უნდა ვენდობოდე იმ სამყაროს რომელსაც თავად ვქმნი

***

მინდა მოგიყვეთ ზღვიდან დაბრუნების ისტორია და მაინცდამაინც სად გახდა სამყარო საკუთარი ქოხივით კომფორტული.


მთელი დღე წვიმდა, საღამოს 6 საათზე ბათუმიდან გამოსული ღამის 12 ზე ჩავედი ხაშურში. ხაშურიდანაც რამეს გავყვებოდი.

ერთი ტლაპო, მეორე, მესამე, გადავახტი, გადმოვახტი, სანდლებით და შიშველი ფეხებით.

- აბა ბორჯომი, ბაკურიანი გავდივართ.

- გოგონა საით მიდიხარ?

ვუთხარი ქალაქი და გაშრა, რაღა დროს ეგაა, რომელი საათია ვინღა ჩამოივლისო, - ავტოსტოპით გავყვები რამეს-თქო. ხელები გაშალა და ისევ გაშეშებული სახით - ვინ წაგიყვანს გოგონა ეხლაო. ავისხლიტე უიმედო განწყობა და მორიგ ტლაპოს გადავახტი.


ორი გზა იყო, მომაძახა, - აქეთაა გზა გოგონა, აქეთ.

სანამ მითითებულ ტროტოარზე დავბრუნდებოდი, მიმოვიხედე და გავიაზრე: ვარ ხაშურში, ღამის 12 საათზე, წვიმს, ცივა, ტელეფონი გათიშული, სად ვარ, რა ვქნა.


დიდი ნაბიჯი გადავდგი, მზერა ნაბიჯს გავაყოლე, მიწა ტალახისფერი იყო, ამოზნექილ პატარა ქვებს ლამპიონები ანათებდა, პატარა ტლაპოებში წვიმის წვეთები ვარდებოდა, ამ თბილ შეხებას ვარდნას ვერც დავარქმევდი, ვიბრაციების მსგავს წრეებს ქმნიდნენ, უმცირესიდან უდიდესამდე, უმცირესის მომარაგება ციდან ხდებოდა. თითქოს ცა, წყლის მეშვეობით, მიწას სათქმელს ეჩურჩულებაო. აღვიქვი ჩემი ფეხიც, თხელი, შეცივნული, წითელი მანიკურები და ჯადოსნური სანდლები, რომელსაც მხოლოდ ტერფი აქვს და ფეხი ზემოდან მთელი სისრულით ჩანს. აწეული ფეხის მიწაზე დადგმა და გაფიქრება ერთი იყო: სამყაროს საკუთარი არსებობის შეგრძნებით ვუთხარი: გ ე ნ დ ო ბ ი.


არის სიტყვა და არის ჯადოსნურად ნათქვამი სიტყვა.


ხაშურმა, ღამემ ან წვიმამ როგორ უნდა შემაშინოს-თქო და ყველა მგზავრი ჩემი მეგობარი გახდა, გზა - სახლი და ტროტოარი საკუთარი კუთხე.

მშვიდად გადავედი გზაზე, არც ქუჩის დასაწყისში და არც შორს, იქვე მაღაზიასთან. გამიჩერა ერთმა მანქანამ, ბორჯომში მიდოდა და არ მაწყობდა, მეორეც ასე, მესამეს მოლოდინში ჩემს ზურგსუკან მდგომი მარშუტკის კარი გაიღო, რომელთანაც ნახევარი მეტრი მაშორებდა და მძღოლმა ჩემი ქალაქის სახელი გააჟღერა, - იქ მივდივარ, ხომ არ წამოხვალო.


ამასწინათ ვამბობდი, სამყაროს ისე ვგრძნობ, თითქოს ამაზე ახლობელი არავინ და არაფერი მყავდეს და წამოწოლილმა გავძახო: - აუ წყალი მომიტანე რაა.

