ცირა ბარბაქაძე
„უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!“
- მითხარით, პირველ რიგში, როგორ ხართ? თავს როგორ გრძნობთ?
დღის განმავლობაში სხვადასხვაგვარად ვგრძნობ თავს... ეს ზოგჯერ ჩემზეა დამოკიდებული, ზოგჯერ - რაიმე მოვლენაზე, ზოგჯერ - ამინდზე... ახლა ისე ვგრძნობ თავს, როგორც პატარა, კიკინებიანი გოგო თოვლის მოლოდინში, ციგას რომ ამზადებს. ზოგადად ყველაფერს სიმბოლურად და მეტაფორულად აღვიქვამ და ვაკეთებ და ამ შემთხვევაშიც.
ტერენტი გრანელის ეს სტროფი გამახსენდა ახლა:
„დავდივარ ღამით და მე ვარ თოვლი, და მე ვარ ნისლი, და მე ვარ წვიმა, და სულს ცეცხლისკენ მივყავარ თრთოლვით, ისე ვარ, როგორც ვიყავი წინათ.“
გარეგანი მოვლენები ხშირად არიან რეზონანსში შინაგანთან, მაგრამ ცხოვრების ხელოვნება ის არის, რომ ისე გრძნობდე თავს შინაგანად, როგორც შენ ეს გსურს და „აიძულებდე“ მოვლენებს დაგემორჩილონ: „მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ, ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყარო“ - როგორც ტარიელ ხარხელაური იტყვის ერთ ლექსში.
- რას გულისხმობს თქვენთვის კარგად ყოფნა, მოკითხვისას როგორ სჯობს, რომ ერთმანეთს პასუხს ვცემდეთ, სწორია, როცა ვამბობთ - „კარგად ვარ“, როცა ეს ასე არ არის?
კარგად ყოფნა ჩემთვის ნიშნავს, ჩემ გარშემო ადამიანებს შევუქმნა მაქსიმალური კომფორტი და თავს უფლება მივცე, რომ მქონდეს ჩემი „თავისუფალი დრო“. ოღონდ ეს „თავისუფალი დრო“ არ არის დაკავშირებული საათით აღრიცხულ დროსთან, ეს არის ცნობიერების გამოთავისუფლება, რომელშიც „გარედან“ ვეღარაფერი შემოიჭრება... ან იქნებ ეს არის „უდროო დროში“ შესვლა...
დამეთანხმებით, რომ გულწრფელობა არ უნდა იყოს სიბრიყვე, ამიტომ პასუხს შევარჩევდი იმის მიხედვით, ვინ მეკითხება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს არ მოვუყვებოდი, სინამდვილეში როგორ ვარ და რას ვგრძნობ, უბრალოდ, თავაზიანობის ფორმულებს გამოვიყენებდი უმრავლეს შემთხვევაში; გულწრფელობა არ არის ამ სამყაროს ნიშანი, ამიტომ კლიშეებით, უბრალოდ, თავს ვიცავთ. სხვა შემთხვევაში, უფრო მეტად დავზარალდებით.
- თუ გახსოვთ, რა იყო თქვენი ბავშვობის ოცნება? რა მოსდით ამ ოცნებებს, რა უნდა მოვუხერხოთ?
აქ ძალიან უცნაური პასუხი უნდა გაგცეთ. მეც ხშრად ვესაუბრები ადამიანებს იმაზე, რომ უნდა აისრულონ სურვილები, ცნობიერება არ უნდა აქციონ აუსრულებელი სურვილების და ოცნებების სასაფლაოდ. მაგალითად, ეს ოცნება დაიბადა ამა და ამ წელს, ამ საათზე და მოკვდა 3 დღეში... ან 1 კვირაში... მერე დაასაფლავე, დაიტირე.... შემდეგ ახალი და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით 3 სასარგებლო რჩევა მაქვს და აქვე დაგიწერთ:
3 სასარგებლო რჩევა ✅ 1. სახლი, სავსე ნივთებით: "რა იცი, რაში გამოგადგება" - წამოკრიფე და გადაყარე.... 2. ცნობიერება, სავსე "დაუმარხავი მკვდრებით" - ადამიანებით, ფაქტებით, მოვლენებით, - რომლებმაც ჩაიარეს.... მოაგროვე ერთად, მოძებნე შესაბამისი ღილაკი და მიეცი delete... ისინი სუნთქავენ შენს წილ ჟანგბადს, იკვებებიან შენი სისხლით... ამრავლებენ სარეველას... ............... 3. დაიბრუნე შენი ცხოვრება...
