top of page

ხუთი ღამე ❘ ათას ერთი ღამიდან

"არ შეგაძრწუნოს შენ ღამეთა უკუღმართობამ,

უბედურებას ყოველივეს ბოლო აქვს თვისი."

***

"მე გამახსენდა თქვენს მახლობლად დღენი შეხვედრის

და ჩემი გული ტრფობის ცეცხლმა ააბრიალა.


ვფიცავ მაღალ ღმერთს, ჩემი ნებით არ გაგეყარეთ,

მაგრამ რას იზამ, ბედისწერა საოცარია."



***

"ჰოი ღამეო, სნეულისთვის გადიხარ მდოვრედ,

უჩივის იგი სიყვარულს და ვეღარ დათმენას.


მე არ მეგონა თუ ვიყავი შეყვარებული,

ო არ ვიცოდი, ვიდრე ასე არ დავიტანჯე.


შევძახე ღამეს და სიბნელე იდგა ისეთი,

ვით მღელვარე ზღვა, ბობოქარი, აზვირთებული,


"ჰოი, ღამეო, მიჯნურისთვის გადიხარ მდოვრედ

მას ხომ არა ჰყავს შემწე, გარდა განთიადისა".


ღამემ მომიგო, "ნუ უჩივი ჩემს შეყოვნებას,

რადგან სიყვარულს დამცირება მოჰყვება კვალად".



***

"უთხარი შენს აჩრდილს, რომ ჩამოშორდეს

სარეცელს ჩემსას, ჩემთან ნუ წვება,


რომ მოვისვენო და დამინელდეს

ცეცხლი, რომელიც აროდეს ცხრება.


სნეულს ხელები სიყვარულისა

ატრიალებენ და ფერფლი რჩება,


მაგრამ შენს ტრფობას არ აქვს სიმტკიცე,

როგორც ჩემს ტანჯვას არა აქვს შვება."


მე მაქვს დაჭრილი, სნეული გული,

ვინ გადამიცვლის იმას საღ გულზე?


უარი მითხრა ამქვეყნად ყველამ

განა იპოვი სნეულის მუშტარს?


ვკვნესი ტრფობისგან ნეკნებაღვსილი

როგორც ის, ვისაც გადასცდა წყალი."



***

"ო ნაჯდის ქარო, ნაჯდიდან რომ ამოვარდები,

სევდას სევდაზე მომიმატებს შენი დაქროლა.


ბრწყინვალე დილით გაისმოდა მტრედის ღუღუნი

ტირიფისა და დაფნის შტოთა დაბურულ ტევრში.


ჰგოდებდა მტრედი, როგორც ჩვილი, სიყვარულისგან

და ისეთ გრძნობებს ამჟღავნებდა, რომ არ ვუწყოდი.


ამბობენ, სატრფო მოგბეზრდება, თუ ახლო არი.

ამბობენ, ჰკურნავს ვნებისაგან მიჯნურს სიშორე.


ყოველი ვცადეთ და ამაოდ, არარამ გვარგო.

მაინც სჯობს სახლის სიახლოვე სახლის სიშორეს.


მაგრამ რას გარგებს სიახლოვე მისი სადგომის,

ვისთვისაც სულს ლევ, თუ სატრფოსაც არ ეყვარები.



"ათას ერთი ღამე"

არაბულიდან თარგმნა:

ნანა ფურცელაძემ





63 views0 comments

Comments


bottom of page