ისტორია ოთხშაბათის შესახებ

ისტორია ოთხშაბათის შესახებ.


ამბობენ წართმეულს არ გიბრუნებს მშიერი ქარიო.


ერთი ბიჭი მიყვარდა. უფრო მე მიყვარდა, ჩემი სიყვარული ორივეს გვყოფნიდა. სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს ასე, მაგრამ, აუცილებლად აღარ გენდომება, სხვასაც ამყოფინო. ცხოვრება გთხოვს ბალანსს და თუ ძალიან გასცემ, ძალიან სურს რომ დაგიბრუნოს და თუ ძალიან იხვეჭ, უნდა რომ წაგართვას.


ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრო?..

მნიშვნელოვანი ოთხშაბათი იყო, ჩემთვის საკრალური მნიშვნელობის. რომელიც ჩაიშალა, მესიჯზე პასუხის დაგვიანების გამო, იმის გამო რომ ჩამეძინა და ყველაფერი გამოვტოვე, მთელი ოთხშაბათი, დიდი ხნის ნანატრი. გულის წყვეტა არ ერქვა იმას რამდენი საათიც ტირილში გავატარე. ტირილი უჩვეული არ ყოფილა, მაგრამ ეს სხვაგვარი სინანული იყო, ვერასოდეს დავიბრუნებდი ამ ოთხშაბათს, არ მინდოდა სხვა დღე, სხვა შანსი და სხვა ადამიანი, მე ზუსტად ის დღე, ის შანსი და ის ადამიანი მინდოდა. არ ვიცი თუ გქონიათ განცდა, რომ გამოტოვე, და ზუსტად იცი ვერ დააბრუნებ, ვერც გაამეორებ. ეს სრულყოფილი ამბავი უნდა ყოფილიყო.

რას ვიზამდი. დანაკარგს შევეგუე.

დრო კარგი რამეა. მოვლენები ვითარდება დროში. დრო კი დანებებას გვთხოვს. არ გვაპატიებს გაბატონებას, თითქოს გეუბნება შენი ადგილი იცოდეო და თუ გაიგებ, დაგიბრუნებს ყველაფერს, რასაც იმსახურებ. წართმეულს კი აუცილებლად გიბრუნებს ცხოვრება, იმას, რაც ნამდვილად გეკუთვნოდა და უსამართლოდ ჩაიშალა ყველაფერი.

მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და ერთ-ერთ დღეს, სეზონი გაზაფხული იყო და ამინდი მზიანი, დღე კი ოთხშაბათი, პირველად ვიყავი ისეთი ბედნიერი როგორც იმ ოთხშაბათს უნდა ვყოფილიყავი. დაუგეგმავად და სპონტანურად. დამთხვევა იყო? არ ვიცი.. ოთხშაბათი კი იყო, გაცილებით უფრო ლამაზი და სავსე, ვიდრე ის იქნებოდა. ამ ოთხშაბათს გაგრძელება არ ქონია და ვიცი რომ არც ექნება, რადგან ეს მხოლოდ უსამართლოდ წართმეული ვალის დაბრუნება იყო.

თუ ოდესმე რამეზე ძალიან დაგწყდათ გული, რამე გამოტოვეთ, თუ რაღაც აშკარად გეკუთვნოდათ ყველა ბუნების კანონზომიერებით და მაინც არ მოგეცათ იმ მომენტში, ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ აუცილებლად მოგეცემათ,

ადრე თუ გვიან,

თანაც გაცილებით უფრო დიდი და უკეთესი, უფრო სავსე და უფრო ლამაზი, ვიდრე წარმოდგენა შეგეძლოთ.


თუ ჩავეძიებით, ძალიან სრულყოფილი გამოდის ყველაფერი. მე მომიგროვებია ერთი სრულყოფილი წუთი, საათი, კვირა, თვე, სეზონიც კი. თუ დროის გასვლას დავუცდი და შორიდან გადავხედავ სრულყოფილი წელიც კი გამოსულა.


ორ აბზაცად დაწყებული სრულყოფილი ოთხშაბათი კი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედაც შეიძლება გაცხადდეს.

ვიმეორებ

დრო მშვენიერი რამაა.

ისტორია ოთხშაბათის შესახებ კი - სრულ(ყოფილი).


#InterYou #Daruma


 

 

Copyright © 2019 Interview