top of page

ანანდა - ბედნიერება აღმატებულ ხარისხში ❘ მიკო კაკუბერი

ინტერვიუ მიკო კაკუბერთან


მომიყევი ცოტა რამ შენ შესახებ, ვინ ხარ, გამიზიარე შენი ცხოვრების სტილი და ინტერესები..


მიკო კაკუბერი, განათლებით ფსიქოლოგი, მინდოდა საკუთარი თავი უკეთ გამეცნო და მესწავლა როგორ ვყოფილიყავი ბედნიერი და ამ ცოდნით დავხმარებოდი სხვა ადამიანებსაც. ერთ-ერთ პროფესიულ განხრად ვგეგმავ არტ-თერაპიას. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ცეკვა, სიმღერა, ცურვა, წერა, თამაში, ცხოველები, მცენარეები, სიახლეები, ხელოვნება და ზოგადად შემოქმედებითი პროცესი. ბავშვობიდან ძალიან ბევრ სხვადასხვა წრეზე დავდიოდი, ჩემი განსაკუთრებული მშობლების დამსახურებით: სიმღერაზე, ბალეტზე, ჩოგბურთზე, სხვადასხვა სპექტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას. ძალიან ფერადი პატარაობა მქონდა, ლაზად მახსოვს. მეხერხებოდა სხვადასხვა აპლიკაციების გაკეთება, ხატვა, ფერების შეხამება, მძივებით ორნამენტების აწყობა. თიხით ძერწვა და თითქმის ყველაფერი მომწონს დღემდე, რაც ხელით კეთდება.


ერთხელ მახსოვს, სახლში ვიპოვე რაღაც პატარა წიგნი ვარსკვლავებზე და ძალიან დავინტერესდი ასტრონომიით, ასტროლოგიით, მინეროლოგიით და ა.შ. ეს იყო პირველი შეხება ოდნავ განსხვავებულ ჯადოსნურ სამყაროსთან. ყოველთვის ისეთი ინფორმაციები იქცევდნენ ჩემს ყურადღებას, როგორიც ადამიანების უკეთ ყოფნას, ფსიქო-ფიზიკურ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და გალაქტიკის დაფარულ საიდუმლოებებს უკავშირდებოდა..


ნელ-ნელა სამყარომ ჩემი გზა მედიტაციას დაუკავშირა და აქედან დაიწყო იმის რეალური შეგრძნება თუ რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და რას ნიშნავს იყო სინამდვილეში კარგად. ვაკეთებდი სხვადასხვა ტექნიკებს, მყავდა მასწავლებლები, რომლებისგანაც ბევრი ცოდნა მივიღე და ამან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ მასწავლებელთან ერთად დავიწყე მედიტაციური ხატვა, რომლის დროსაც აღმოვაჩინე სრულიად სხვა განზომილება და შეგრძნებები, პატარა დეტალს მე ვხატავდი, შემდეგ ის, თან “არ ფიქრის” ანუ სუფთა ცნობიერების მდგომარეობაში და როცა ორივე ვიგრძნობდით, რომ არცერთი დეტალი აღარ სჭირდებოდა, იქ მთავრდებოდა ნახატი და იწყებოდა ახალი, სრულიად განსხვავებული ფიგურები და ორნამენტები, რომლებიც აქამდე ნანახი არსად არ მქონდა, მაგრამ საიდანღაც მოდიოდნენ, თითქოს მე არ ვიყავი ის, ვინც ხატავდა... ვფიქრობ რომ ამ განსაკუთრებულმა გამოცდილებამ და ამის შედეგად დარჩენილმა შეგრძნებებმა გამიძლიერეს ის უნარი, რითიც დღეს შემიძლია სხვადასხვა სილამაზეების შექმნა, ჩემთვის ეს მედიტაციური პროცესია..


ჩემი დღე იწყება...


დიდი რაოდენობის წყლით, თუ წინა დღე დატვირთული მქონდა საკუთარ თავს ვუკეთებ რეიკის. ვცდილობ ყოველ დღე უზმოზე ვივარჯიშო იოგა, მშობლებთან ერთად, შემდეგ ენი (ძაღლი) მიგვყავს სასეირნოდ, სახლში დაბრუნებას მოყვება საუზმე და გემრიელი ჩაი. თითქმის ყოველ დღე ვუსმენ, დაბალ ხმაზე ჩართულ სასიამოვნო მელოდიას, წყლის წვეთების ხმებით და ნელ-ნელა მოდის რამე ლამაზის შექმნის იმპულსი, დასვენება არ მჭირდება, იმიტომ რომ თვითონ პროცესით ვისვენებ და კარგად ვგრძნობ თავს. მთელი სახლი სავსეა სხვადასხვა ხის მასალებით, მძივებით , თოკებით და ძაფებით, რომლებითაც ჩემი ფისოც (სახელად კოტე) ხშირად ერთობა .. საღამოს საათებში ვცდილობ გავაკეთო მედიტაციის, რომელიმე, წყნარი ტექნიკა და ამის შემდეგ ძილი ბევრად უფრო მშვიდი და სასიამოვნოა.