რაც შეეხება ჩემი ბავშვობის ოცნებებს.... შეიძლება, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ რასაც ოცნება ჰქვია, ასეთი არ მახსენდება... რაღაცნაირად ყოველდღიურობით ვცხოვრობდი და ყოველ დღეში იმდენი მოქმედება იყო, რომ რაც მსურდა, უბრალოდ, ვაკეთებდი და მორჩა! 5 წლის შემდეგ ვინ მინდა ვიყო, - არასდროს არ მიოცნებია ამაზე და, შესაბამისად, არც მიღწევის გზები დამისახავს.
ძირითადად, რაც მინდოდა ბავშვობაში, ეს იყო ბევრი საინტერესო წიგნი და სოფლის ბიბლიოთეკა რომ ამოვწურე, მერე ქალაქის ბიბლიოთეკებს ვსტუმრობდი, მეგობრების კერძო ბიბლიოთეკებს და ასე შემდეგ... ჩემს ბალიშ ქვეშ ყოველ ღამით იყო წიგნი, რომელსაც ვკითხულობდი და ბლოკნოტი და კალამი - რა იცი, მუზა როდის დამცხებდა.
თუ ოცნებად ჩაითვლება, ეს იყო, სურვილი, რომ გამეგო, საიდან ჩამოვედი დედამიწაზე და სულ მქონდა შეგრძნება, რომ ვიღაც ისე მიყურებდა ზემოდან, როგორც ტელევიზორში ვუყურებთ გადაცემებს.
ამას მივაღწიო, ეს მქონდეს - ამაზე ძალისხმევა არასდროს დამიხარჯავს, ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. შესაძლოა იმიტომ, რომ ჩემთვის მოქმედება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო. რაღაც მსურდა და ვაკეთებდი - წინ ვერაფერი დამიდგებოდა! არარეალისტური და განუხორციელებელი თავში არც მომდიოდა!
ყოველთვის ყველას მეოცნებე ვეგონე, ალბათ იმიტომ რომ, ლექსებს ვწერ... ასეთი სტერეოტიპი არსებობს, თორემ საერთოდ რა კავშირშია სხვა განზომილების რიტმები ამ სამყაროსთან? არის რაღაც, რასაც გრძნობ და შეუძლებელია განხორციელება!
ადამიანებს კი სურთ, ყველაფერს ხორცი შეასხან. აბა, შეასხი ხორცი გალაკტიონის სტრიქონებს: „ოცნება, ნახაზი საგანთა უარით“. გიფიქრიათ, ეს რა არის?
- ადამიანებს ყველაზე მეტად რა აახლოვებთ?
არ ვიცი, სხვა ადამიანებს რა აახლოვებთ, მე ჩემზე გეტყვით: ყველაზე მეტად ადამიანებთან მაახლოვებს ცოდნის გაზიარების პროცესი, ორმხრივი პროცესი. არ მიყვარს კამათი, ამიტომ ჩემთან ყველა გაწბილდება, ვისთვისაც ეს მოთხოვნილებაა და ვისაც ჰგონია, რომ „კამათში იბადება ჭეშმარიტება“. ჩემთვის ყველა ადამიანი საინტერესოა, რომელიც ეძიებს საკუთარ თავს და გამუდმებულად ხსნის სამაყროს, რომელიც სვამს კითხვებს და არკვევს...
- რას ნიშნავს პირადი სივრცე, სად არის ზღვარი, როგორ უნდა დავიცვათ?
