top of page

გოგო, რომელიც იღიმის

და მე მეშინოდა.


რისი - არც ვიცი, და ეგ ალბათ იმიტომ, რომ ბევრი რამე მაშინებდა, გამორჩევა და აღრიცხვა კი მე ზარმაცს დამეზარა.


როგორ არ მინდა, ყველაფერი გაგიმხილოთ, რაც გულში მაქვს. არადა, საზარლად მამძიმებს ეგ ყველაფერი და თქვენზე, უცნობებზე უკეთესს ან ვის გავუმხელ? ძალიან მინდა, ყველაფერი გაგიმხილოთ, რაც გულში მაქვს. თვითმკვლელობის საუკეთესო ნაირსახეობა თუ გინდა, ესაა - მტანჯველიც და სასიამოვნოც, ორივე თითქმის თანაბრად და ამ „თითქმისს“ რომლის სასარგებლოდ ვამბობ, არც ვიცი.


ელა ბურინშტეინი რომ ვნახე, მოვიხიბლე კიდეც, დიდი კი არაფერი, მაგრამ რაც იყო, ჩემი გემოვნებისა იყო - გრძელი და ლამაზი, შავი და სწორი თმებით, ჯიშიანი ფეხ-მკერდითა და ბავშვურად ლამაზი სახით, საერთო ჯამში მესექსუალურა.

ელა არ ერქვა, არც ბურინშტეინი იყო, ეს სისულელეები თავად დაირქვა და სინამდვილეში ფანგანს უხმობდნენ გვარად. გვარიც მომეწონა და როცა მივედი, რამდენიმე ეტაპიან გამოცანად შემომეგება, თუმცა განსაკუთრებით რთული არცერთი იყო. ჯერ დაიჩემა, უგზო-უკვლოდ პოზიტიური ვარ და ჩემს მოწოდებად ის მიმაჩნია, ნაცრისფერი ადამიანები გავაფერადოო. ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი, მაშინვე ჟურნალის ბოლოებში ბავშვებისთვის განკუთვნილ „აბა გამაფერადე“-დ ვიქეცი და ვუთხარი - მე ვარ ნაცრისფერი, ადამიანიც, ჰოდა, მაგემე შენი ფერწერის ძალა-მეთქი.


გამიღიმა, ისე, თითქოს არც მეთქვას ეს სისულელე და მიპასუხა:

- მე რომ ახლა ხელში ბასრი დანა მეჭიროს, წინ კი ის ადამიანები მედგნენ, რომლებიც მთელი ცხოვრება ნერვებს მიშლიან, ულაპარაკოდ გამოვღადრავ ყელებს და მათ ნაცრისფერ სხეულებს წითლად გავაფერადებდი.


შევშფოთდი და გულმა მიგრძნო, რაღაც ისე ვერ იყო, როგორც ვივარაუდე. ელა პოზიტიურს სულაც არ ჰგავდა, თუ მის სიტყვებს გავითვალისწინებდით, მაგრამ მისი ღიმილიც თვალწინ მედგა. თბილი და სველი, აღმგზნებად სასიამოვნო გრძნობების აღმძვრელი ღიმილი.


ბევრი არც მიფიქრია, უბიდან ჯიბის დანა დავაძრე, გავშალე და გავუწოდე, თან სიტყვაც მივეცი, რომ არ ვიფართხალებდი. მაშინ მართლა მომინდა ელას ხელით სიკვდილი.


იმან ისევ ისე გამიღიმა, დანა არ გამოურთმევია, ბასრ პირს მხოლოდ საჩვენებელი თითი დაუსვა, ნელა, გულმოდგინედ და მერე იქიდან წამოსული სისხლი ჯემივით დააგემოვნა, ნეტარებისგან თვალებიც მინაბა და მივხვდი, ძალიან გემრიელი სისხლი უნდა ჰქონოდა, ნერწყვი მომადგა, მეც გამასინჯე-მეთქი, ვუთხარი.

ხელი გამომიწოდა და მეც ხარბად დავეწაფე მის საჩვენებელს.

გემრიელი იყო, კი, ძლივს შეველიე. კვლავ მიღიმოდა. მიღიმოდა. რატომ მიღიმოდა?


- რატომ მიღიმი?

- მე ყოველთვის ვიღიმი და არასოდეს ვიცინი.

რა სისულელეა-მეთქი, გაბრაზებულმა შევუღრინე, იმიტომ, რომ ძალიან მომხიბლა. ყველაფერს ხომ თვისი საზღვარი აქვს? აქვს. პასუხად, რა თქმა უნდა, გამიღიმა.

გოგო, რომელიც იღიმის.

- ახლა რამე უაზრობას იზამ. - ღიმილით იწინასწარმეტყველა.

- არაფერიც. - შემეშინდა, მართალი იყო ელა, ფანგანმა გამოიცნო. ყოველთვის ასე ხდებოდა - მე ხომ აზრი ჯერაც არ მეპოვა. არაფერში. უაზრო ვიყავი, ელამ გამშიფრა. გული დამწყდა.


ნუ იბუტებიო, მანუგეშა, საყვარელიც კი გეთქმისო. ოღონდ ეგ სტატუსი, რა თქმა უნდა, იმისთვის ვერ იკმარებდა, ფანგანს შევყვარებოდი. ანაც, ზოგადად, ვინმეს, ჩემივე ჩათვლით.


როგორ ვცდილობდი, არაფერი მექნა, არაფერი ხომ უაზრობად ვერ ჩაითვლება?! მაგრამ რად გინდა - ელას ლამაზი სახე მისივე ლამაზი თმით დაფარულმა კეფამ შეცვალა, ნელა მიდიოდა, იცოდა, დავედევნებოდი და ასეც მოვიქეცი.

- ვერ გაგიშვებ. - ვუთხარი და მარჯვენა ხელის გული მივაშვირე.

- ვიცი. - მითხრა და სვლა არ შეანელა, ჩემს ხელის გულს მკერდით შეეხო.

ერთადერთი გზა მაქვს, გავიფიქრე და ვერც ვიგრძენი, როგორ დამაიმფიცირა უაზრობამ.

დავადექი ერთადერთ გზას - ელა არ გავუშვი.

მოგვიანებით, როცა სისხლიან ხელებს გულმოდგინედ ვიწმენდდი, თვალწინ კვლავ ფანგანი მედგა. გოგო, რომელიც იღიმოდა.

პ.ს. უაზრობა ამ ისტორიით შედგა.


30 views0 comments
bottom of page