top of page

Interview: Zura Odilavadze

ტკივილისა და განსაცდელების გადატანაში იბადება უშიშარი, თავისუფალი ადამიანი

რა გრძნობაა რომ მიმოიხედეთ და უკვე 65 წლის ხართ, მე გუშინ გავაცნობიერე რომ არანაირი მომავალი არ დგება და რამე თუ მინდა დღესვე უნდა შევქმნა. ჩემ შვილს არ მოვატყუებ რომ წინ აქვს მთელი ცხოვრება, ვეტყვი ხოლმე რომ ეხლა აქვს მხოლოდ შანსი.


- ასაკს რაც შეეხება, ადრე დავწერე: წლები – სხეულისთვის მძიმე ტვირთია, გონებისთვის სიბრძნეა, სულისთვის კი თავისუფლების ფრთები. ადამიანები არ იცვლებიან და მხოლოდ იმ სიმართლეს იღებენ, რომელიც მათ აწყობთ. ამიტომ მეც შევიცვალე და გულგრილი გავხდი. ეს გარდაქმნები ჩემში თავისთავად მოხდა – ქვეცნობიერის დონეზე, ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად. ათასგზის დავრწმუნდი, რომ მომავალზე წუხილი, ცხოვრების, თუნდაც ერთი წლით დაგეგმვა, აზრს მოკლებულია. მომავალი მაინც მოულოდნელ არჩევანს გვთავაზობს. მაინც ისე იქნება, როგორც იქნება და წინასწარ თავის მოკვლა, არაფერს ცვლის.


გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რას მიგახვედრათ ცხოვრებამ


– ცხოვრება უკიდურესად უსამართლოა. ამიტომ იმისთვის რომ არ გაბოროტდე, ის აბსურდათ უნდა აღიქვა და ამ უაზრობას შეურიგდე. არ იყო ბრიყვი, პირველ ყოვლისა, ნიშნავს – არ იყო შურიანი და ბოღმა. ცხოვრებისეული აბსურდის ფორმულა კი ასეთია: ჩვენ ვცხოვრობთ მომავლით, რომელიც გვაახლოებს სიკვდილს. პარადოქსია, მაგრამ, ამავე დროს, ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება სამართლიანიცაა! სამყაროს ერთი ფუნდამენტური კანონი მართავს: უსამართლობას რომ შეურიდგები, საკუთარ უძლურებას მიხვდები და ქედს მოიხრი, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას ეს კანონი და ბოროტება აუცილებლად ისჯება. როგორც ჩინური სიბრძნე გვასწავლის: მდინარის პირას წამოწოლილმა მშვიდად აკეთო შენი საქმე, მტრების გვამებს კი დინება ჩამოატარებს...


რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?


– ერთმნიშვნელოვნად – მიაღწიო თავისუფლებას! გაჩენის დღიდან ყველა ცდილობს, თავს მოგახვიოს საკუთარი ნება. ადამიანი იბადება იმისთვის, რომ გაიაროს გზა დამოკიდებული მდგომარეობიდან (მშობლები, გარშემომყოფნი, გარემოებები) თავისუფლებამდე. ჩემი ცხოვრება – პროტესტია და კოლექტივთან, მასში გაბატონებულ ავტორიტეტებთან და შეხედულებებთან დაპირისპირება.

მთელი ცხოვრება სხვის ნებასთან ბრძოლაში გავატარე, ხშირად საღი აზრისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგაც.


მაგრამ არის კიდევ რაღაც უფრო დიდი და ძნელად მიღწევადი, ვიდრე ინდივიდუალიზმია. პიროვნების განვითარების ყველაზე მაღალი საფეხური ასეთია: თან იყო კაშკაშა, მკვეთრად გამოხატული ინდივიდი, ერთადერთი, განუმეორებელი და, იმავე დროს, ჩვეულებრივი, როგორც ყველა – ესაა ადამიანის განვითარების მწვერვალი! სწორედ რიგითობასთან შერიგებასა და ჩვეულებრიობის განცდის შესისლხორცებაა ადამიანისთვის ყველაზე დიდი სირთულე, ასეთია ჩვენი რაობის აღქმის უდიდესი სიძნელე.


რა ავიწყდებათ ხოლმე ადამიანებს ყველაზე ხშირად?


– რომ ის მოკვდავია! უფრო ვრცლად: რომ დღეს ის მხოლოდ მტვრის ნაწილაკია ამ უკიდეგანო სამყაროში, ხოლო ხვალ ისიც აღარ იქნება...


რას ეტყოდით იმ ადამიანებს ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას?


– იყავი ადამიანი! ე.ი. სიკეთის ჩამდენი, უბოროტო არსება, რომელსაც სძულს ტყუილი და სიყალბე. ყველა ღონე იხმარე, რომ გახდე დამოუკიდებელი პიროვნება, რომლისთვისაც მთავარია ღირსება – ე.ი. წესიერებას დამატებული უშიშრობა.


ბედნიერი ხართ? რა არის ბედნიერება თქვენთვის?


– ალბათ, ასეა: ბედნიერი ვარ იმით, რომ არ ვარ უბედური. მატერიალური სიკეთეების განხრით, მე მინიმალურით, ვკმაყოფილდები. ყოველდღიურობის წნეხი და ერთფეროვნება მეტად დამთრგუნველია. მეც ვწერ, რათა ყოველივეზე არ ვიფიქრო. დღედაღამ ვფიქრობ, მსიამოვნებს აზროვნების და მიგნებების პროცესი.


