top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - სიხარულისა და სევდის შესახებ

მერმე თქვა ქალმა:


გვითხარი რამე სიხარულსა და სევდის შესახებ.


და მიუგო მან:


თქვენი სიხარული ნიღაბჩამოხსნილი თქვენივე სევდაა. და სწორედ ის წყარო, რომლიდანაც თქვენი სიცილი ამოირხევა, ბევრჯერ შეტბორებულა თქვენივე ცრემლით. აბა, სხვაგვარად როგორ იქნებოდა? რაც უფრო ღრმად შემოიღვრება სევდა თქვენს არსებობაში, მით უფრო მეტ სიხარულს დაიტევთ. ღვინით სავსე ეგ თქვენი ფიალა ჯერ მეთუნის ქურაში არ გამოიწვა? ჩანგი, რომლის ხმიანობა სულს გიამებთ, დანით არ გამოითალა ხისგან? სიხარული რომ აგიტანთ, ღრმად გაიხედეთ გულში და მიხვდებით: რაც სევდას გგვრიდათ, იმანვე გაგახარათ. სევდა რომ შემოგაწვებათ, კვლავ ჩაიხედეთ გულში და ნახავთ: ტირით იმისთვის, რაც სიხარულს განიჭებდათ.


ზოგი თქვენგანი ამბობს: "სიხარული სევდაზე ძლიერია". სხვანი ამბობენ: "არა, სევდაა უფრო ძლიერი. ხოლო მე გეტყვით: ისინი გაუთიშველნი არიან.


ერთად მოდიან და ერთი როცა თქვენს სუფრასთან ილხენს, მეორეს სძინავს თქვენს სარეცელზე. თქვენ ჭეშმარიტად სასწორის პინებივით ირწევით სევდასა და სიხარულს შორის. როცა დაცლილნი ხართ, მაშინ ხართ მშვიდნი და გაწონასწორებულნი. საგანძურის გამრიგე როცა აგზიდავთ თავისი ოქრო-ვერცხლის ასაწონად, მაშინ უეჭველად ან აიწევა, ან დაიწევა თქვენი სიხარული და თქვენი სევდა-ნაღველი.



15 views0 comments

Comentarios


bottom of page