თავი თხილი მგონია, გულამდე მისაღწევად ტეხვა მჭირდება

ხშირად ვეკითხები ადამიანებს, რომელ ხილს შეადარებდი თავს?


მემგონი ადამიანებშიც იგივე სხვაობებია რაც ხილში,

მაგალითად ზოგი ხილი ისე იჭმევა - ვაშლი, მსხალი..

ზოგს ჭამ, კურკა აქვს და უნდა გადმოაგდო - ბალი, გარგარი...

ზოგი ჯერ უნდა გაფცქვნა - ბანანი, ფორთოხალი, კივი..

და, არის ხილი, რომელიც უნდა გატეხო.

(ჭამა ეს სრულყოფილებამდე მისვლაა სიმბოლურად)))


მე ხშირად თავი თხილი მგონია, თითქოს გულამდე მისაღწევად სულ ტეხვა მჭირდება. ეს, როცა საქმე გულს ეხება, თორემ, ისე კი ჟოლო მიყვარს, არც კურკა, არც ქერქი, არც დიდია, არც ჩამოგეწუწება, ტკბილია, საკმარისი და გემრიელი. რა გამოდის, სიმარტივე მიყარს? თუ მივისწრაფვი? თხილიდან ჟოლომდე?


...ტკივილიც შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი.


იმდენად მიმზიდველიც, რომ ყველა ადამიანს სურდეს ამ ტკივილის მონაწილე გახდეს, ანუ ყველამ თავისი აგური დაადოს.


რა გამოდის?

რამე შენდება? აბა, რომ მგონია ნგრევა მიმდინარეობს?


არ ვიცი როგორაა მოწყობილი, ალბათ თუ ტკივილისგან სხეული გეწვის, გული შეკუმშულ მდგომარეობაში გაქვს და ფილტვებს ჰაერი აღარ ყოფნის, ეს ნგრევაა და ამ დროს სული შენდება და იჭედება? გამოჭედილ სულს მერე შეუძლია სხეული ხელახლა განკურნოს?


ამასწინათ ვამბობდი, ერთადერთი რაც გაგვაჩნია საკუთარი თავია-თქო, რასაც ვეხებით და ვხედავთ - საკუთარი სხეული, ეს ერთი ციდა კანშემოწერილობა. ხელები გადავაჭდე დღეს, გზაში, იდაყვებთან და ისე დავდიოდი, თითქოს რაღაც წამაცალეს, ან მაცლიდნენ და ვიჭერდი.


ხანდახან როცა ძალიან უჭირს ადამიანს, თვითგადარჩენას რთავს სხეული, გონება.. თუ საჭიროა აღარ იგრძნობ, თუ საჭიროა გაგაბრუებს, უცებ ტყუილში გაცხოვრებს, იმ მომენტში რომ გადარჩე, თითქოს ვერ აცნობიერებ რა მოხდა, ადეკვატური შეფასების უნარები ქვეითდება და ა.შ.


რაღაცამ კი შენში ღრმად იცის, რომ რაღაც შეიცვალა, სამუდამოდ შეიცვალა, დიდი დანაკარგის მსგავსი დარჩა. დარჩენილი წლებიც პირზე "განკურნება" გაკერია.


განვლილ ცხოვრებას გაზრდილი რომ გადაავლებ თვალს, ხვდები, რა, რატომ და საიდან გტკივა. რომელი ერთი უნდა განკურნო? საიდან უნდა დაიწყო? მერე სხვებზე ვიწყებ ფიქრს.. საკუთარი ტკივილის განცდის მერე სხვისი ტკივილის გრძნობა ადვილია. ვხვდები, რომ ჩვენ, ყველანი, დაავადებულები ვართ. გამოსავალი მოძრაობაა და თანაარსებობაა, ტკივილის გამოყენება და გარდაქმნა. აბა, ის პერიოდიც გამოვიარე როცა დავნებდი და დანებებამ მიმიყვანა სხეულის ჩამოშლამდე.

არ გიხარია არსებობა და გტოვებს სიცოცხლე.

მე თხილი ვარ.

თხილი რომ ჭამო,

უნდა გატეხო.



არაფრით არ შემიძლია იმის გადმოცემა, რაც გულში მაქვს,

შენამდე რომ სიტყვების მოტანა მომინდა, ხილზე დავიწყე ლაპარაკი, თხილი ვარ-თქო, ჟოლო მიყვარს-თქო. მერე საზოგადოდ ტკივილზე და საკაცობრიოდ განკურნებაზეც...


კი,

მინდა ვიყო ჟოლო,

მარტივი.


#InterYou #Daruma


 

 

Copyright © 2019 Interview