top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - საჭმელ-სასმელის შესახებ

მერმე თქვა ბერიკაცმა, ფუნდუკის მეპატრონემ: "გვითხარი საჭმელ-სასმელზეც".


და მიუგო მან:


"ნეტა შეგძლებოდათ მიწის სურნელით გეცოცხლათ, მცენარეებივით ჰაერით გეხარათ და სინათლის შუქს გამოეკვებეთ. რომ ჭამოთ, უნდა მოკლათ. წყურვილი რომ დაიოკოთ, ახალშობილს უნდა შეეცილოთ დედის რძეში. რაკი ასეა. დაე, ეს იყოს ღვთისმსახურება. თქვენი ტაბლა, დაე, იყოს საკურთხეველი, რომელზეც ტყეთა და ველთა წმინდა და უბიწო ბინადარნი მსხვერპლად შეეწირებიან იმას, რაც კიდევ უფრო წმინდა და უბიწოა ადამიანში.


პირუტყვს რომ კლავ, თქვი გუნებაში: "შენი მომკვლელი ძალა მეც მომკლავს, მეც შთავინთქმები. რამეთუ კანონი, რომლის ძალითაც შენ ჩემს ხელთა ხარ, მეც ჩამაგდებს უფრო ძალმოსილთა ხელში. სისხლი შენი და სისხლი ჩემი ოდენ სასიცოცხლო წვენია, რომელიც ასაზრდოებს ზეციურ ხეს".


ვაშლს რომ ჩაკბეჩ, გუნებაში თქვი: "შენი თესლი იცოცხლებს ჩემს სხეულში. და კვირტები შენი ხვალინდელი დღისა გაიფურჩქნება ჩემს გულში. შენი სურნელი ჩემს სუნთქვად იქცევა. და ერთად გავიხარებთ წელიწადის ყოველ დროს".


შემოდგომაზე ზვრებში მტევნებს რომ ჩამოკრეფ საწნახელში დასაწურავად, თქვი შენს გულში: "მეც ვარ ვენახი, ჩემი ნაყოფიც მოიწევა და ჩაიცლება საწნახელში. და მეც მაჭარივით ადგილს მიმიჩენენ სამარადისო ჭურჭელში".


და ზამთარში, ღვინოს რომ ამოხაპავ, დაე, შენს გულში ყოველი ფიალისთვის ჟღერდეს საგალობელი. დაე, იყოს ამ საგალობელში ხსოვნა შემოდგომის დღისა, ხსოვნა ვენახისა, ხსოვნა საწნახელისა".



13 views0 comments
bottom of page