top of page

"შენი ტკივილი შენივ განკურნების წამალია" ანტონიო და დავითი ∣ ჯემალ ქარჩხაძე

"და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია."


- 1 - ***


"თქვენ იმდენი გიმოგზაურიათ ალბათ მობეზრებულიც გექნებათ.

- არა. მოგზაურობა ისე მიყვარს, ალბათ არასოდეს მომბეზრდება.

- უცნაურია... - დაფიქრებით თქვა ანტონიომ.

- უცნაურია? რატომ?

- უცნაურია, რომ კაცს დაბეჯითებით შეუძლია თქვას, რა უყვარს და რა არა.

- განა ეს ასე ძნელია?

- არ ვიცი... მე, მაგალითად, სანამ ბოლომდე ვიტყოდე იმას, რაშიაც დარწმუნებული ვარ, უკვე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვცდები.

მე გამეცინა.

- წეღან უკან არ მოგიხედავთ, მაგრამ ისე დაბეჯითებით შემეხმიანეთ, არა მგონია ეჭვი შეგპარვოდეთ, რომ მე ვიყავი.

ამაზე მასაც გაეცინა.

- ეს უბრალო გულთმისნობაა. როგორც კი ფეხის ხმა შემომესმა, გონების თვალწინ მაშინვე თქვენ დამიდექით.

- მერედა ეს უფრო უცნაური არ არის?

- არა. გულთმისნობა იოლი ხელობაა, კაცი თუ ცოტა დაკვირვებული ხარ. მე შემჩნეული მაქვს, რომ საღამოობით თქვენც ჩემსავით გიყვართ გემბანზე გამოსვლა. ეს არის და ეს.

- მართლა იოლი ყოფილა!

- რაც ამოხსნილია, ყველაფერი იოლია."


- 2 - ***


"მართალია მე მასზე არანაკლებ ნაკითხი ვიყავი, ნახვით კი მოგზაურობისადმი ჩემი მიდრეკილების გამო მეტიც მენახა, მაგრამ ჩემი განსწავლულობა ცოდნის დაგროვება იყო, მისი კი - ცოდნის შესისხლხორცება. მე ცოდნა მქონდა როგორც ნივთი, როგორც საუნჯე, რომელსაც მეხსიერების სკივრში ვინახავდი და, როცა მინდოდა, მაშინ გამოვფენდი, ის ცოდნას საზრდოდ ხმარობდა, მისთვის ცოდნა პური იყო, რომელიც მის არსებაში იხსნებოდა და სიცოცხლის ნიშნად იქცეოდა."


- 3 - ***


"პაპი ჩვენსავით ადამიანია და ჩვენსავით შეუძლია შეცდეს. მას კი თავი შეუმცდარი ჰგონია, ამიტომ ბრმად მიგვერეკება საითაც სურს. თვალი ღვთითა გვაქვს, ბართოლომეო, და სახედველად მოგვეცა, ისინი კი ჩვენს მაგივრად თვითონ იყურებიან და გვაიძულებენ თეთრი ვთქვათ იმაზე, რასაც შავად ვხედავთ. აზრიც ღვთითა გვაქვს და განსასჯელად მოგვეცა, ისინი კი გვაიძულებენ ჩვენი აზრი ჩავიხშოთ და მათი აზრის კვალობაზე ვსაჯოთ. იესო ქრისტე დოგმებს ებრძოდა. რა იცოდა, რომ მისი მიმდევრები ძველი დოგმების ადგილას ახალს დაამკვიდრებდნენ და ძველი ფარისევლების ადგილას ახლებს დააყენებდნენ!

- რა იცოდა? მაშ შენ მართლა ფიქრობ, რომ უფალი ჩვენი მაცხოვარი მხოლოდ ადამიანი იყო?

- არა, ბართოლომეო, მე სულ სხვა რამეს ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ბუნების კანონი ერთია და განუყოფელი და მას ყოველი ხორციელი ემორჩილება.

- მაგრამ უფალი...

- მე არა მგონია, ღმერთი თეატრონს მართავდეს, ბართოლომეო. ხორციელად დაბადებულ ღმერთს რომ ის დაჰყვეს, რასაც შენ ერთხელ "ღვთაებრივი ბუნება" უწოდე, ყველაფერი იოლი და მარტივი იქნებოდა. ღმერთს შეუძლია ერთი ბუნებიდან მეორეში გადავიდეს, მაგრამ არ შეუძლია ერთი ბუნების კანონი მეორეში წაიღოს, რადგან ამით სწორედ იმას დაარღვევდა, რაც თავისი ყოვლისშემძლეობის მეოხებით დაურღვეველი და აბსოლუტური შექმნა. არა, ბართოლომეო, ხორციელად დაბადებული ღმერთი ადამიანი უნდა იყოს, უკეთესი ადამიანთა შორის, მაგრამ მაინც ადამიანი.


- 4 - ***

"სახელმწიფო კანონებს ადამიანები ქმნიან და ადამიანებსვე შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში ახლით შეცვალონ. როცა საქმე დროებითსა და წარმავალს ეხება, უმცირესობა მოვალეა უმრავლესობას დაემორჩილოს და შეეგუოს იმას, რაც მისი აზრით სწორი არ არის. რელიგია სხვა რამეა. ჭეშმარიტება ერთია და მარადიული. რწმენა კი ღვთის გზაა. ადამიანს, თუნდაც იგი ათასჯერ პაპი იყოს, არც შესწორება შეუძლია მისი და არც შეცვლა. სხვის რწმენას ვერ შეეგუები და ვერ დაემორჩილები, თუ იგი შენიც არ არის. ჩემი რწმენა და ჩემი გზა სხვაა, პაპისა და ჩვენი წინამძღოლის რწმენა და გზა - სხვა."


