top of page

აღარ მისცემ თავს უფლებას ზურგშექცეული ადამიანები გიყვარდეს..

სულერთია

ნაბიჯი პირველი: ჩართე

დანარჩენი ნაბიჯები თვითონ მიკარნახე.


სულერთია რაზე დაიწყებ წერას, გადაუღებელ წვიმებზე, იმაზე რომ შენი ქალაქი მაკონდოს ჰგავს, შენი შემოდგომა კი მაინც უმოწყალოდ იწვის, თუ იმაზე, რომ პოლკოვნიკს დაემსგავსე, რომელსაც მოთმინების ფიალა უკვე აევსო და სწორედ ამიტომ ჰგონია რომ არავინ სწერს..


შეიძლება მეგობრებზე წერო, ყოფილ, მოქმედ ან ახალ მეგობრებზე და ყველანაირი ცეცხლი ერთდროულად წაგეკიდოს და სანამ ჩანავლდები საკუთარ თავს სილა გააწნა და უთხრა, რომ ისინი კი არ მიდიოდნენ, შენ კარგავდი მე-ებს და მე-გობრები უცხოვდებოდნენ, რომ შენი ბრალია, რომ შენი ბრალია!!!


- შეგიძლია ამაზე წერო!


ძველ, ახალ და მომავალ სიყვარულებზე დაწერ, რომელსაც გუშინ და დღეს ერთი და იმავე ადამიანის სახე ჰქონდა და პოსტ სკრიპტუმის სახით იმედს გამოთქვამ, რომ ხვალ მაინც შეიცვლება და თუ არ შეიცვლება, პირობას დადებ, რომ თავად შეიცვლები, გაცივდები, გალურჯდები და აღარ მისცემ თავს უფლებას ზურგშექცეული ადამიანები გიყვარდეს.


შეჰპირდი საკუთარ თავს, თუ ვერ შეასრულებ შეჰპირდი მაინც! სამყაროზე დაწერ, მოქანავე ყოფიერებაზე, ჯერ რომ არც იქით გადაგისროლა და აქეთაც ხარ და არცა ხარ, ყოფნა-არყოფნის ამბავსაც ჩაურთავ და შესაძლოა თავის ქალას ფოტოც დადო, იმის სადემონსტრაციოდ, რომ უბრალოდ ყურმოკრული კი არ გაქვს ეს ფრაზა, შექსპირს პირადად იცნობ, ჰამლეტი საკუთარი თვალებით წაიკითხე და ფილმიც დააყოლე დესერტად.


სამყაროზე წერა აბსურდის გარეშე ხომ ვერ ჩაივლის და აგერ შენი საყვარელი მწერლების ხსენების შესაძლებლობაც მოგეცემა, ჩამოუყევი და ილაპარაკე სარტრიზე, კამიუზე, კაფკაზე, მათ არააბსურდულ ყოფაზე და თვითმკვლელობამდეც მიხვალ, ეს კიდევ ისეთი თემაა, ,,როგორ გინდა არ წერო?!'' და თან ,,როგორ გინდა წერო?!''


ამდენი მართლმადიდებლის გარემოცვაში, ამდენი დოგმებისა და მოსაზღვრულობების, მკაფიო და გავძეხი წინადადებების ჩარჩოებში..


მაინც იტყვი შენს სათქმელს, ვისაც რა უნდა ის თქვას, ყველას თავისი გზა და არჩევანი აქვს. ამასობაში განწყობა უფრო მეტად გაგიფუჭდება და საკუთარ თავსაც მიადგები, საკუთარი თავის მოყოლას დაიწყებ იმ იმედით, რომ მაინც ვერავინ მიგიხვდება, რას წერ, ვისზე წერ, წერამ აგიტანა თუ რა ჯანდაბაა შენს თავს.


ბოლოს კი...


გულწრფელობისთვის ათასჯერ კისერწატეხილი, ათასჯერ ენაზე ნაკბენი, ათასჯერ მიტოვებული და საყვედურიანი თვალებით დაშლილი და ვეღარ აღდგენილი, გულწრფელ ფრაზას მაინც ჩააკვეტებ შენს პოსტში და იტყვი რომ გზავნილია, მე-გობრებისთვის, რომლებიც გყვანან კიდეც და არც გყვანან. რომ უბრალოდ გინდოდა გეთქვა, რაზეც არ უნდა დაიწყო წერა, მაინც სიყვარულამდე მიხვალ, იმიტომ კი არა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო, იმიტომ, რომ არ ვიცი რატომ.


სათქმელი ყოველთვის ერთია, სულ ერთი.


მეგონა, არასდროს დავიღლებოდი თქვენი სიყვარულით.


,,მეგონამ'' გააფუჭა ყველაფერი. დავიქანცე.



98 views0 comments
bottom of page