top of page

წყვილის ინტერვიუს აღწერა და ჩანახატი თინათინისგან

ფილოლოგმა და ლექტორმა თინათინ ბედუკაძემ ინტერვიუს ბარათებს მორიგი ტექსტი მიუძღვნა. თავიდან პირველ დასტაზე ისაუბრა, როგორც სასწავლო რესურსზე და ახსნა მისი მნიშვნელობა და გამოყენების მეთოდები/ვარიანტები, რითაც ბევრი ადამიანი დააინტერესა. დიდი მადლიერება მას ჩვენგან ბარათების პოპულარიზაციისთვის, რასაც თავისი კეთილი ნებით აკეთებს და ამბობს, რომ ეს ბარათები მართლაც ღირებული რესურსია. ამჯერად ტექსტი ეხება ინტერვიუს ბარათების მეორე დასტას, რომელიც ახლახან გამოვიდა. ეს ბარათები წყვილებისთვისაა, თუმცა ყველას შეუძლია თამაში, რადგან მთლიანად ეხება ურთიერთობების თემატიკას. ორივე დასტა თვითშემეცნებისთვისა და შინაგანი მოგზაურობისთვისაა.


თინათინი გვწერს:


ახლა კი გაგაცნობთ თინათინის ჩანახატს და ინტერვიუს ბარათების აღწერას.




სივრცის წერილი


ძვირფასო ადამიანებო,

ლაღებო და სევდიანებო,

წერილის წერა „ტკბილი ნოემბრის“ განწყობით დავიწყე, თუმცა კი სექტემბერია, ნესტისფერმოძალებული დღეებითა და ალაგ-ალაგ მზისფერი ჭრილობებით. განწყობას ცხელი ყავის სუნი, თხილიანი შოკოლადის გემო და ადამიანების მონატრების არომატი აქვს.

ადამიანები...

ფიქრობთ ხოლმე ადამიანებზე? თქვენს მთავარ ადამიანზე? თქვენი ცხოვრების პროტაგონისტსა და ანტაგონისტზე? იმაზე, ორივე მათგანი თქვენ რომ აღმოჩნდებით ხოლმე? მეორეხარისხოვან პერსონაჟებზე? მათი მეორეხარისხოვნების მიზეზებზე? ჩამოლაბორანტებულებზე? ჩამოლაბორანტების მიზეზებზე? ეს ფიქრი გადარდიანებთ? რიტორიკულ კითხვებს სვამთ თუ პასუხებსაც ელით? საერთოდ, რას, ვისგან და რატომ ელით? მოლოდინი გამაღლებთ თუ განარცხებთ? კემსავთ ურთიერთობებს? ნაკემსი ადგილები არ გეხამუშებათ? გაურკვევლობებს თაროზე აწყობთ თუ ყლაპავთ? წყლით თუ მშრალად? ყელში არ გეჩხირებათ? გულზე არ გადგებათ?

ადამიანებმა...

ურთიერთობებს რაზე აგებ? სათქმელის დამახსოვრება გიწევს ხოლმე? სიმართლეს რად უნდა დამახსოვრება? ცრუობ? გულწრფელი ხარ? ისინი არიან? გულწრფელობა ადვილი დასაღეჭია თუ კბილს გატკივებს? შენობით რომ მოგმართე, გეხამუშა?

ადამიანებს...

იცნობ? ვისი ცნობაა საჭირო? და სა-ჭირო?

ადამიანების...

განმარტება: სივრცე – სამგანზომილებიანი უსაზღვრო არე, რომელშიც მდებარეობენ სხეულები და მოვლენები, რომლებსაც აქვთ ერთმანეთის მიმართ გარკვეული მდებარეობა.

სხეულები და მოვლენებიო. ერთმანეთის მიმართ გარკვეული მდებარეობაო. რა გაიფიქრე?

თითქოს განგვმარტეს, არა?

ვხვდები, რომ კითხვები არ სრულდება, „ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს“...

ადამიანებით...

„ინტერვიუმ“ ახალი ბარათები გამოუშვა, წყვილისთვის. ბარათებს დაისის ჰორიზონტის ფერი აქვს, როცა კითხვები გადავათვალიერე, მივხვდი, ეს ინტროსპექციის ფერია. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანს, უცხოს, რომელიც პოტენციური ჩემიანია, საკუთარ თავზე დაკვირვების გზით ვეცნობი. მიხვდით, ხომ? ჩვენში, უსასრულო სივრცეებში, გაფანტული კითხვები „ინტერვიუმ“ მოაგროვა და სამაგიდო თამაშად გვიქცია, თამაშის მიზნად კი ერთმანეთის გაცნობა დაგვისახა, ოღონდ inter view-ს, ჩვენს შინაგან ხედებზე, აისებსა და დაისებზე, დაკვირვების გზით. ამ იდეას ვეტრფი.

ბარათები წყვილისთვისააო, ჰოდა, ავდექი და ჩემს მთავარ მეწყვილეს, საკუთარ თავს, ვეთამაშე. უცნაურია. ამ კითხვებზე პასუხების უმრავლესობა არასდროს გამისიტყვებია, უხმოდაც კი. ზოგიერთ მათგანზე არც კი მიფიქრია, ზოგი კი უბრალოდ ავირიდე.

ადამიანებად...

„ტკბილი ნოემბრის“ განწყობა ტყუილად რომ არ მიხსენებია, მიხვდი?

შემოდგომის პირზე ამ სიმღერას შევხვდი და ავიკვიატე. როცა ინტერვიუს ბარათებმა ჩემამდე მოაღწია, მივხვდი, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი და დავაწყვილე. ახლა ხმოვანი ინტერვიუს ბარათები მაქვს. გიზიარებთ, ცადეთ.

ადამიანებო...


შემოდგომითა და იმედით,

თინათინი



P.S. გაბედე და გაენდე გულწრფელობას.



ავტორი: თინათინ ბედუკაძე





138 views0 comments

Comments


bottom of page