როცა ღმერთი გიგზავნის დახმარებას მოვლენის ან ადამიანის სახით, ვისწავლე რომ უნდა შევამჩნიო, მერყეობა და ეჭვიანობა არ დავიწყო და დავაფასო. არცერთი წუთით არ მიყოყმანია წავყოლოდი თუ არა, ჯერ ვერ განვვითარდი ისე, ასეთი შემთხვევის მერე გაოგნებული არ დავრჩე და ბოლომდე მწამდეს, რომ ჩემი სამყარო ყოველთვის ჩემთვის, ჩემ გარშემო და ჩემ საკეთილდღეოდ ტრიალებს.


სანდომიანი კაცი იყო, თითქმის მოხუცი, გამხდარი, კეთილი თვალებით, მკლავებზე აკეცილი გაცრეცილი პერანგი ეცვა.

ბაზარში გავდივარ დილის 6ზე და მაგისთვის მოვდივარ გორიდან, აქ მაღაზიასთან გავჩერდი სიგარეტის საყიდლადო. მშვიდობიანი მგზავრობისთვის ამაზე უკეთეს სიმართლეს რას ვისურვებდი. ნახევარი გზა ჩუმად ვიყავით, თავს სასიამოვნოდ ვგრძნობდი, გაქრა სიცივე, შიმშილი და ყველა მღელვარება.

მორიდებული კაცი იყო, კითხვები შემომაპარა:

- მუშაობ?

- კი.

- სად სწავლობ?

- ორი უნივერსიტეტი დავამთავრე.


საუბარი შევატრიალე:

- შვილები გყავთ?

- კი

- ორი?

- კი

- გოგო და ბიჭი?

- კი

- ბიჭი უფროსია?

- კი.

- გოგო გათხოვილია?

- ეხლა აპირებს.

- ბიჭი მუშაობს?

- კი.

წინასწარ განჭვრეტილი პასუხებისთვის შეკითხვების დასმა ჩემი ჰობია, უხერხული შეკითხვებისაც.

- სასიძო მოგწონთ?

- ეგ მერე გამოჩნდება.

- ბაზარში ვაშლი უნდა გაყიდოთ?

- კი, საიდან მიხვდი?

- ვაშლის სუნი დგას, თან გორიდან მოდიხართ.


გადაყო ხელი და ბედნიერმა სამი სურნელოვანი ვაშლი მომაწოდა. ცოტა გავხალისდი, გავთამამდი. მშიერ კუჭს ვაშლზე უკეთესს რას მივაწვდიდი.


- ღმერთის გწამთ?

- რა თქმა უნდა, ღმერთის როგორ არ უნდა მწამდეს. აბა რითი ვცხოვრობ.

- რამის გეშინიათ?

- არაფრის საერთოდ.

- რატომ?

- ჩემ სიცოცხლეში ცუდი არაფერი გამიკეთებია, სიბოროტე არ ჩამიდენია.

- სინდისი გაქვთ სუფთა?

- დიახ.


მაღაზიასთან შეაჩერა მწყურიაო და ფანტებით დაბრუნდა, ერთი მე მომცა. ვგრძნობდი რომ ჩემი იქ ყოფნით მისი ცხოვრება გახალისდა, ისეთ აწმყოდ იქცა, რომლის მნიშვნელობასაც გრძნობ და გინდა კარგად გაიმახსოვრო.


მიმიყვანა მთლად სახლამდე, გარეთ დედა დამხვდა, გადამეხვია, სახლში შევედით რათა დამესვენა, რათა მეჭამა, რათა დამებანა, რათა დამეძინა. ნაკლებად კომფორტულად არც მანამდე ვიყავი, სამყარო ჩემი სახლია და არაფრის მეშინია. შიში გრძნობაა, გრძნობა მრავალი დამეუფლება ხოლმე, მაგრამ...


რწმენა ღრმადაა გაჯერებული, რომ უნდა ვენდობოდე იმ სამყაროს, რომელსაც თავად ვქმნი.


#InterYou #Daruma


 

 

Copyright © 2019 Interview