ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - თავისუფლების შესახებ

და თქვა მჭევრმეტყველმა: გვესაუბრე თავისუფლებაზე.


და მიუგო მან:


ქალაქის კარიბჭესთანაც და თქვენს კერიასთანაც მინახავხართ, პირმიწაგაერთებულნი თაყვანს რომ სცემდით თქვენსავე თავისუფლებას, მონები სწორედ ასე არიან ქედდადრეკილნი და განადიდებენ ტირანს, თუმცა იგი ხოცავს მათ. დიახ, ტაძრის წმინდა კორომშიც და ციხე-დარბაზის ჩრდილშიც მხიბლავს, თქვენ შორის ყველაზე თავისუფალთაც კი უღლად და ხელბორკილად რომ ჰქონდათ თავისუფლება. გული მომეწურა. თქვენ მხოლოდ მაშინ იქნებით თავისუფალნი, როცა თვით სურვილი თავისუფლების მოპოვებისა აღვირს ამოგდებთ, როცა შეწყვეტთ საუბარს თავისუფლებაზე, როგორც მისაღწევსა ან მიღწეულზე.


ჭეშმარიტად თავისუფალი მაშინ კი არ იქნებით, როცა თქვენს დღეებს მოაკლდება საზრუნავი, თქვენს ღამეებს კი დარდი და გასაჭირი არამედ, როცა ეს ყველაფერი თავს დაგატყდებათ, მაგრამ თქვენ, გაშიშვლებულნი და ბორკილთაგან თავდახსნილი, ამაღლდებით ყოველივე ამაზე. და როგორ ამაღლდებით თვენს დღეებსა და ღამეებზე, ვიდრე არ დაამსხვრევთ იმ ჯაჭვებს, რომლებთანაც თქვენი ცნობიერების გარიჟრაჟზევე.


თვითონვე დაბორკეთ თვენ სიცოცხლის შუა დღის ჟამი? სინამდვილეში, რასაც თქვენ თავისფლებას არქმევთ, ყველაზე მაგარი ჯაჭვია, თუმც მისი რგოლები მზეზე ბზინავენ და თვალსაც გჭრიან. და რას უნდა შეელიოთ თავისუფლების მისაღწევად, თუ არა ნაწილს თქვენივე საკუთარი არსის? თუ ეს უსამართლო კანონია და სიამოვნებით გააუქმებდით, იცოდეთ, რომ ეს კანონი თქვენი საკუთარი ხელითაა გამოსახული თვენსავე შუბლზე. მას ვერ ამოშანთავთ კანონთა წიგნების დაწვით, მას ვერც თქვენი მოსამართლეების შუბლიდან გადარეცხავთ, მთელი ზღვაც რომ ზედ მიუქივლოთ. და თუ ეს კანონი არის ტირანი, რომლის დამხობასაც ისურვებდით, ჯერ დაფიქრდით, დანგრეული თუა თქვენს არსებაში აღმართული ტახტი ტირანისა. რამეთუ ტირანი როგორ იბატონებს თავისუფალთა და ამაყთა ზედა, თავად მათსავე თავისუფლებაში რომ არ იყოს ტირანია და მათ სიამაყეში რომ არ ერიოს დამცირება?


და თუ ეს საზრუნავია, რომლისგანაც თავის დაღწევას ინდომებდით, იგი თქვენი არჩეულია და თავზე არავის მოუხვევია თქვენთვის. და თუ ეს შიშია, რომლის დაძლევასაც ინდომებთ, იგი თქვენს გულშია ჩაბუდებული და არა თქვენი დამთრგუნველის ხელში.


ჭეშმარიტად, თქვენს არსებაში ყველაფერი იძვრის, ერთმანეთში გადახლართული სასურველი და საშინელი, სანუკვარი და საზიზღარი, ყველაფერი, რისკენაც მიილტვით და რისგანაც თავის დაღწევას ლამობთ. ეს ყოველივე ირევა თქვენში, როგორც შუქი და ჩრდილი, ერთმანეთთან წყვილად შეტმასნილი. და როცა ჩრდილი იცრიცება და მკრთალდება, მაშინ შუქი იკლებს, ბჟუტავს და სხვა ნათლისჩრდილად იქცევა. და ასევეა თქვენი თავისუფლებაც: როცა თავისუფლება იცილებს ბორკილებს, თვით იქცევა უფრო დიადი თავისუფლების ბორკილად.


#ინტერესსე


 

 

Copyright © 2019 Interview