ინტერვიუს ბარათები — რესურსი თვითშემეცნებისა და ზეპირმეტყველებისთვის

4 წლის წინ ონლაინსივრცეში გვერდი გამოჩნდა, რომელსაც აინტერესებდა ადამიანები ადამიანებში, უცნობები და ნაცნობები, წარმატებულები და წარუმატებლები, ლაბორანტები და ჩამოლაბორანტებულები კი არა, უბრალოდ ადამიანები, ჩვეულებრივი არაჩვეულებრიობა ამ სამყაროში. და იკვლევდნენ. დღემდე იკვლევენ ადამიანებს, რადგან ღრმად სწამთ, რომ „ყველა ადამიანი თითო მზე და თითო პასუხია ამ სამყაროში. ინტერვიუს აქვს უნიკალური ფორმატი ეძიოს ეს მზე და პასუხები, რომელსაც თითოეული სული თავისი ცხოვრების მანძილზე აგროვებს. ინტერვიუ ცდილობს ინდივიდუალურმა ცოდნამ და გამოცდილებამ უკვალოდ არ ჩაიაროს და უამრავმა ადამიანმა გაიზიაროს. ინტერ ვიუ (შინაგანი ხედი) იქცევა ინტერ არტად და იკითხება როგორც ნოველები.“ დამეთანხმებით, „ინტერვიუს“ ხედვა ძალიან ჰგავს იმ მასწავლებლის ხედვას, რომელიც თავის მოსწავლეებს მიკროკოსმოსებად აღიქვამს და რომელიც ცდილობს, რომ ამ მსგავსმა და თან ძალიან ინდივიდუალურმა სამყაროებმა თავიანთი თავები აღმოაჩინონ, გაიაზრონ, განავითარონ და სწავლა და თვითშემეცნება ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და იმ წიგნის კითხვის ძირითად იარაღად აღიქვან, ადამიანი რომ ჰქვია.


ასეთი მასწავლებლებისთვის „ინტერვიუმ“ შესანიშნავი პროდუქტი — ინტერვიუს ბარათები შექმნა. მართალია, მის აღწერილობაში ვერ ამოიკითხავთ, რომ ის სასწავლო რესურსია, თუმცა, მოგეხსენებათ, მასწავლებლების ჯადოსნური ძალის შესახებ, რომლითაც ნებისმიერი ნივთის/ფაქტის/მოვლენის სასწავლო რესურსად ქცევაა შესაძლებელი.


პროფესიული კოლეჯის იმ სტუდენტებთან შესახვედრად ვემზადებოდი, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დაიწყეს სწავლა და მთელი წლის განმავლობაში ონლაინრეჟიმში ვხვდებოდით ერთმანეთს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ თან ვიცნობდით ერთმანეთს და თან – არა. ამ ნაცნობ უცნობ ჯგუფთან შეხვედრა და მათი კარგად გაცნობის სტრატეგია თავსატეხად რომ მექცა, სწორედ მაშინ, ინტერვიუს ფეისბუქგვერდზე ფერად ბარათებს მოვკარი თვალი და მათი რესურსად ქცევის იდეაც მყისვე გაჩნდა.


ტომარაში ორმოცდათორმეტი ბარათია, ბარათებზე ცხოვრებისეულ–ფილოსოფიური შეკითხვები წერია. კითხვებზე პასუხი, ვერ ვიტყვით, რომ ადვილია, მათთვისაც კი, ვინც მუდმივად უბრუნდება საკუთარ თავს და კითხვების მარათონში ამყოფებს მას, მით უმეტეს რთულია მოზარდებისთვის, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლებიან (განვითარება გარდაუვლად გულისხმობს/მოითხოვს ცვლილებას, განსაკუთრებით შუა და გვიანი მოზარდობის პერიოდში), და კიდევ უფრო რთულია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ დაფიქრებულა მსგავს საკითხებზე. ამიტომ, ვფიქრობ, ბარათების გამოყენება ეფექტური საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან და სტუდენტებთანაა და არა უფრო ქვედა საფეხურის.

