ყვითელი ფოთლები წამსვლელებს ჰგვანან

სევდისფრად ყვითელი


თბილისში შემოდგომაა.

უნივერსიტეტიდან მიმავალ მე და ჩემს მეგობრებს ყვითელი ფოთლები გვაცილებენ. მელიქიშვილის გამზირი არ ეპუება მექანიზაციის ,,შედევრებს“ და შემოდგომის უკანასკნელ მოჰიკანებს ასფალტგადაფარებული წიაღიდან სიცოცხლის ფასად კვებავს, სიცოცხლის, რომელსაც ჭადრის უკანასკნელი ფოთოლი სუიციდით დაასრულებს დეკემბრის პირველს.


მივდივართ და გული გვწყდება, თუმცა, მაინც მივდივართ, კვლავ წასვლის იმედით...

ყვითელი ფოთლები კი ,,სიჩუმეს ჰგავს“

სიყვარულსაც

მონატრებასაც

სევდასაც...

ყვითელი ფოთლები წამსვლელებს ჰგვანან.

შემოდგომაა და ჩემი მეგობარი სამშობლოში მიდის(ფიქრებით), სამშობლოში, რომელსაც ,,ბავშვობა“ ჰქვია და რომელიც სოფელ ნუკრიანში დატოვა, სამიოდე წლის წინ. უკვე რუსთაველზე ვართ და ჩემი ნუკრისთვალება მეგობარი ქუჩის კარს(კახურად, ანუ ჭიშკარს) აღებს, სკოლის ჩანთას იხსნის და ნაყოფით დახუნძლულ კეხურას საქანელასაკენ მიემართება.. მას ვაშლის რთველი ენატრება, იმ ვაშლისა ძალიან ტკბილი გემო და წითელი გვერდები რომ ჰქონდა, იმ ვაშლისა სკოლის მეგობრები რომ სთხოვდნენ წამოგვიღეო და ქუჩის ბავშვები პირს იტკბარუნებდნენ.. მისი კენწეროდან დედას ვაშლით სავსე ,,ვედროებს“ რომ აწვდიდა, ენატრება.. და სტკივა ოთახი, რომელიც მისი კეხურას ბებერმა სხეულმა გაათბო და რომელშიც პროტესტის ნიშნად დღემდე არ შედის( პროტესტი დროის მიმართ, რომელმაც მისი ხე გაახმო და იმის, ვინაც ბებერ და უძლურ ხეზე ცული აღმართა).

ჩემს მეგობარს თავისი ,,ხაზარულა“ ენატრება, თავისი ბავშვობით მთვრალი ხაზარულა, რომელსაც უკანასკნელი ფოთოლი მისი თბილისში, სასწავლებლად წამოსვლის დღეს ჩამოუვარდა...

ჩემს მეგობარს ნამდვილი რთველიც ენატრება, მზეჩასული მტევნების მისტიური სისავსე  და მამის უმუშევრობას შეწირული მისი ბავშვობადალეული ვენახი, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება, მისთვის გაყიდული ვენახით იწყება ,,იყიდება საქართველო“.

თბილისში შემოდგომაა.

სოფლებში ჩვენი ბავშვობის მერე დაზამთრდა.

მეტროში ჩავდივართ. ჩემი მეგობარი ქუჩის კარს კეტავს და თბილისში ,,ბრუნდება“ სასწავლებლად, მის არსებაში ბებერი კეხურას ცეცხლმოკიდებული სხეული იწვის.. მატარებელში შევედით. მას კიდევ ბევრი რამ ენატრება, მაგრამ ჩვენ აღარ გვესმის მისი...ყველას, ჩვენ, ჩვენი ,,ხაზარულა“ გვენატრება.

თბილისში შემოდგომაა.

ყვითელი ფოთლები მიდიან.

ჩვენ დამრჩენებს ვგავართ?!


#InterYou #TinaTini


 

 

Copyright © 2019 Interview