top of page

16 რჩეული რობაი ❘ ომარ ხაიამი

ომარ ხაიამი - სპარსელი მათემატიკოსი, ასტრონომი, ფილოსოფოსი და პოეტი


როგორც მათემატიკოსი, ყველაზე თვალსაჩინოა კუბური განტოლების კლასიფიკაციის და გადაწყვეტის საქმეში, მან უზრუნველყო გეომეტრიული გადაწყვეტილებები კონუსის კვეთაზე. ხაიამმა, ასევე ხელი შეუწყო პარალელური აქსიომის გაგებას. როგორც ასტრონომმა, მან შეიმუშავა ჯალალის კალენდარი, მზის კალენდარი და კალენდარული რეფორმით შემოიღო უნიკალური 33-წლიანი ინტერკალაციის ციკლი



'***

ეცადე არვის ესროლო

ღვარძლის ლოდი და გუნდა,

გული საკუთარ ნაღველში

ამოგეგუდოს თუნდა.

მუდამ ეცადე, სიხარბე

რომ დაიოკო შენი.

უნდა ჯვარს ეცვა, მაგრამ სხვას

ვნება აშორო უნდა!


***

განა მიტომ ვსვამ, რომ ვიგემო

სიტკბო და შვება,

ან დავივიწყო ჩემი რჯული,

დარდი და ვნება?

- არა! მე მინდა წუთით მაინც

ჩემს თავს მოვშორდე,

თავდავიწყება მენატრება,

თავდავიწყება!


***

ბევრი ცოდნა შევიძინე,

ბევრი ვტეხე ღამე,

ბევრი სიბრძნე შევიცანი,

ძლიერ ბევრი და მე

მოვიპოვე ამის გამო

იმოდენა ცოდნა,

რომ მივუხვდი - ქვეყანაზე

არ მცოდნია რამე.


***

მიწის გულიდან ცის თაღამდე

როგორც მისანი,

ქვეყნის შეცნობას შევდგომოდი,

მქონდა მიზანი.

მე შევიცანი საიდუმლო

ცისა და ქვეყნის,

მაგრამ სიკვდილის საიდუმლო

ვერ შევიცანი.


***

საქმეს ვაებით ვერას შველის

ჭირის მნახველი,

ვინც ჯაფას გასწევს, გონიერის

მას აქვს სახელი.

იცხოვრე ლაღად, გულს ნურასდროს

ნუ შეიჭირვებ.

ოხვრა-წუწუნით არ მცირდება

დიდი ნაღველი.


***

გზა გამიმრუდდა და ცხოვრება

ჩემი ბნელია,

სიმშვიდე გაჰქრა,

კაეშანში ყოფნა ძნელია,

დიდება უფალს, რადგან ქვეყნად

ნაღველი მაინც

სახვეწი არ მაქვს

და ადვილად საშოვნელია.


***

მათ, ვითომ სოფლის რომ შეიცნეს

ავი და კარგი,

ცოდნის ჩირაღდნით გაგვიშუქეს

ყოველი დარგი,

ვერა და ვერა, ვერ მიაგნეს

ჭეშმარიტებას,

ზღაპრები ბუქეს და იმ ქვეყნის

წაიღეს ბარგი.


***

ქვეყანა ნახე და რაც ნახე

- არაფერია,

რაც თქვი, რაც გულში ჩაიმარხე

- არაფერია,

გინდ დამწყვდეულმა ივაგლახე

- არაფერია,

თუ გინდ ქვეყანა გადალახე

- არაფერია.


***

ვიდრე ინაღვლო,

მართალ გზაზე შესდექ თუ არა,

შენი ცხოვრება

გამოიღებს შედეგს თუ არა,

ღვინით აღავსე ეს ფიალა,

რადგან არ იცი,

ამოისუნთქებ ამ ჩასუნთქვის შემდეგ

თუ არა.


***

მარადისობას ვერ შევიცნობთ

მძიმე წიგნებით,

ვერ გავიხარებთ ამოუხსნელ

გზათა მიგნებით,

ჩვენ მარტოოდენ ფარდის მიღმა

ვმსჯელობთ და ვდაობთ

და ოდეს ფარდა აიხსნება,

აღარ ვიქნებით.


***

ნუ ნანობ ცოდვებს,

არას გარგებს უიმედობა,

ტყუილუბრალოდ ცრემლების ღვრას

ნურვინ ენდობა,

ვინც არრა სცოდა,

რაღად უნდა შენდობა იმას,

იცოდე, მხოლოდ ცოდვილთათვის

არის შენდობა.


***

შენ მოწყალე ხარ,

მოწყალება არის სიკეთე,

სამოთხის კარი ცოდვილთ

რაღად გამოგვიკეტე,

მორჩილს თუ მინდობ,

ვერაფერი მოწყალებაა,

ცოდვილს შემინდო,

ამაშია, ღმერთო, სიკეთე.


***

ამ ქვეყნად გმართებს,

არ გადასცდე სიფრთხილის კიდეს,

მოსავალს შენსას ქვეყნად უნდა

უჩუმრად მკიდე,

სანამ გაქვს ენა, ყურები და

თვალებიც გიჭრის,

უნდა დამუნჯდე, დაყრუვდე და

დაბრმავდე კიდეც.


***

ამ ქვეყანაზე ოდითგანვე

გზა მიდის ორი,

ნაწილი რწმენის გზას ადგას და

ნაწილი გონის.

ვაითუ ერთხელ ხმა გაისმას

მოულოდნელად:

"ეი, უვიცნო,

არც ერთი გზა არ არის სწორი!"


***

მე ამ საწუთროს ხლართებს შუა ვარ ჩავარდნილი, მუდამ გატანჯულს, არ მეღირსა შვება ნამდვილი, ამ უთავბოლო წრებრუნვაში ისე გავთავდი, ვერ მოვიოხე მე ვერცერთი გულის წადილი.

***

ვნების აკვანი თუმცა გულში

ბევრჯერ დაგვერწა

და სიყვარულის ალმურითაც

სახე აგვეწვა,

მაინც არ ვიცით,

თიხით შექმნილ მოკვდავთა შორის

მარადისობის მოქანდაკემ

რისთვის ჩაგვძერწა.

905 views0 comments
bottom of page