილი. ამ ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, სამურაის უმაღლესი შეფასება იყო მის საფლავზე გაკეთებული წარწერა:

მას არასოდეს დაუჩაგრავს სუსტი და არასოდეს დაუხევია უკან ძლიერის წინაშე.

ბუშიდო მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმოსავლურ რელიგიებთან, მათგან სესხულობდა ფილოსოფიურ და ეთიკურ დოქტრინებს, ხშირად ერწყმოდა კიდეც მათ. მაგალითად, ბუდიზმმა ბუშიდოში ბედისწერის გარდაუვალობის რწმენა შეიტანა, მანვე ჩაუნერგა ადამიანებს სიმტკიცე და საშიშროების და უბედურების წინაშე, ცხოვრებისადმი მშვიდი, ხოლო სიკვდილისადმი გულგრილი დამოკიდებულება. შინტოიზმმა კი მას ბატონისადმი ერთგულება და წინაპრებისადმი პატივისცემა შეჰმატა. ბუშიდოზე აგრეთვე დიდი გავლენა მოახდინა კონფუციონიზმმა, რომელმაც შეიტანა მასში ადამიანთა მორჩილებაზე დამყარებული ურთიერთობის ხუთი დოგმა: უფროსი-უმცროსი; ბატონი-მსახური; მამა-შვილი; ქმარი-ცოლი; მეგობარი-თანასწორუფლებიანი.


სამურაის აღჭურვილობა;

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია




სეპუკუ ანუ ჰარა-კირი


სამურაის მთავარი მოვალეობა, როგორც უკვე ცნობილია, ბატონის თავგანწირვით მსახურებაში იყო. ქცევის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, სამურაის თავი უნდა მოეკლა. ამ რიტუალს სეპპუკუ ანუ ჰარა-კირი (მუცლის გაფატვრა) ეწოდებოდა. სამურაი მას მიმართავდა მაშინ, თუ მისი ღირსება შეილახებოდა, უღირს საქციელს ჩაიდენდა, ტყვედ ჩავარდებოდა, ან მისი პატრონი მოკვდებოდა.


ჰარა-კირი მხოლოდ სამურაის პრეროგატივა იყო და ეს ხაზს უსვამდა მის მტკიცე ნებისყოფას. იაპონიაში მუცელი ემოციური არსებობის ფიზიკურ და სულიერ ცენტრად ითვლებოდა, ამიტომ მისი გაკვეთა ადამიანის საბოლოო და სრულ სიკვდილს ნიშნავდა. ბუშიდოს მიხედვით, სეპუკუ (ჰარა-კირი) არის უდიდესი თავის მართლება ცისა და ადამიანის წინაშე.


ეს რიტუალი საზეიმო ვითარებაში, მუსიკალური საკრავების თანხლებით სრულდებოდა, სამურაი წინასწარ განიბანებოდა და მეგობრებს ეპატიჟებოდა ამ რიტუალზე დასასწრებად. ზოგჯერ მოკლე ლექსებსაც თხზავდა, სადაც თავის სულიერ მდგომარეობას აღწერდა და ცხოვრებას ემშვიდობებოდა. თეთრ აბრეშუმის ნაჭერზე (ან ბალიშზე) მუხლებზე მდგომი სამურაი მახვილით (კო-გა-ტანა) იჭრიდა მუცელს მარცხნიდან მარჯვნისაკენ, ჰოროზონტალურად და შემდეგ, თუ შეძლებდა ვერტიკალურად, რათა რკინისებური ნებისყოფა და სიკვდილის ძლიერი სურვილი ეჩვენებინა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ჭრილობები სიკვდილს არ გამოიწვევდა და სამურაი საშნლად იტანჯებოდა, მისი საუკეთესო მეგობარი ხმლის ერთი მოქნევით მოჰკვეთდა ხოლმე თავს.


ძენ-ბუდიზმი, რომელსაც სამურაების ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, იაპონიაში ჩინეთიდან XII საუკუნის ბოლოს გავრცელდა და თავისი აყვავების ზენიტს XIV-XV საუკუნეებში მიაღწია. იაპონელთ აზრით, ძენი, ბუდიზმის ჭეშმარიტად იაპონური სახესხვაობაა. ძენის მოძღვრების თანახმად, ჭეშმარიტების წვდომის ძირითადი საშუალება მედიტაციაა.


#ინტერესსე #სამურაი #ბუშიდო

სტატია მოამზადა სოფო სუდაძემ

 

 

Copyright © 2019 Interview