- 5 - ***


"და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია." ყველაფერი, რაც მისმა დიდებულებმა დაკარგეს, მასშია თავმოყრილი. ამიტომ სძულთ კიდეც. ეს კარგია, სანამ ბოროტებას სიძულვილი არ განელებია, მანამ სიკეთე ცოცხალია. ამ მთავრის ცხოვრება მძიმე ტანჯვაა, ამიტომ ქვეყანა არ დაიღუპება. ქვეყანა მაშინ იღუპება, როცა იქ ტანჯვის უნარი აღარავის შერჩება."


- 6 - ***


"გეშინია. და თუ ყელს გამომჭრი, ამასაც შიშის გამო ჩაიდენ. კაცი კაცს, მხოლოდ იმიტომ ჭრის ყელს, რომ ეშინია. კაცს იარაღი მხოლოდ იმიტომ დააქვს თან, რომ ეშინია. კაცი სიავეს მხოლოდ იმიტომ სჩადის, რომ ეშინია. ბოროტებას ბოროტი კაციც ისევე თვლის უსამართლობად, როგორც კეთილი, და არც ჩაიდენდა შიშს რომ ლაჩრად არ ექცია. ლაჩარი და ბოროტი ერთი და იგივეა. შიში ყველა ადამიანს დაბადებითვე თან დაჰყვება, მაგრამ ზოგს ჰყოფნის გამბედაობა, თვალი გაუსწოროს თავის შიშს, ზოგს არა. ვისაც არ ჰყოფნის, ის ლაჩარი და უსამართლო ხდება. თანდაყოლილი შიში სიკვდილის შიშია და, ვინც შიშს ბატონად გაიხდის, მას ყველაზე მოსაფრთხილებელი ამქვეყნად თავისი სიცოცხლე ჰგონია. შენ რომ იცოდე, შენი სიცოცხლე იმაზე მეტი არა ღირს, ვიდრე სხვისი, განა მაშინაც მოკლავდი კაცს! ჩვენ ყველანი მშიშრებად კი ვიბადებით, მაგრამ ყველანი ლაჩრები არა ვართ. შენ ლაჩარი გამოდექი და შიშის დაძლევას შიშის დამალვა ამჯობინე, რადგან შიშის დამალვა უფრო ადვილია, ვიდრე გადარჩენა, გაძარცვა უფრო ადვილია, ვიდრე დახმარება, წაქცევა უფრო ადვილია, ვიდრე წამო

ყენება, სიძულვილი უფრო ადვილია ვიდრე სიყვარული."


- 7 - ***


"შენი ტკივილი შენივ განკურნების წამალია."


- 8 - ***


"პირველი ქვა რომ მომხვდა, მათი სახეები და თვალები, რომლებიც თავიდან ავი და ქუში მეჩვენა, ახლა ერთგულ მეგობართა და მოყვასთა სახეებად და თვალებად იქცა, თითქოს ღმერთმა წყალობით გადმომხედა და ანგელოზები მომივლინა, რომელთაც ჩემი სხეული ქვებით უნდა ჩაექოლათ, რათა ამით ჩემი სული გადაერჩინათ. პირველად მაშინ ვიგრძენი, თუ რა ყოფილა ჭეშმარიტი სიხარული. მწამდა, რომ სიკვდილის შემდეგ შენდობასაც ვეღირსებოდი, რადგან ვატყობდი, მიზანში მოხვედრილი ყოველი ქვა ცოდვის თითო მძიმე ლოდს მხსნიდა..."


- 9 - ***


"თქვენს სიკეთეს ვგრძნობ, თქვენს გულმოწყალებას ვხედავ და თქვენს სიბრძნეს ვენდობი."


- 10 - ***


"იქნებ ყოველივე სიცხიანი ბოდვაა?! იქნებ არაფერიც არ არსებობს?! იქნებ მთელი ქვეყანა მძიმე სენითაა შეპყრობილი და ყველაფერი - ცოდვაც, მადლიც, სიცოცხლეც, სიკვდილიც, ღმერთიც, სახარებაც, ცხადიც, სიზმარიც - ყველაფერი მხოლოდ სნეული გონების მოლანდებაა?!

- არა, დავით, - მივუგე მე და ვიგრძენი, როგორ გადმომედო მისი ტკივილი, - რასაც შენ ამბობ, ეს სასოწარკვეთილების ხმაა და არა სიმართლე. კაცის გონება მძიმე სენითაა შეპყრობილი, მაგრამ ეს სენი არც უმიზეზოა და არც საბედისწერო. ადამიანი სამყაროს ჰარმონიიდან ამოვარდა და მარტო დარჩა. უკვე მრავალი საუკუნეა განწირული მეცადინეობით ლამობს, კვლავ იმ ჰარმონიას შეუერთდეს. ადრე თუ გვიან შეუერთდება. მანამ კი ცოდვა-მადლის ტრიალი მუდამ განუკითხაობად მოგვეჩვენება."







111 views0 comments
bottom of page