გიზიარებთ ინტერვიუს ბარათების გამოყენების რამდენიმე იდეას:

  1. ექსპრომტული გამოსვლა

გადავწყვიტე, ქცევის წესებზე შეთანხმებისას, ერთ პუნქტად „ექსპრომტული გამოსვლა“ ჩამესვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ გაკვეთილზე/ლექციაზე/შეხვედრაზე ერთი მოსწავლე/სტუდენტი ვალდებულია აუდიტორიის წინ გამოვიდეს, ბარათებიდან ერთ-ერთი ამოარჩიოს, კითხვა წაიკითხოს და უპასუხოს. გარდა იმისა, რომ ამგვარ კითხვებზე პასუხი მარტივი არაა, ამას მოუმზადებლობის – ექსპრომტის სირთულეც ემატება, თუმცა ეს აქტივობას სახალისოსაც ხდის. ქცევის წესად განსაზღვრული ვალდებულება მალე სასურველ აქტივობად გადაიქცა და თუ პირველ ჯერზე „დამსჯელ“ მექანიზმად ვიყენებდი, სულ მალე ჯილდოდ იქცა, რადგან ადამიანებს რამდენადაც უჭირთ თავიანთ თავზე ლაპარაკი, იმდენადვე სიამოვნებთ ეს პროცესი. ამ აქტივობის სიკეთეები შემდეგია:

  • გვეხმარება მოსწავლეების გაცნობა-შესწავლაში, რაც ერთობ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თითოეულ მოსწავლეზე მეტნაკლებად მორგებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა-წარმართვა შევძლოთ;

  • თავად მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთს, პოულობენ საერთო ინტერესებს, აქამდე უცნობ დეტალებს აღმოაჩენენ;

  • მოსწავლე სწავლობს თვითჩაღრმავებას, საკუთარ თვისებებზე, ფიქრებზე, ქმედებებზე, სურვილებზე დაფიქრებას, თვითშეცნობას;

  • მოსწავლე ეჩვევა ზეპირ გამოსვლას, უცებ ნაფიქრის ისე დალაგებასა და გაჟღერებას, რომ სხვათათვის გასაგები იყოს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტუდენტს დიდხანს ფიქრის დრო არ აქვს და მცირე დროში რაც შეიძლება მიმზიდველად უნდა წარმოაჩინოს თავისი თავი;

  • მოსწავლე ეჩვევა სწრაფ აზროვნებას (აქტივობის სპეციფიკიდან გამომდინარე);

  • შეკითხვას უპასუხებს ერთი მოსწავლე, თუმცა პასუხების მისეულ ვერსიაზე ფიქრობს ყველა მოსწავლე

  1. მოჰყევი შენი თავი

სურვილისა და კლასის საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებელს შეუძლია წერით მეტყველებაზე იმუშაოს. ამგვარად, ერთი წინადადებიდან დაწყებული, რვეულის მთელი გვერდის შევსებით გაგრძელებული პროგრესის დანახვა გაცილებით თვალსაჩინო იქნება. პროცესი რომ სახალისო და საინტერესო იყოს მოსწავლეებისთვის, შესაძლებელია, ბლოგის წარმოება, სადაც პერიოდულად განთავსდება ინტერვიუს ამა თუ იმ კითხვაზე გაცემული პასუხების ვარიანტები, შესაძლოა ანონიმურად, ეს ინტერესსა და ინტრიგას გააჩენს მოსწავლეებში, საჭირო უნარები კი უფრო სახალისოდ და შეუმჩნევლად განვითარდება. ამგვარი ბლოგის კითხვა საინტერესო იქნება რიგითი მკითხველისთვისაც. წერითი ნამუშევრების ციკლი შესაძლოა რამდენიმეთვიანი ან თუნდაც ერთწლიანი იყოს. ამ აქტივობის სახელის ჩემეული ვარიანტია „მოჰყევი შენი თავი“, რადგან ინტერვიუს ბარათებზე წარმოდგენილი კითხვები უფრო ამბად და ამბით მოიყოლება, ვიდრე მშრალი შაბლონური პასუხებით.

გარდა ზემოჩამოთვლილი აქტივობებისა, ინტერვიუს ბარათების გამოყენება შეგიძლიათ:

  • კოლეგების უკეთ გასაცნობად, თანამშრომლობითი გარემოს ფორმირების ხელშეწყობისთვის;

  • ოჯახური საღამოების მოსაწყობად;

  • მეგობრების უკეთ გასაცნობად;

  • თვითჩაღრმავებისთვის; საკუთარი სურვილების, მიზნების, ოცნებების გახსენებისთვის. იქნებ, თქვენი თავის აღმოჩენისა და მასთან დამეგობრებისთვისაც კი.

სტატიის ავტორი: თინათინ ბედუკაძე

225 views0 comments