და მერმე სწავლულმა თქვა: "გვითხარი მეტყველების შესახებ"
და მიუგო მან და უთხრა:
თქვენ მეტყველებთ, როცა ვეღარ შეეწყობით თქვენს ფიქრებს. და, როცა ვეღარ ბინადრობთ თქვენი გულის სიმარტოვეში, მაშინ მიაკითხავთ ბაგეებს. ბგერა - ესაა სალაღობო რამ და თავის შესაქცევი. თქვენი წარმოთქმული აზრი ლამის მკვდარია. რამეთუ აზრი სივრცეში გაჭრილი ჩიტია. სიტყვა გალიაში დამწყვდეულმა აზრმა ფრთები რომც გაშალოს, გაფრენას მაინც ვერ შეძლებს.
თქვენ შორის ზოგნი ენამრავლობენ სიმარტოვის შიშით. მარტოობაში, მდუმარებაში, მათ თვალწინ უშიშვლდებათ მათივე არსი და ეგენი საკუთარ თავს გაურბიან. არიან ისეთნიც, რომელნიც ლაპარაკობენ და უნებურად განაცხადებენ ჭეშმარიტებას, თუმცა იგი თავადაც არ ესმით.
არიან ისეთნიც, რომელთაც თავის არსებაში აქვთ სიმართლე, მაგრამ სიტყვაში ვერ ჩაუტევიათ. ასეთ ადამიანთა მკერდში, რიტმულ მდუმარებაში, მკვიდრობს სული. მეგობარს თუ შეხვდებით ქუჩის კიდეში ან ბაზრის მოედანზე, დაე, თქვენმა სულმა შეძრას თქვენი ბაგეები და წარმართოს ენა თქვენი.
დაე, ხმიანობამ თქვენი ხმისამ ამცნოს სმენას მისი ყურისას. რამეთუ მისი სული ჩაიტოვებს სიწრფელეს თქვენი გულისას სწორედ ისე, აი, ღვინო რომ თავს დაგვამახსოვრებს ხოლმე გემოთი, როცა მისი ფერიც დავიწყებული გვაქვს და აღარც დოქი გვიდგას წინ.
Comments