ცხოვრება არის ჩვეულებრივი ∣ ინტერვიუს წევრები

"გრიგალს თავს რომ დააღწევ,

ისევ ის აღარ იქნები.

აი, რა არის ქარიშხლის აზრი." ჰ. მურაკამი.


რა არის ეს ცხოვრება?


კარანტინი რომ დამთავრდა პირველად ვაკის პარკში გავისეირნე, ერთ მოხუცს შევხვდი, დიდი და სავსე ცხოვრება გამოუვლია, ყველაფერიც მიიღო ცხოვრებისგან და ყველაფერიც დაუკარგავს, ისეთი დანაკარგიც - როგორიც შვილის სიკვდილია.

ვკითხე:

- რა არის ეს ცხოვრება?

- ცხოვრება არის ჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი.


გამიკვირდა, ვიფიქრე თვალებს მაღლა აწევდა ცისკენ და ღრმად ჩაფიქრებული სევდიანად მიპასუხებდა განსხვავებულს და ღრმას.

- სასწაულები და დიდი მოულოდნელობები რომ ხდება ხოლმე?

- მერე რა, ესაა ზუსტად ნორმალური რომ ხდება. შენ როცა იცი რომ ეს ნორმალურია და ეს ცხოვრებაა, აღარ გიკვირს, არ უნდა გიკვირდეს, ესაა ზუსტად ნორმალური რომ ხდება. ცხოვრება არის ძალიან ჩვეულებრივი. თუ ამას მიიღებ იცოცხლებ დიდხანს და იქნები ძლიერი.


დამაფიქრა და მას მერე მომინდა ყველა ვინც მკითხავდა რა არის ეს ცხოვრება, მეპასუხა, რომ ცხოვრება არის ჩვეულებრივი.


ინტერვიუს წევრებში დავსვი ეს შეკითხვა და ვთხოვე დაესრულებინათ წინადადება - "ცხოვრება არის..." იხილეთ პასუხები.



Catherine Mac - ცხოვრება არის ერთადერთი სექსუალური აქტი, რომელიც სიკვდილამდე გრძელდება.


Maiko Pirtskhalava - წელიწადის 4 დროსავითაა, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა შეგრძნებები. გამოცდილება მხოლოდ ერთი რჩება ბოლომდე უცვლელი - ცხოვრების სურვილი...


Salome Kotorashvili - ცხოვრება არის "აჯაფსანდალი".


Natia Tabeshadze - ღრმა ჩასუნთქვა (სურვილები, ქმედებები, მიღწევები, სიხარული, ტკივილი, ზრდა, სიყვარული) და ამოსუნთქვა (მოგონებები)


Nana Chigladze - ცხოვრება არის საინტერესო.


Irma Gvaramadze - ცხოვრება არის მოგზაურობა!


Makuna Stepanishvili - შანსი, შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ.


Sofi Kotorashvili - ცხოვრება არის მშვენიერი.


Katy Khurtsilava - ცხოვრება არის ჭურჭლის რეცხვა.


Anuki Shubitidze - ცხოვრება არის ლაბირინთი.


Mariam Zurabiani - პონჩიკი, რომელიც ზოგჯერ სახლში გამომცხვარივით გემრიელი და კრემიანია, ზოგჯერ კი ნაყიდივით უკრემო.


ლიკა ღიბრაძე - ცხოვრება არის კაი ცხოვრება.


სოფო ხარებავა - "დრო", რომელიც ყველაზე სწრაფად გადის...

ძალიან მალე გავა ისე, რომ ვერც კი გავაცნობიერებ, ამიტომ მის გასვლამდე მინდა ვიცხოვრო.


მარიამ ქიტიაშვილი - ცხოვრება არის.. ყავა დილა-საღამოს.


Sophi Kortiashvili - მოულოდნელობებით სავსე მოგზაურობა.


Lana Cecxladze - ჯერ არ (ვერ )შემდგარი მარადისობა


George Papashvili - განსხვავებული შეგრძნებების ამოუწურავი ბორბალი.


Kakha Gordadzẻ - თამაში. ერთი დიდი და საინტერესო თამაში.


გრიგოლი უგლავა - მე მინდასა და მე უნდას მუდმივი ჭიდილი.


Shotiko Kokauri - პრობლემები.


Andrew Fann - ფრანც კაფკას "გოდოლი".


Guka Gulbani - ბეწვის ხიდია, რომელსაც დასასრული არ გააჩნია.

(გუკამ იდეები არ დაიშურა)

ცხოვრება იავნანას მოსმენას ჰგავს, სანამ შენ გძინავს, სხვები მღერიან. ცხოვრება ორსულ ქალს ჰგავს, როდის რას დაგატეხს თავს ვერ გაიგებ.

ცხოვრება ნაყინია, შეჭამე სანამ ჩამოდნა.


#interesse #ინტერესსე #ინტერვიუსწევრები


 

 

Copyright © 2019 Interview