top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - სიკვდილის შესახებ

მერმე ალმითრამ თქვა: "ახლა კი სიკვდილზე გკითხავდით"


და მიუგო მან:


სიკვდილის საიდუმლო გინდათ შეიტყოთ. მაგრამ როგორ მიაგნებთ მის იდუმალებას, ვიდრე სიკვდილს არ მოიძევთ სიცოცხლის წიაღში? ღამღამობით თვალხილული ბუ დღისით ბრმაა. იგი ვერ შეიტყობს ნათლის იდუმალებას. თუ ნამდვილად გსურთ შეიცნოთ სიკვდილის სული, ფართოდ გადაუხსენით თქვენი გული სულს სიცოცხლისას.


რამეთუ სიცოცხლე და სიკვდილი ერთნი არიან, როგორც მდინარე და ზღვა არიან ერთნი.


თქვენი იმედების და სურვილების სიღრმეში დავანებულია გამოუთქმელი ცოდნა იმიერ სამყაროსი. თოვლქვეშ მთვლემარე თესლივით ოცნებობს თქვენი გული გამოზაფხულებაზე. ენდეთ ოცნებებს, მათში მიმალულია კარიბჭე მარადისობისა. თქვენი შიში სიკვდილისა ჰგავს ხელმწიფის წინაშე წარმდგარი მწყემსის ცახცახს, როცა წყალობის ნიშნად უნდა შეეხოს მას მეფის მარჯვენა.


განა არ არის სიხარული მწყემსის კანკალში? მწყემსს ხომ უხარია, მეფემ რომ გამოარჩია? მაგრამ მწყემსი ხომ წუხს, რომ კანკალითაა ატანილი?!


და რას ნიშნავს მოკვდე, თუ არა დედიშობილა იდგე ქარში და დნებოდე მზიზგულზე? და რას ნიშნავს სუნთქვის შეჩერება, თუ არა სუნთქვის გამოთავისუფლებას შეუჩერებელი მიქცევ-მოქცევისგან, რათა გაიჭრას უსაზღვროებაში და ეძიოს დაუსაზღვრელი ღმერთი?! ჭეშმარიტად იმღერებთ მხოლოდ მაშინ, როცა დაეწაფები მდინარეს მდუმარებისას. და მხოლოდ მაშინ დაიწყებთ აღმასვლას, როცა მიაღწევთ მწვერვალს მთისას. და ნაღდად მხოლოდ მაშინ იცეკვებთ, როცა მიწა მოითხოვს თქვენს ხელ-ფეხს, თქვენს სხეულს.



39 views0 comments
bottom of page