time-to-read.short-label

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - სიყვარულზე

მაშინ უთხრა ალმითრამ:

„გვესაუბრე სიყვარულზე“.

და მან ასწია თავი და მზერა მიაპყრო კუნძულის მკვიდრთ. სიჩუმემ დაისადგურა. და თქვა მან ხმამაღლა: „როცა სიყვარული გიხმობთ, _ მიჰყევით. თუმცა მისი გზები ძნელია და კლდოვანი. და, როცა მისი ფრთები შემოგეჭდობათ, _მიენდეთ. თუმცა ბუმბულში ჩამალულმა მახვილმა ეგებ დაგჭრათ კიდეც. და, როცა სიყვარული გელაპარაკებათ, _ ირწმუნეთ მისი. სიყვარულის ხმამ ეგებ ოცნებებიც დაგიმსხვრიოთ, სწორედ ისე, ზენაქარი რომ მიწასთან გაასწორებს ხოლმე ბაღნარს.

სიყვარული გვირგვინსაც დაგადგამთ და ჯვარსაც გაცვამთ, კიდეც გაგზრდით და კიდეც გაგსხლავთ. იგი ააღწევს თქვენს სიმაღლემდე და მიუალერსებს მზეზე მთრთოლვარე თქვენს ლოთქო ყლორტებს. იგი ჩააღწევს მიწაში ჩაზრდილ თქვენს ფესვებამდე და შეძრავს მათ. სიყვარული თავთუხის ძნასაცით შეგკრავთ და შემოგიმტკიცებთ. გაგლეწავთ, რათა გაგაშიშვლოთ;

გაგცეხვავთ, რათა ბზე გამოგარიდოთ; გაგამტკცავთ, რათა გამოგათეთროთ. და მერმე მიგანდობთ თავის წმნიდა ცეცხლს, რათა სეფისკვერად იქცეთ საუფლო დღესასწაულისთვის.

ყოველივე ამას დაგაწევთ სიყვარული, რაღა შეიცნოთ თქვენი გულის იდუმალება და ამ ცოდნით გახდეთ ნაწილი სიცოცხლის გულისა.

მაგრამ, თუ შეშინდით და სიყვარულში ეძიეთ ოდენ სიმშვიდე და სიამე, მაშინ გიჯობთ, დააფაროთ თქვენი სიშიშვლე და გაერიდოთ სიყვარულის კალოს. გიჯობთ, გააღწიოთ იქით, სადაც არ არის ჟამთა სვლა; სადაც გაიცინებთ, მაგრამ გულიანად, _ ვერა; სადაც იტირებთ, მაგრამ გულამოსკვნით _ ვერა. სიყვარული არაფერს გაიღებს და არც არაფერს მიიღებს, თავისი თავის გარდა. სიყვარული არცა რას ფლობს და ვერც მას ფლობს რაიმე. რამეთუ სიყვარულისთვის კმა არს სიყვარული.

თუ გიყვართ, ნუ იტყვით: „ღმერთია ჩემს გულში“, უმჯობესია, თქვათ: „მე ვარ ღვთის გულში“. ნუ იფიქრებთ, რომ შეგიძლიათ წარმართოთ გზანი სიყვარულისანი. სიყვარული თუ ღირსად მიგიჩნევთ, თავად წარმართავს თქვენს გზებს. სიყვარულს არა აქვს რაიმე სხვა სურვილი, გარდა თვით სიყვარულის სრულქმნისა.

თუ გიყვართ, მაგრამ ვერ შელევიხართ სურვილებს, მაშინ ეცადეთ, რომ გსურდეთ: გალღვეთ და ემსგავსოთ მორაკრაკე ნაკადულს, თავის ჰანგს რომ უგალობს რამეს; შეიცნოთ უსაშველო სინაზით მოგვრილი ტკივილი; ჭრილობა მოგაყენოთ სიყვარულის თქვენეულმა უნარმა; სისხლი დაათხიოთ თქვენი სურვილით და ამან სიხარული მოგგვაროთ;

ფრთაშესხმულმა გაიღვიძოთ გამთენიისას და მადლიერი იყოთ სიყვარულის კიდევ ერთი დღისთვის;

შეისვენოთ შუადღისას და სიყვარულის აღმაფრენაზე იფიქრეთ;

მწუხრის ჟამს შინ დაბრუნდეთ მადლიერი;

და მერმე ჩაიძინოთ გულში თქვენს სატრფოზე ლოცვით და ბაგეზე - დიდების საგალობლით.“

#interesee

    330
    0