მაშინ წამოიმართა ქვის მთლელი და თქვა:
გვესაუბრე სახლების შესახებ.
და მიუგო მან და უთხრა:
ვიდრე ქალაქის გალავნის შიგნით ააგებდეთ სახლს, თქვენს წარმოსახვაში უკაცრიელ ადგილას აღმართეთ სავანე. რამეთუ შეღამებულზე, როცა შინ ბრუნდებით, თქვენს არსებაში სწორედ ასევე ბრუნდება მოხეტიალე მწირი, მარად შორეული და მარტომყოფი. თქვენი სახლი თქვენივე სხეულია, ოღონდ ბევრად დიდი. მას ზმანებებიც აქვს. განა არ ხედავს სიზმრებს თქვენი სახლი? და განა ზმანებებში არ გაეცლება ქალაქს, არ მიაშურებს ტყეჭალებს ან მწვერვალებს მთისას? თქვენი სახლების მუჭში მოგროვება რომ შემძლებოდა, მე მათ მთესველივით მიმოვფანტავდი ტყეებსა და ველებზე. მინდვრები რომ თქვენი ქუჩები ყოფილიყო, აბალახებული ბილიკები კი თქვენი ხეივნები, მაშინ ერთმანეთს მიაკვლევდით ზვრებში და მიწის სურნელი აუვიდოდა თქვენს სამოსს. მაგრამ ამას აღსრულება არ უწერია. შიშით დაზაფრულმა თქვენმა მამა-პაპამ ერთად მოგიყარათ თავი. და ეგ შიში ერთხანს კიდევ გასტანს. ქალაქის გალავანი ერთხანს კიდევ დააშორიშორებს თქვენს კერიებსა და თქვენს ხოდაბუნებას.
მითხარით, ორფალესის მკვიდრნო, რა გაქვთ მაგ თქვენს სახლებში დაუნჯებული? თუ გაქვთ სიმშვიდე, უშფოთველი სწრაფვა, რაც თქვენს ძლიერებას მოასწავებს? თუ გაქვთ მოგონებები, ეს მოციმციმე ცისარტყელები, აზრის მწვერვალებს რომ აკავშირებენ ერთმანეთთან? თუ გაქვთ მშვენიერება, რომელიც ხისა და ქვისგან ნაკეთები ნივთებიდან გაუძღვება გულს წმინდა მთისკენ? მითხარით, თუ გაქვთ ეს ყველაფერი თქვენს სახლებში? ეგებ მხოლოდ კეთილდღეობა გაქვთ, ეს შემპარავი რამ, ჯერ მორცხვი სტუმარივით რომ შემოიძურწება სახლში, მერმე მასპინძლად რომ გაგიხდებათ, ბოლოს კი ბატონ-პატრონად. ხო, კეთილდღეობა თქვენი მომთვინიერებელი ხდება და თავისი მარწუხებითა და შოლტებით, სათამაშო ტიკინებად გარდასახავს თქვენს დიად სურვილებს. კეთილდღეობას აბრეშუმივით რბილი ხელები აქვს, გული კი ქვისა. იგი გინანავებთ, რათა მიაძინოს თქვენი სული, თვითონ კი სასთუმალთან აგეტუზოთ და მასხრად აიგდოს ღირსება თქვენი სხეულისა. იგი დასცინის თქვენს გონივრულ აზრებს და მათ ბაბუაწვერას ბუსუსებით ფარავს, თითქოს სათუთად ფუთავდეს უნატიფეს ლარნაკს. კეთილდღეობის წადილი ჭეშმარიტად კლავს სწრაფვას სულისას და მერმე თვითონ ქილიკით მიუყვება მის სამგლოვიარო პროცესიას.
თქვენ კი, სივრცეთა შვილებო, სიმშვიდის ჟამსაც მშფოთვარენო, თქვენ ვერც მახეში გაგაბამენ, ვერც მოგათვინიერებენ. თქვენი სახლი ღუზა კი არა, ანძა უნდა იყოს. თქვენი სახლი ჭრილობაზე პირმოსაკრავად წასაფარებელი თხელი აპკი კი არა, ქუთუთო უნდა იყოს, თვალის დამზოგავი. ფრთების დაკეცვა არ უნდა დაგჭირდეთ, რომ კარში გაეტიოთ; თავის დადრეკა არ უნდა მოგიხდეთ, რომ ჭერს არ აარტყათ; სუნთქვის შეკავება არ უნდა მოგიწიოთ, რომ კედლები არ დაიბზაროს და არ ჩამოიშალოს. თქვენ არ უნდა იცხოვროთ მკვდრების მიერ ცოცხალთათვის გათხრილ სამარეში. უდიდებულესი და უბრწყინვალესი რომც იყოს თქვენი სახლი, მაინც ვერ დაიტევს თქვენს საიდუმლოს, ვერ მოიცავს თქვენს მისწრაფებებს. რამეთუ ის, რაც ზღვარდაუდებელია თქვენს არსებაში, სუფევს ზეციურ სრა-სასახლეში, რომლის კარიბჭეა დილის ნისლი, რომლის სარკმლებია ჰანგი ღამეული და სიჩუმე ღამისა".
Comments