top of page

რაც ყველაზე სუსტი და ბუნდოვანი ჩანს თქვენში, სწორედ ის არის ყველაზე ძლიერი და ყველაზე ცხადი

დღე გასრულდა

***


  • იცვლება კაცთა მოთხოვნილებანი, მაგრამ უცვლელია სიყვარული და უცვლელია სურვილი კაცთა, რომ სიყვარულმა აღასრულოს მათი სურვილი.


  • მოაღწია ჩემამდე რაღაცამ, სიცილზე უფრო ხალასმა და სწრაფვაზე უფრო დიადმა. ესაა უსაზღვროება თქვენი. ესაა დიადი ადამიანი, რომლის ოდენ მყესები და ძარღვები ხართ თქვენ. იგია დიადი ადამიანი, რომლის გალობასთან შედარებით ხრინწიანი ჩიფჩიფია თქვენი მღერა. სწორედ ამ დიადი ადამიანით ხართ თქვენც დიადნი. მას რომ ვჭვრეტდი, მაშინ გიხილეთ და მაშინ შეგიყვარეთ.


  • გითხრეს, რკინის ჯაჭვიც რომ იყოთ, თუნდაც ერთი რგოლი თუ სუსტი გექნებათ, ასევე სუსტნი იქნებით თქვენცო. მაგრამ ეს მხოლოდ სანახევროდაა მართალი. თქვენ ისევე ძლიერნი ხართ, როგორც ჯაჭვის ყველაზე ძლიერი რგოლი.


  • წარუმატებლობის გამო თქვენი გაკიცხვა - ეს იგივეა, წელიწადის დრონი გაამტყუნო ერთმანეთის მონაცვლეობისთვის.


  • და, თუმცა თქვენი ზამთრობისას უარყოფთ თვენსავე გაზაფხულს, გაზაფხული მაინც განისვენებს თქვენს წიაღში, თვლემს, იღიმის და გულში წყენას არ იხვევს.


  • მე ხომ სიტყვებით გეუბნებით იმას, რაც მშვენივრად უწყით გონებით. და რა არის სიტყვაში დატეული ცოდნა, თუ არა ჩრდილი სიტყვაში დაუტეველი სიბრძნისა.


  • მე ვიპოვე ის, რაც სიბრძნეს აღემატება. ეს არის თქვენი მგზნებარე სული, რომელიც უფრო და უფრო ჩაღდება. ხოლო თქვენ შეუმჩნეველი გრჩებათ მისი გაჩაღება და მისტირით თქვენი დღეების ჭკნობას. ეს სიცოცხლეა, სიცოცხლეს რომ ეძიებს სამარის შიშით ატანილ სხეულებში. აქ არ არის საფლავები. ეს მთები და ეს ველები აკვნებია და საბიჯარი ქვებია.



რამეთუ ბევრჯერ ჩამიყვია თითები საკუთარ ჭრილობაში, რათა უფრო მერწმუნა თქვენი და უკეთ შემეცანით. და სწორედ ამ რწმენითა და ამ ცოდნით ვამბობ: თქვენ არ ხართ თქვენს სხეულში ჩამწყვდეულნი, თქვენ არც სახლებსა ხართ მიჯაჭვულნი და არც მინდვრებს. ის რაც ნამდვილად თვენ ხართ, მკვიდრობს მთათა მწვერვალებს ზევით და დაქრის ქათან ერთად. იგი არ არის არსება, რომელიც გამოცოცდება და მზეს ეფიცხება, ან სიბნელეში სოროს თხრის თავშესაფრად. იგი თავისუფალია, იგი სულია, მოიცავს დედამიწას და იძვრის ეთერში.


რაც ყველაზე სუსტი და ბუნდოვანი ჩანს თქვენში, სწორედ ის არის ყველაზე ძლიერი და ყველაზე ცხადი.


და თქვენ იხილავთ.

და თქვენ მოისმენთ.

ამასთანავე, არ ინანებთ, რომ გამოსცადეთ სიბრმავე და სიყრუვე.

და თქვენ ისევე დალოცავთ სიბნელეს, როგორც ლოცავდით სინათლეს.


ჯიბრან ხალილ ჯიბრანი "წინასწარმეტყველი"


68 views0 comments
bottom of page