ერთადერთი, ვინც პირად სივრცეს არღვევს, არის თავად ადამიანი. ანუ ის ვერ იცავს შესაბამისად და „ღია“ აქვს. ზღვარსაც თავად ვაწესებთ და თუ ის ირღვევა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: რატომ? ეს არის საკრალური და საიდუმლო ადგილი და არ საზოგადოებრივი თავშეყრის მოედანი.
- რა არის თქვნეთვის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი?
ეს არის ჩემთვის - საიდუმლო, მაგრამ ეს საიდუმლო არა ადამიანური გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომლის გამოთქმა სიტყვებით შეუძლებელია. მაგალითად, როცა მშვენიერ მუსიკას უსმენთ, შეგიძლიათ ზუსტი სიტყვებით აღწეროთ, სად მოგზაურობთ იმ დროს და რას განიცდით? ან როცა თოვს და ცას ავყურებ, თვალები და სახე რომ ფიფქებით მევსება, ვერასდროს ავსხნი, რას განვიცდი მაშინ... არის ცხოვრებისეული რაღაც მოვლენები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებას ფორმათა სამყაროდან „გაიტყუებს“ და
იქ, სადაც სიტყვები არ არის, არის საიდუმლო...
- რას სძენს ქალს დედად ყოფნა?
დედობის ინსტინქტს ყველა ქალი ატარებს, მაგრამ როდესაც ის თავად ხდება დედა, ეს ინსტინქტი სხვაგვარად იხსნება. კონკრეტულად „დედად გახდომით“ ლამის ყველას მიმართ „დედა“ ხდები და ეს ძირფესვიანად ცვლის ქალის ცხოვრებას. ადვილად პატიობ ადამიანებს, რადგან შეგიძლია გაგება, დედას ხომ ყოველთვის უყვარს თავისი პირმშო, - მიუხედავად ყველაფრისა და ნებისმიერ შემთხვევაში. აი, სწორედ ამ კონკრეტულ მიმართებას განაზოგადებ სამყაროს მიმართ ინტუიციის დონეზეც და შეგნებულადაც. თუ შეგიძლია, გიყვარდეს და გაუგო საკუთარ შვილს, რომელიც არ არის ყოველთვის იდეალური (ან რატომ უნდა იყოს?), რატომ არ შეიძლება, სხვასაც გაუგო? რაღაც აზრით, საკუთარ თავში „სამყაროს დედას“ აღმოაჩენ... ეგოიზმს ძლევ... და როგორი უნივერსალური კონცეპტია - დედა! დედა ყველა ცოცხალ არსებას ჰყავს... ამიტომ ამ პრიზმაში სამყარო სხვაგვარად გადატყდება...
დედად ყოფნა - ეს არის სიყვარული და პასუხისმგებლობა შენი პირმშოს (და არა მარტო) და სამყაროს მიმართ; ამ სამყაროში ხომ შენმა შვილმა უნდა იცხოვროს!
- რა არის ადამიანში ყველაზე მშვენიერი?
- ყველაზე მშვენიერია, როდესაც ადამინი მოქმედებს შინაგან მესთან (გნებავთ, სულთან) შესაბამისობაში და ისწრაფვის თვითშემეცნებისკენ. ამ დროს ის განსხვავებულია და სამყაროს აღიქვამს ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, ყოველგვარი ილუზიების გარეშე. ის ღრმად განიცდის ყოფას, თუმცა ფიზიკურად მხოლოდ ზედაპირს ეხება.
ცოტა ხნის წინ ერიხ ფრომის ერთ სტატიას ვკითხულობდი და ეს ნაწილი ამომიტივტივდა:
იცოდე – ნიშნავს შეაღწიო მოვლენის ზედაპირს მიღმა მის ფესვებამდე, მიზეზებამდე; იცოდე – ნიშნავს „ხედავდე“ რეალობას ისეთად, როგორიც არის, ყოველგვარი გაფორმებების გარეშე. ცოდნა – არ ნიშნავს ჭეშმარიტების ფლობას; ეს ნიშნავს შეაღწიო მოვლენების წიაღში და კრიტიკული პოზიციის შენარჩუნებით, აქტიურად უახლოვდებოდე ჭეშმარიტებას.“
საკუთარი თავის შეცნობისკენ ადამიანის სწრაფვა და მასთან დაკავშირებული ყოველი ქმედება - არის ყველაზე მშვენიერი!
