top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - სიამოვნების შესახებ

მაშინ განდეგილი, რომელიც წელიწადში ერთხელ ეწვეოდა ხოლმე ქალაქს, წამოდგა და თქვა:


დაგველაპარაკე სიამოვნებაზე.


და მან მიუგო და უთხრა:


სიამოვნება სიმღერაა თავისუფლებისა, მაგრამ თვითონ არაა თავისუფლება. სიამოვნება ყვავილობაა თქვენი სურვილებისა, მაგრამ იგი არაა სურვილთა ნაყოფი. იგი სიღრმეა და უხმობს სიმაღლეს, მაგრამ იგი არც ღრმაა, არც - მაღალი. იგი გალიაშია გამომწყვდეული და აფრენას ლამობს, მაგრამ თვით სიამოვნება არაა შემოსაზღვრული სივრცე. დიახ, ნამდვილად, სიამოვნება საგალობელია თავისუფლებისა. და მე დიდად გავიხარებდი, მთელი გულით თუ იმღერებდით. ოღონდ არ ვისურვებდი, გული ჩაგკარგოდათ სიმღერაში.


თქვენ შორის ზოგი, წყმაწვილი, სიამოვნებას ისე ეწაფება, თითქოს ეს იყოს ყველაფერი. სხვანი მათ განსჯიან და ესაყვედურებიან. მე მათ არც განვიკითხავ და არც ვკიცხავ. დაე, ეძიებდნენ. რამეთუ ისინი ჰპოვებენ სიამოვნებას, მაგრამ - არა მხოლოდ მას.


შვიდი და ჰყავს სიამოვნებას და მათგან ყველაზე ნაკლებ გამორჩეული დაც კი ბევრად მშვენიერია თვით სიამოვნებაზე. ნუთუ არ გსმენიათ ამბავი ერთი კაცისა, მიწას რომ ჩიჩქნიდა და ძირხვენების ნაცვლად განძს რომ წააწყდა?!


თქვენ შორის ვინც ხანდაზმულია, წუხილით იხსენებს სიამოვნებას, როგორც სიმთვრალეში ჩადენილ შეცოდებას. მაგრამ წუხილი დაბინდვაა გონებისა და არა - სასჯელი. მათ უჯობთ, მადლიერებით მოიგონონ სიამოვნება, გაიხსენონ, ვთქვათ, როგორც ნაადრევად მოწეული მოსავალი. და მაინც, მათთვის თუ ნუგეშია წუხილი, დაე, ინუგეშონ თავი.


ზოგი თქვენგანი არც ისე ახალგაზრდაა, რომ სიამოვნებაზე იყოს გადაგებული, და არც ისე მხცოვანია, რომ მოგონებებში იყოს გადავარდნილი. მათ სიამის ძიებაც აშინებთ და გახსენებაც. და გაურბიან ყოველგვარ სიამოვნებას, რათა სათაკილო რამ არ ჩაიდინონ და სული არ წარიწყმინდონ. და სწორედ თავშეკავებაშია მათი სიამოვნება. და ასე პოულობენ ისინი განძს, თუმცა ძირხვენებს თხრიდნენ ხელის კანკალით. მაგრამ მითხარით, ვის ძალუძს სულის შებღალვა?


განა ბულბული შეაშფოთებს ღამის სიმშვიდეს, ან ციცინათელა ციმციმით წააჭარბებს ვარსკვლავებს? და როგორ ფიქრობთ, თქვენი ცეცხლი და თქვენი კვამლი შეაფერხებს ქარს? ხომ არ გგონიათ, რომ სული ჩამყაყებული გუბეა, რომელსაც ჩხირით შეატოკებთ და აამღვრევთ.


ხშირად, როცა თქვენს თავს უკრძალავთ სიამოვნებას, ამით თქვენი სულის უღრმეს კუნჭულში ინახავთ სურვილს. ვინ იცის, ის, რაც დღეს გულში ჩაიკალით, ეგებ ხვალინდელ დღეს მოელის? თქვენმა სხეულმაც კი იცის, რა მოსდგამს მემკვიდრეობით, რა არის მისთვის დაწესებული, და თავს არ მოიტყუებს. თქვენი სხეული ქნარია თქვენი სულისა. და თქვენი ნებაა, საამო ჰანგს გამოსცემთ, თუ შეუწყობელ ხმებს.


და ახლა გუნებაში კითხულობთ: "როგორ გავარჩიოთ, სიამოვნებაში რა არის სასიკეთო და რა არ არის სასიკეთო?"


გადით თქვენს მინდვრებსა და ბაღებში, და შეიტყობთ, რომ ფუტკრისთვის სიამოვნებაა ყვავილების ნექტრის მოგროვება. მაგრამ ყვავილისთვისაც სიამოვნებაა ნექტრის გაცემა. რამეთუ ფუტკრისთვის ყვავილია სიცოცხლის წყარო.


და ყვავილისთვის ფუტკარი არის სიცოცხლის მაცნე. და ორივესთვის - ფუტკრისთვისაც და ყვავილისთვისაც - გაცემა და მიღება სიამოვნებისა არის მოთხოვნილება და ნეტარება. ორფალესის მკვიდრნო, სიამოვნებაში მიბაძეთ ყვავილსა და ფუტკარს.



20 views0 comments
bottom of page