top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - ლოცვის შესახებ

მერმე თქვა ქურუმმა ქალმა: ლოცვაზეც გვითხარი.


და მიუგო მან და უთხრა:


თქვენ ილოცავთ განსაცდელსა და გასაჭირის ჟმს. ნეტა ისურვებდეთ ლოცვას მაშინაც, როცა ჟამი გიდგათ სიხარულისა და სიუხვისა.


რამეთუ რა არის ლოცვა? ეს ხომ თქვენი განვრცობა და გაღწევაა ცოცხალ ეთერში?


და, რაკი ნუგეშს გრძნობთ, როცა მწუხრი თქვენი გულისა იღვრება სივრცეში, შვებას მოგგვრით თქვენი გულის განთიადის სივრცეში გამოსხივებაც. თქვენი სული თუ მხოლოდ მაშინ გთხოვთ ლოცვას, როცა გეტირებათ, მტირალს იგი კვლავ და კვლავ განგაწყობთ სალოცავად, ვიდრე ბოლოს სიხარულით არ გაგეღიმებათ. როცა ლოცულობთ, მაღლდებით, რათა ეთერში შეხვდეთ იმათ, ვინც სწორედ ამ დროს ლოცულობს. და მათ შეხვდებით მხოლოდ ლოცვისას. ამდენად, უხილავ ტაძარში თქვენს სტუმრობას, დაე, მოჰყვეს ოდენ ნეტარება და საამური ერთობა. რამთუ ტაძარში თუ შეხვალთ თავის დასამდაბლებლად, ვერ ამაღლდებით. ტაძარში თუ შეხვალთ სხვათათვის სიკეთის სათხოვრად, არც მაშინ შეისმინება თქვენი თხოვნა.


საკმარისია ისიც, რომ თქვენ ეწვიეთ უხილავ ტაძარს. მე ვერ გასწავლით, სიტყვებით როგორ ამოთქვათ ლოცვა. უფალი ღმერთი ჩვენს სიტყვებს მხოლოდ მაშინ ისმენს, თუ მათ თავად წარმოთქვამს ჩვენი ბაგეებით. მე ვერ გასწავლით ლოცვებს ზღვებისას, ტყე-ჭალებისას, მთებისას. მხოლოდ თქვენ, რომელნიც თავად ხართ ნაშობნი მთებისა, ტყეებისა, ზღვებისა, შეძლებთ მათი ლოცვა-ვედრების მიგნებას თქვენსავე გულებში. და, თუ მოუსმენთ სიჩუმეს ღამისას, გაიგონებთ, რომ მთები, ზღვები, ტყე-ჭალები ამბობენ: "უფალო ღმერთო ჩვენო, რომელიც ხარ ფრთაშესხმული ჩვენი არსი, შენი ნებაა ჩვენს არსებაში და იგი წარმართავს ჩვენს ნებას; შენი სურვილია ჩვენს არსებაში და იგი წარმართავს ჩვენს სურვილებს; შენი ზრახვაა ჩვენს არსებაში და იგი წარმართავს ჩვენს ღამეებს, რომლებიც შენია, და ცვლის მათ დღეებად, რომლებიც აგრეთვე შენია. ჩვენ ვერაფერს გთხოვთ, რამეთუ წინასწარ იცი საჭიროებანი ჩვენნი. სწორედ შენ გვჭირდები. და, რასაც გვიბოძებ, შენი არსიდან გვიბოძებ. და შენ გვიბოძებ ყოველივეს.



13 views0 comments

Comments


bottom of page