top of page

უსაზღვრო

ჩემს წარმოდგენებს საზღვარი არა აქვს, დაჰქრიან ჩემს გონებაში როგორც ცელქი ბავშვები და მოუსვენრად იმას ითხოვენ რაც არ ერგებათ და იმ იმედით ტირილს იწყებენ რომ მიაღწევენ საწადელს მაინც.


დილით სიცივემ გამაღვიძა, ჩემი საბანი აღარ მათბობდა, სევდამ გამყინა, დარდმა დამლია, შენზე ფიქრმა კი სულ გადამრია, თვალებს ვხუჭავ და თვალწინ მიდგახარ, გესაუბრები, გეხები მაინც, მეც კარგად ვიცი ფუჭია ეს ყოველივე, მატყუარა ვარ და მხოლოდ ჩემს თავს ვატყუებ ამით, ამ იმედებზე ჩაჭიდებული.


მოგონებებში ჩავიძირე, ვყვინთავ, ვყვინთავ, მე უბადრუკს კი ცურვაც არ ძალმიძს. ნუთუ არსებობს ნაპირი ახლოს, რომ მოვინდომო შევძლებ გავცურო ?! არა.. ისევ ვტყუი, მე კომფორტში ვარ, მომწონს თეატრი და წარმოდგენის ყურება, ბოლოს კი აღტაცებული ტაშს ვუკრავ ჩემს თავს.


საგულდაგულოდ გამოვეწყობი, თითქოს შენთან შეხვედრაზე მოვიჩქარი, სახლის კარს ისე გამოვიხურავ თითქოს ვემშვიდობები შინ ვინმეს, ქუჩას ჩავუყვები კაკუნით და სულ არ მენაღვლება ვის ნერვებზე ვკაკუნებ, ეს ჩემთვის მელოდიური სიმფონიაა, რომელიც ასე მსიამოვნებს,კაკ-კუკ,კაკ-კუკ.... ტელეფონს დავცქერი, თითქოს ზარს ველი, იქით-აქით ვიყურები, მაგრამ არავინ... მეტროს გაჩერებებს ვითვლი, ველი რომ კარი გაიღება და გამოხვალ, ჩაივლის ერთი-ორი მეტრო, მერე საჩქაროდ შევალ და გავყვები... ამოვალ მეტროდან, ისევ გელი, ვიყურები იქით-აქით, ტელეფონს ვუყურეეებ, ვრეკავ მაგრამ ზარი არ გადის, გავდივარ ქალაქში და ქუჩაში ხალხის რბოში ავირევი, ისევ მომლოდინეთა რეჟიმში მყოფ აბონენტს ვგავარ. ყველას გავხედავ და გამოვხედავ, თითქოს მათში გეძებ, სახის მიმიკებით დაღონებული ვარ, უკვე უილაჯოდ ჩამოვჯდები სკამზე, და ისევ გავცქერი გზას, რომელიც გავცვითე. მობეზრებული საათს დავცქერი, ვბრაზობ, რომ აღარ მოდიხარ, მაგრამ იქნებ მე მოვედი ძალიან ადრე, ის კი ახლა მოდის, სადააცა მოვა და დამიძახებს....


მოთმინებას აღარ აქვს საზღვარი, მესიჯს ვაგზავნი რომ მე წავედი. მე კი წავედი, მაგრამ ვაი რომ შორს ვერ წავედი, იქვე ბარში შევედი, მიმტანს ვუთხარი რომ ველოდები და ჭიქა ღვინოს შევექეცი მანამ, სანამ მივიდოდა, ჭიქა ღვინო, ჭიქებმა შეცვალა და მეც უაზრო მოლოდინში მყოფს, ისღა დამრჩენოდა სახლის გზას გამოვდგომოდი. გზაჯვარედინი გადმოვკვეთე, ჩემი გზის სასარგებლოდ, ნელი სვლით მივიწევ შინისაკენ, მივკაკუნებ ჩემი კაკუნებით. ყურსასმენებში ვივალდის "four seasons" ვუსმენ. ქუჩაში სმშვიდეა, მოძრაობა არ შეინიშნება, ლამპიონებს ავხედე,მერე მთვარეს გავხედე, მერე ჩემს ზურგს უკან მოძრაობა შევნიშნე, ავმა დამჰკრა, გულმა ძგერა მიყო, შემეშინდა მომეხედა. გზა განვაგრძე ისევ კაკუნით, ვივალდი არ ცხრებოდა, ისევ მომეჩვენა ჩემს უკან ვიღაც, ვივალდი შეპარვით ჩავაჩუმე, ძალღონე მოვიკრიბე და ისეთი ინერციით შემოვბრუნდი თავში სისხლი გაიწუწა. აფორაიქებულმა მშვიდად და წყნარად ორი ნაბიჯი რომ გადავდგი ჩემი მოცეკვავე ლანდი შევნიშნე,როგორ დაბარბაცებდა.

საბოლოოდ კი სათქმელიც არაფერი მაქვს, მხოლოდ ესა ვარ მუნჯი ქაღალდი, მოლაპარაკე კალმით...




94 views0 comments
bottom of page