top of page

Interview: Oto Khokhiashvili



✍️ ინტერვიუ / ოთო ხოხიაშვილი

❓ დაახასიათე პუნქტებად საკუთარი თავი

  • ვიყავი მოუსვენარი და ცოტა უზრდელიც.

  • სულ ვიჭყანებოდი.

  • ხასიათით ჯიუტი და მავნე ვიყავი,

  • არაერთხელ გავუტეხე თავი შეშით მძინარე ბაბუს.

  • ბევრი უზრდელური ლექსი ვიცოდი.

  • სკოლაში შესვლის შემდეგ შევიცვალე, მოწესრიგებული, მორიდებული, ხუთოსანი, თეთრ პერანგიანი ბიჭუნა გავხდი.

❓ რაზე ოცნებობდი პატარაობისას?

პატარაობაში ვოცნებობდი კოსმოსში გაფრენაზე, დღესაც ხშირად წარმოვიდგენ, როგორ გავდივარ დედამიწიდან უკიდეგანო სივრცეში ^^

❓ რას ვერ წარმოიდგენდი ვერასოდეს? თუ ადამიანები ასეთი ზედაპირულები გახდებოდნენ.

❓ რა გინდა რომ შეგახსენოს საკუთარმა თავმა ყოველთვის, როცა ცუდად იქნები? არსებობს კარი, რომელსაც, თუ შევაღებ, ყველაფერი კარგად იქნება.

❓ როგორ გგონია რას ნიშნავს წარმატება? დასახული მიზნის მიღწევას.

❓ გაქვს წარმატების რაიმე ფორმულა? შედეგზე ფიქრი. იმის გაცნობიერება, რას მიიღებ, თუ ამ მიზანს მიაღწევ.

❓ როგორ ადამიანებს აფასებ? თავმდაბალ, მოკრძალებულ და პრინციპულ ადამიანებს.

❓ რა იყო შენთვის ამოუხსნელი? ის, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა.

❓ რას იზამდი ღმერთი რომ იყო? სოსოიას იდეა ძალიან მომწონს - ცას სარკედ გადავაქცევდი

❓ რას მოაქვს ბედნიერება? გულწრფელ ურთიერთობას..

❓ სიყვარული...

ძველ ბერძნებს სიყვარულის 4 აღმნიშვნელი სიტყვა ჰქონდათ: “სტორგე” - სიყვარული ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ, “ეროსი” - რომანტიკული სიყვარული, “ფილია” - მეგობრული სიყვარული და “აგაპე” - უპირობო სიყვარული, რომელსაც პრინციპები უდევს საფუძვლად, ყველაზე აღმატებული სიყვარულის ფორმა.

❓ რა ფერია სიყვარული?

თუ სიყვარულს ფერი აქვს, თეთრია და თავის თავში მოიცავს ყველა სხვა ფერს

❓ რითი ამაყობ?

“სიამაყე წინ უძღვის დაცემას”

❓ რისი გწამს გულის სიღრმეში?

იმის, რომ დადგება დრო, როცა ადამიანები გასრულყოფილდებიან.

❓ რას ფიქრობ ახლა საკუთარ თავზე?

გემი ვარ ბობოქარ ზღვაში, რომელსაც ტალღები უმიზნოდ ათამაშებენ.

❓ კარგი გრძნობაა...

როცა სწორად იქცევი მაშინ, როცა ეს მარტივი არ არის.

❓ რა გიჩუყებს გულს?

უმწეო მდგომარეობაში მყოფი არსებები.

❓ რა გჭირდება სიმშივდისთვის?

სიმართლე…

❓ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ადამიანმა უნდა აკეთოს?

ისწავლოს და ასწავლოს სიყვარული.

❓ რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი?

თუ შენი თავი არ გიყვარს, შენ არ არსებობ.

❓ საყვარელი ფრაზა...

✨ “წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს, ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები" (ბიბლია, 1 კორინთელების 13:2)



ინტერვიუ პროფესიულ საქმიანობაზე (მოუშენ დიზაინი)

❓ რას მოიცავს შენი საქმე - მოუშენ დიზაინი?


მოუშენ დიზაინი არის გრაფიკული დიზაინისა და ანიმაციის შეხვედრის ადგილი. მარტივად, რომ ვთქვა მოუშენ დიზაინი არის ანიმირებული გრაფიკული გამოსახულება.


❓ რატომ გადაწყვიტე ამ სფეროს გაყოლოდი?


თავიდან უბრალოდ კარგი კომპიუტერი მინდოდა თამაშებისთვის, თან მეგობრებისგან გავიგე, რომ ამ სფეროს (მოუშენ დიზაინს) ძლიერი მონაცემების კომპიუტერი სჭირდებოდა. ამ მიზეზით მიყიდეს კომპიუტერი, რომ შემესწავლა ეს საქმე. პირველი ვიდეოგაკვეთილიც მოვალეობის მოხდის მიზნით ჩავრთე, მაგრამ იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ღამე გავათენე კეთებაში. თამაშები აღარც ჩამიწერია, ანიმაციის კეთება გახდა ჩემთვის ყცელაზე სასიამოვნო გართობა.