- რასთან ღირს ბრძოლა? ან თუ ღირს ზოგადად რამესთან ბრძოლა?
მე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ეს არის ბრძოლა და თავდაცვა. უბრალოდ, განსხვავებულ სტრატეგიებს მივმართავთ; ზოგჯერ იბრძვი იმით, რომ ჩუმდები... საბოლოოდ, ვისაც ყველაზე მეტად ვებრძვით, ვამარცხებთ ან ვიმარჯვებთ, ჩვენივე თავია. ან იქნებ მხოლოდ მაშინ ვიმარჯვებთ, როდესაც ბრძოლას ვწყვეტთ და ცხოვრებას ვიწყებთ... დუალისტური სამყაროს თვისებაა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ოღონდ არავინ არ იცის, რა არის სიკეთე და ბოროტება...
- არის ამქვეყნად უსამართლობა?
ამქვეყნად მხოლოდ უსამართლობაა...
- შეყვარებულობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირია? როგორი ფაზებია, თქვენებურად როგორ აღწერდით?
შეყვარებულობა არის სულის მდგომარეობა, ამ გრძნობას შინაგანად არავითარი ფაზები არ აქვს, აქვს სიღრმე... არც ასაკობრივად განსხვავდება. მგონია, რომ შინაგანად ვატარებთ ჩვენი სიყვარულის მითს. გარესამყაროში ეს გადაგვაქვს კონკრეტულ ადამიანზე და მთელი უბედურება და ბედნიერება აქ იწყება: თავიდან ჩვენ განვიცდით ჩვენსავე მითს, ანუ სრული პროექციაა ობიექტზე, გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ „ეს ის არაა“ და იწყება საკუთარი ილუზიების მსხვრევა, რაც მტკივნეულია; შემდეგ მოდის სხვა და იმისთვისაც გამზადებული გვაქვს „პროკრუსტეს საწოლი“, მერე აუცილებლად იტყვი, რომ „სიყვარული არ არსებობს“, რადგან შენს მითს არავინ ერგება; შეიძლება ისე მოკვდე, რომ ვერასდროს ჩასწვდე სიყვარულის საიდუმლოს; მაგრამ ერთხელაც შენი ცხოვრება იცვლება, როდესაც შენი მითი იწყებს განხორციელაბას...
- რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიცოცხლე და მოტივი, ყოველ დღე გიხაროდეს გათენება!
- რა აზრი აქვს ჩვენს დაბადებას?
დაბადებას ის აზრი აქვს, რა აზრსაც ჩვენ ჩავდებთ ამ დაბადებაში!
- რა სიტყვები ან ფრაზა იყო რამაც თქვენზე დიდი გარდატეხა მოახდინა, რაც ღრმად აღგებეჭდათ მეხსიერებაში?
ცვლილებისთვის არსებობს მზაობა და შეიძლება ფრაზაც აიკვიატო... ფრაზა, რომესაც ხშირად ვიმეორებ, არის პატრიკ ზიუსკინდის ესედან: „ლიტერატურული ამნეზია“ და ასე ჟღერს:
„უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!“
და კიდევ „ვეფხისტყაოსნის“ ყოველი ფრაზა შთამაგონებს და იწვევს ჩემს რეფლექსიას...
- ცხოვრების რა ეტაპზე რას მიხვდით მნიშვნელოვანს?
50 - ის მერე....
- ფიქრობთ, რომ სიყვარული მამოძრავებელი ძალაა? რომანტიული, პოეტური, ოკულტური, მეცნიერული გაგებით თუ როგორ?
არსებობს სიყვარული და ის ერთდროულად შეიძლება იყოს: რომანტიული, პრაგმატული, მიწიერი, ღვთაებრივი, მისტიკური და ასე შემდეგ...
სიყვარული ცხოვრების ხარისხია, ის არ ეკუთვნის ამ სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია ეს სამყარო სამოთხედ აქციოს!
Comments