რას ნიშნავს ბრენდის სახელწოდება „ანანდა“?


ანანდა არის - ბედნიერება აღმატებულ ხარისხში. უკავშირდება ადამიანს, რომელიც თავისუფალია მიჯაჭვულობებისგან. თავისი ცხოვრებით განიცდის უსასრულო სიამოვნებას, სიხარულს და ექსტაზს. ამ სახელით მინდოდა გამომეხატა ადამიანის სულიერი კავშირი უსასრულო სამყაროსთან...



„ანანდას“ შექმნის მოტივაცია რა იყო?


სულ მინდოდა მეპოვნა ჩემი ოცნების მაღაზია, სადაც შევიდოდი და ყველა იმ ნივთის ყიდვას შევძლებდი ერთ სივრცეში, რაც მომწონდა და უკავშირდებოდა იოგას ან მედიტაციას: მინერალები, მცენარეები, სურნელოვანი ჩხირები, ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, პალო სანტო, პატარა ინსტრუმენტები, სხვადასხვა, სულიერი პრაქტიკის სიმბოლოები, ტაროს კარტი, წიგნები, მაკრამე, ოთახის დეკორი, სანთლები, იოგა მატები, ჩაი და კიდევ ბევრი სხვა რამ. საქართველოში მსგავსი სივრცე ვერ ვნახე. გადავწყვიტე მე გამეკეთებინა ასეთი მაღაზია სადაც ჩემნაირი პრაქტიკოსი და სულიერი მაძიებელი შემოვიდოდა და თვალები გაუბრწყინდებოდა ამდენი სიფერადით, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დასაწყისისთვის ონლაინ რეჟიმში გადავწყვიტე მუშაობა.


ანანდა დასაწყისისთვის მომხმარებელს სთავაზობს...


ოთახის დეკორს, სანთლებს, მცენარეებს, მაკრამეებს, მცენარის საკიდებს და სამკაულებს. ნელ-ნელა ვაპირებ დავამატო ყველა ზემოხსენებული ნივთი, ასევე ინფორმაციები სხვადასხვა პრაქტიკის შესახებ და კიდევ ბევრი ჩანაფიქრი რაც მაქვს, ჯერჯერობით საიდუმლოდ ვტოვებ.


განწყობა მუშაობისთვის:


დილის იოგა, მელოდიები და მედიტაცია მეხმარება სასურველი ტალღის დაჭერაში, რომ შემდეგ ეს მდგომარეობა გადავიდეს იმ ნივთებში რომლებსაც ვაკეთებ. ცნობილია რომ ძაფები (დაწნის დროს) ინახავენ ინფორმაციას, ამიტომ, უმჯობესია ვინც მუშაობს, ჰქონდეს სუფთა ვიბრაციები.. როცა რამე ახალს ვაკეთებ ჩემ ყველა თითის მიძრაობას უყურებს ხოლმე ფისო, რომელიც მაგიდაზე ზის. გარშემო ბევრი სხვადასხვა ფერის ძაფია, ვიწყებ ფერების არჩევით და დანარჩენი დეტალები პროცესში მოდის, წინასწარ იშვიათად ვგეგმავ, სპონტანური ბევრად ბუნებრივი გამოდის.


მიკოს სამუშაო სივრცე


რა აქვს გეგმაში „ანანდას, რა სურს მას ახლა და სამომავლოდ?


ანანდას პირველი სურვილი შესრულდა რომ დაიბადა, ახლა ნელ-ნელა იზრდება, ყოველდღიურად უფრო და უფრო ბევრ მეგობარს იძენს და სამომავლოდ გეგმავს: მეტ ნივთს, მეტად ინფორმაციულ პოსტებს, სხვადასხვა პრაქტიკებს, youtube channel ს და შემდეგ იფიქრებს მაღაზიის გახსნაზეც, ასევე დარჩება ონლაინ შოპიც მათთვის, ვისაც დასჭირდება საკურიერო მომსახურება.


დაბოლოს...


როცა იოგის და მედიტაციის ეფექტს პირველად გრძნობ გინდა გარეთ გახვიდე, მაღალ ადგილას დადგე და ხმამაღლა იყვირო, თუ როგორი მაგარია ცხოვრება, რა კარგად ხარ და რომ ყველას შეუძლია იყოს ესე და კიდევ უფრო უკეთესად... ჩემი “გარეთ გამოსვლა” არის ანანდა, რომლითაც ვეცდები ყველას გავაგებინო როგორია სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, ენერგია, ბედნიერება და ცხოვრებით ზეიმი..


(სულ ის სიმღერა მახსენდება ხოლმე მაღალ ადგილას ასვლაზე და ყვირილზე • 4 non blondes what's up ეს სიმღერა შენ ჩემგან🏼🦋 https://youtu.be/yujdssDwEB0


FB: Ananda • ანანდა https://www.facebook.com/Ananda.vibe





394 views0 comments
bottom of page