❓ გიყვარს რასაც აკეთებ?


ძალიან მიყვარს, რადგან შემოქმედი ვარ. მე ვაწესებ ფიზიკის კანონებს, ვწყვეტ, როგორი სიჩქარით იმოძრაოს სამყარომ და როგორი ხასიათი და მოძრაობის მანერა უნდა ჰქონდეს დახატულ პერსონაჟს.

ყოველი ახალი პროექტი საშუალებას მაძლევს შევქმნა განსხვავებული სამყარო.

❓ არის ეს შენი ცხოვრების მთავარი საქმე?


არა. ვერ აღვიქვამ ამას საქმედ, უბრალოდ ვერთობი.


❓ რას გრძნობ მუშაობის დროს?


ყველა პროექტი ახალი გამოწვევაა. ძალიან მიყვარს გუნდური მუშაობა. აი მაგალითად: ქოფირაითერებმა არტ დირექტორებთან ერთად მოიფიქრეს კონცეფცია, გაკეთდა კადრირება, დაიწერა გახმოვანების ტექსტი, გაკეთდა ილუსტრაციები და დგება ჩემი ჯერი, ანუ მთელი იმ შრომის გააზრება, რაც გაწეული იქნა სანამ ჩემამდე მოვიდოდა პროექტი, მაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. მიყვარს ის შიში, რომელსაც განვიცდი, როცა მარტო ვრჩები მონიტორთან. რამდენიმე წუთი ვზივარ და უბრალოდ ვუყურებ შავ მონიტორს, მერე უცებ რაღაც ჟინი ამიტანს, ძალიან თავდაჯერებული ვხდები და ვიწყებ კეთებას. შეიძლება ეს შიში იმის ბრალია, რომ სამუშაოდ ვერ აღვიქვამ ამ საქმეს და როცა ვიაზრებ გუნდის შრომას, მაგ მომენტში ხდება ეს - სამუშაო (პასუხისმგებლობიდან გამომდინარე) და

როცა სამუშაოდ იქცევა საყვარელი საქმე, ვეღარაფერს ვაკეთებ. მაგრამ, როცა გადაივლის ეს გრძნობები, წყნარად ვიწყებ გართობას.

❓ თუ სამუშაო განწყობა არ გაქვს რას აკეთებ ხოლმე?


საუკეთესო ნამუშევრებს ვუყურებ, რაც კეთდება გლობალურ ბაზარზე. მერე ვფიქრობ, რომ ამ დონეზე ვერ ავალ, თუ განწყობას დაველოდები. ამიტომ უბრალოდ ძალას ვატან თავს და ვიწყებ კეთებას, რამდენიმე წუთში კი განწყობა თავისით მოდის.


❓ რა ემოციებს გაძლევს შენი საქმე? აღმიწერე მაგალითად ერთი დღე


მახსოვს ერთ დღეს მივაბიჯებ ხალხმრავალ ქუჩაში და უცებ ძალიან ნაცნობ ვიზუალებს ვხედავ. რამდენიმე წამის დაკვირვების შემდეგ ვიაზრებ, რომ დიდ მონიტირზე ამ ხალხმრავალ ქუჩაში ტრიალებს ჩემი გაკეთებული ვიდეორგოლი. ყურებამდე გამეღიმა და ნაბიჯიც კი შემეცვალა, რაღაცნაირად გავიშალე მხრებში და ბედნიერად განვაგრძე სვლა. რაღაცნაირი სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც სოც. მედიაში ქუჩაში თუ ტელევიზიით უყურებ შენ გაკეთებულ ვიდეოს და ხვდები, რომ ამას ათასობით ადამიანი ხედავს. ისინი ხედავენ მხოლოდ ვიდეოს, მე კი მთელი სამუშაო პრიცესი ჩამივლის ხოლმე თვალწინ.


❓ შენ პროფესიაში, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გააჩნდეს ადამიანს? (თვისება, უნარი)


როგორც სხვა ყველაფერში - შრომისმოყვარეობა და ინტერესი.


❓ რას ურჩევდი მათ, ვინც ფიქრობს რომ გაყვეს ამ საქმეს?


გაყვეს იმ შემთხვევაში - თუ სიამოვნებას იღებს. პრაქტიკული რჩევა: დააკვირდნენ გარემოს, და ეცადონ აღმოაჩინონ განსხვავებულად მოძრავი ობიექტები, გააანალიზონ რა ხდით ამ ობიექტებს განსხვავებულებს და მიღებული პასუხი გამოიყენონ მოძრაობის შექმნისას. ეს საშუალებას მისცემთ მაყურებლის თვალი აკონტროლონ და მიმართონ დროის იმ მონაკვეთში, საითაც სურთ.


❓ რა არის მოუშენ დიზაინში საინტერესო?


უბრალოდ ხდები შემოქმედი ახალი სამყაროსი, სადაც შენ ადგენ წესებს. საკმაოდ საინტერესოა.


❓ შენი სამომავლო გეგმები რას უკავშირდება?


წინასწარ არასდროს არაფერს ვგეგმავ.

229 views0 comments
bottom of page