ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - შრომა-გარჯის შესახებ

მერმე მხვნელმა თქვა: "გვესაუბრე შრომა-გარჯის შესახებ".


და მან უპასუხა და უთხრა:


თქვენ შრომობთ, რათა შეეწყოთ მიწას და შეეთვისოთ სულს მიწისას. რამეთუ უქნარობა გაგაუცხოებთ წელიწადის დროთაგან და გაგრიყავთ სიცოცხლის მდინარებისაგან, რომელიც მარადისობისკენ მიემართება უდრტვინველად, დიადად, ღირსებით.


როცა შრომობთ, თქვენ ხართ ნესტვი, რომელშიც ჰანგან გარდაიქმნება ჟამთასვლის ჩქამი. რომელი თქვენგანი ინებებს უტყვ და უსმინარ ლერწმად დარჩენას, როცა ირგვლივ ყველაფერი შეხმატკბილებულად გალობს?!


მუდამ გეუბნებოდნენ, რომ ჯაფა ღვთის რისხვაა, რომ შრომა უბედურებაა. ხოლო მე გეტყვით თქვენ: როცა შრომობთ, თქვენ ხორცს ასხამთ მიწის ოდინდელ ოცნებას, თქვენთვის გამიზნულს თვით ოცნების დასაბამითვე. შრომაში ჩართულთ ნამვილად გიყვართ სიცოცხლე. ჯაფითა და გარჯით სიცოცხლის შეყვარება ესაა სიცოცხლის წმინდათაწმინდა იდუმალებაში შეღწევა. ხოლო თუ თქვენ იტანჯებით, გაჩენის დღეს წყევლით და სხეულზე ზრუნვას მიიჩნევთ ღვთის რისხვად, თქვენს შუბლზე დაღად აღბეჭდილად, მაშინ გეტყვით: მხოლოდ ოფლის პირისა თქვენისა წარეცხავს იმას, რაც შუბლზე გაჩნიათ დაღად.


გითხრეს აგრეთვე, რომ სიცოცხლე სიბნელეა. დაიქანცებით და იმასვე იმეორებთ, რასაც ამბობდნენ სხვა დამაშვრალნი. ხოლო მე გეტყვით თქვენ: მისწრაფების გარეშე სიცოცხლე ნამდვილად სიბნელეა. და ყოველგვარი სწრაფვა ბრმაა ცოდნის გარეშე. და ყოველგვარი ცოდნა ამაოა შრომის გარეშე. და ყოველგვარი შრომა ფუჭია სიყვარულის გარეშე. და, როცა სიყვარულით შრომობთ, უახლოვდებით საკუთარ თავს, უახლოვდებით ერთმანეთს და ღმერთს.


რა არის სიყვარულით შრომა? ესაა სამოსი ქსოვოთ თქვენი გულიდან ამოხლართული ძაფით, თითქოს თქვენი სატრფოს შესამოსელი იყოს. ესაა სახლი აშენოთ საგულდაგულოდ, თითოს თქვენი სატრფოს სამკვიდრებელი იყოს. ესაა თესლი მუყაითად თესოთ და ჭირნახული ხალისით მოიწიოთ, თითქოს თქვენი სატრფოს სარჩო იყოს. ესაა ყოველგვარ თქვენს ნახელავში ჩატოვოთ სუნთქვა თქვენი სულისა. და თან იცოდეთ, რომ ნეტარი მიცვალებულები გარს შემოგჯარვიან და შემოგცქერიან.


ბევრჯერ მსმენია თქვენი ნათქვამი, თითქოს ძილში ბუტბუტებდით: "იგი, ვინც მარმარილოს აქანდაკებს და სკაუთარი სულის ხატებას პოულობს ქვაში, კეთილშობილებით აღემატება მიწის მხვნელს. და იგი, ვინც ცისარტყელას მოხელთებას ლამობს, რაღა ტილოზე გადაიტანოს და ადამიანს მიამსგავსოს, აღემატება მას, ვინც ხამლს კერავს ჩვენთა ფეხთათვის". ხოლო მე გეტყვით თქვენ: მხოლოდ ძილში კი არა, შუადღისას, დიდი სიფხიზლის ჟამსაც, ქარი ისევე ტკბილად ეჩურჩულება ბალახის პაწია წბილას, როგორც ტანმაღალ მუხას. მხოლოდ იგია დიადი, ვინც ქარის ხმიანობას საამურ ჰანგად გარდაქმნის და თავისი სიყვარულით ატკბობს.


შრომა თვალით სახილველი სიყვარულია. სიყვარულით შრომა თუ არ ძალგიძთ, ზიზღით თუ შრომობთ, ჯობს თავი ანებოთ ჯაფას, დასხდეთ ტაძრის კარიბჭესთან და მოწყალება ითხოვოთ იმათგან, ვინც ხალისით შრომობს. რამეთუ უგულოდ თუ აცხობთ, მწარე იქნება თქვენი პური და შიმშილს ვერ დაუოკებს ადამიანს. დაბოღმილი თუ წურავთ ყურძენს, ეგ თქვენი ბოღმა შხამად ჩაიწრიტება ღვინოში. ანგელოზივით რომც გალობდეთ, სიმღერა თუ არ გიყვართ, ყურს დაუხშობთ ადამიანებს, ვეღარ გაიგონებენ ხმებს დღისას და ხმებს ღამისას..


#ინტერესსე


 

 

Copyright © 2019 Interview