ჩემი ყველაზე დიდი კაიფია – წერაში ღამეების თევა და ტექტსის გაუთავებელი დახვეწა, რათა გამოსათქმელი აზრი მაქსიმალურად მოკლედ ჩამოვაყალიბო და ამავე დროს, სიტყვათა იდეალურ შეთანხმებასა და ტექსტის მელოდიურ ჟღერადობას მივაღწიო – შევქმა ლიტერატურული სიმფონია. თუ ამ დროს ვსვამ ყავას, ვაბოლებ ჩიბუხს და უჯრაში ასი-ორასი დოლარიც მეგულება, სრულ ნირვანაში ვიმყოფები!


რა გამხიარულებთ ხოლმე ყველაზე მეტად?


– რაც ყველა ადამიანს: წარმატება, ქალი, ფული, გამარჯვება, ქება...


რას შეუძლია თქვენი გაცინება?


– თუ გულწრფელ სიცილზეა საუბარი – იუმორს, კომიკურ სიტუაციებს. ირონიულად კი თანამედროვე ფეოდალებზე მეცინება – მათ კუტოკზე და განდიდების აგრესიული სურვილზე, რომლის უკანაც მეორეხარისხოვნების განცდა იმალება. ყველაზე კომიკური მათი გაჭაჭვა და კონსერვის ქილით შემოფარგლული ქება- დიდება.


რისთვის იბადება ადამიანი?


– შემოქმედებისთვის და მასში ბედნიერებისთვის. ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი – ეს მისი მთავარი უფლებაა, შეიძლება ითქვას, მისი ცხოვრების აზრია. პიროვნება თავს ბედნიერად იგრძნობს, თუ მას აქვს მნიშვნელოვნების განცდა, რაც თავის წარმოჩენითა და საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღებით მიიღწევა.


რა არის ეს სამყარო თქვენთვის?


– აი, რაც არ ვიცი, არ ვიცი... ის კი ვიცი, რომ ზებუნებრივი ძალა თუ ვიღაცის ,,ხელი“ აშკარად განაგებს ჩვენს ბედ-იღბალს – ამაში არ შეიძლება არ დარწმუნდე, თუ მძიმე, განსაცდელებით სავსე ცხოვრებისეული გზა გაქვს გავლილი...


ასტრონომია გვამცნობს, რომ შორეული გალაქტიკები დაშორებულნი არიან ჩვენგან მილიონობით სინათლის წლებით. წარმოიდგინეთ – მილიონი სინათლის წელი... სინათლის სიჩქარე უდრის 300 000 კმ/ წამში, ანუ ეს სივრცე ჩვენგან დაშორებულია იმდენი კილომეტრით, რამდენ წამსაც იტევს ერთი წელი და დამატებით გამრავლებული 300 000!!! ყოველივე კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მტვრის ნამცეცი ვართ კოსმოსური აფეთქებით წარმოქმნილ მილიარდობით ნატეხს შორის. ასე რომ, ჩვენი ცოდნა უზომო ,,შავ ხვრელებსა” და გალაქტიკის უსასრულობაში იკარგება... ვინ, რა იცის ამ სამყაროს შესახებ?! რა თქმა უნდა, არავინ – არაფერი! ზოგიერთი მხოლოდ იჩემებს, რომ იცის...


რისი გეშინიათ ცხოვრებაში?


– უკვე თითქმის აღარაფრის... რის შეიძლება გეშინოდეს ჩემი გამოცდილების ადამიანს? რაც კი უბედურება შეიძლება მომხარიყო, ყველაფერი გადავიტანე. მთავარი ცოდნა ასეთია – ფეხებითაც რომ დამკიდონ, ვიცი მივეჩვევი, შევურიდგები და გავუძლებ. ასე რომ, მეშინია, მხოლოდ იმის რომ რამე ცუდი მოუვიდეს შვილებს, სხვა არაფრის.


რა არის რასაც ვერ ერევით ვერასოდეს?


– როგორც ყველა ადამიანი, ალაბათ, ეგოცენტრიზმს


რისი გაცნობიერება გაგიჭირდათ ცხოვრებაში?


– ცხოვრების უსამართლობისა და აბსურდულობის


რას ჩაწვდით?


– რომ ადამიანები არ იცვლებიან და ამიტომ ყველაზე სწორი გზაა – დაიკიდო


რისი გწამთ გულის სიღრმეში?


– რომ კეთილი მაინც სძლევს ბოროტს, დროებით, მაგრამ მაინც... მერე დიდი ხნით ისევ ბოროტება გაბატონდება... და ასე, თავიდან...


რას გააკეთებდით ღმერთი რომ იყოთ?


– ადამიანს ძალაუფლება რყვნის, ამხელა ძალაუფლების წარმოდგენაც კი არ მინდა...


რა არის ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი?


– დედა და ქალი


როგორი ქალია მშვენიერი ქალი?


– შენ რომ გიყვარს


რა პრინციპით ცხოვრობთ?


– არ დანებდე, მიაწექი უმრავლესობას, კოლექტივს!


რას ნიშნავს თქვენთვის განშორება?


– სასტიკ ტკივილს


რა მოაქვს ტკივილს?


– უდიდესი გამოცდილება. ტკივილისა და განსაცდელების გადატანაში იბადება უშიშარი, თავისუფალი ადამიანი... რაც ბოლოს მაინც გაქვავებით სრულდება


მითხარით თქვენი საყვარელი ფრაზა


,,ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაგამციროს, ხარ თავად შენ“



32 views0 comments
bottom of page