ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - საკუთარი თავის შეცნობაზე

და თქვა ვიღაც კაცმა: გვესაუბრე საკუთარი თავის შეცნობაზე.


და მან უპასუხა და უთხრა:


თქვენი გულები უთქმელად გრძნობენ იდუმალებას დღეებისას და ღამეებისას. ხოლო თქვენს ყურებს სურთ მოისმინონ თქვენსავე გულებში დაუნჯებული ცოდნის ხმიანობა. გინდათ, სიტყვით გამოხატული იცოდეთ ის, რაც ყოველვის იცოდით გუმანით. გინდათ, თითებით შეეხოთ შიშველ სხეულს თქვენი ოცნებებისას.


კარგია, ეს რომ გწადიათ. მიმალული წყაროსთვალი თქვენი სულისა უნდა ამოჩუხჩუხდეს და ბუტბუტი გაიჩქაროს ზღვისკენ; თქვენთან თვალთვალთათვის სახილველი გახდება განძი თქვენთა უსასრულო სიღრმეთა. ოღონდ სასწორის პინაზე შეგდება არ გმართებთ ამ თქვენი შეუცნობელი განძისა; ნურც თვენი ცოდნის სიღრმის გაზომვას შეეცდებით არგნითა და ლატნით. რამეთუ თქვენი არსი ზღვაა, უნაპირო და უკიდეგანო.


ნუ იტყვით: "მე შევიცანი ჭეშმარიტება" ჯობს თქვათ: "სიმართლეს მივაგენი". ნუ იტყვით: "მე ვიპოვე გზა სულისა", ჯობს თქვათ: "ჩემს გზაზე მოარული სული შემომხვდა". რამეთუ სული დაიარება ყველა გზასა და ბილიკზე. სული ერთ სწორ ხაზზე არ იარება და არც ლერწამივითაა აშოლტილი. სული იფურჩქნება ლოტოსივით, რომელსაც უამრავი ფურცელი აქვს.


#ინტერესსე


 

 

Copyright © 2019 Interview