top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - ყიდვა-გაყიდვაზე

და უთხრა ვაჭარმა:


გვესაუბრე ყიდვა-გაყიდვაზე.


და მიუგო მან და თქვა:


ნიადაგი თავის ნაყოფს გთავაზობთ და არ დაიმშევით, თუ გეცოდინებათ, მიწის ხვავით როგორ აივსოთ პეშვი. მიწისგან ბოძებულს გაცვლით და მოიპოვებთ შეძლებას, კმაყოფილებას. აღებმიცემობას თუ სიყვარული, სიკეთე და სამართლიანობა არ ახლავს, ზოგს სიხარბემდე მიიყვანს, ზოგს შიმშილამდე.


თქვენ, მებადურნო, მხვნელ-მთესველნო, მევენახენო! ბაზრის მოედანზე როცა შეხვდებით ფეიქართ, მეთუნეთ, მენელსაცხებლეთ, მაშინ მოუხმეთ მიწის დიად სულს, რათა ჩადგეს თქვენ შორის, გიკურთხოთ სასწორის პინები და დაგილოცოთ ანგარიში, რაღა ფასი ფასს შეეწონოს.


თქვენს გარიგებებში ნუ გაიკარებთ ხელცარიელთ, რომელნიც თქვენი ნაშრომ-ნაჯაფის საფასურს ცარიელი სიტყვებითა და დაპირებებით იხდიან. ასეთ ადამიანებს უნდა უთხრათ: "გამოგვყევით მინდვრებში, ან გაჰყევით ჩვენს ძმებს ზღვაში და მოისროლეთ ბადე. მიწა და ზღვა თქვენთვისაც ისევე იქნება გულუხვი, როგორც ჩვენთვისაა.


და, თუ ბაზრობაზე მოვლენ მგალობელნი, მროკველნი, მესტვირენი, მათი შემოძლეულიც შეიძინეთ. ისინიც მოიწევენ ჭირნახულს და აგროვებენ საკმეველს. და, რასაც ისინი გთავაზობენ, მართალია, ოცნებებისგან არის შეთხზული, მაგრამ სამოსელი და საზრდოა თქვენი სულისთვის.


ვიდრე ბაზარს დატოვებდეთ, დააკვირდით, შინ ხომ არავინ გაბრუნდა ხელცარიელი. რამეთუ მიწის დიადი სული ქარში მშვიდად ვერ მოისვენებს, ვიდრე არ დაკმაყოფილდება უკანასკნელი თქვენგანიც კი.



14 views0 comments

コメント


bottom of page