top of page

გულწრფელობა = საყოველთაო გადაფრენას!...

საყოველთაო გადაფრენამდე..


(შენთვის, შენით და შენზე)

ჩემი მეგობარი ამბობს, რომ გულწრფელობა = ცოტა ადამიანს. გულწრფელობის თანაფარდობა არავისთან = გულის არგახსნას გულთან. მერე მე მომაპყრობს მწვანე სივრცეებს და სევდისფერი სიმშვიდით მეტყვის: თუ გულწრფელობა გაუტოლდა არავის, დაღუპულია ადამიანი!

და მე წარმომიდგება დაღუპულთა სახეები. ერთი, ორი, სამი... არა, არ ღირს, მეტისმეტად ბევრნი არიან, ადამიანთა საზოგადოებისთვის შეუფერებლად ბევრნი..მერე და რატომ? ნუთუ ასე ძნელია..? - ვფიქრობ, ვიხსენებ სიტყვის წარმომავლობას: წრფელი - მართალი, სწორი, პირდაპირი... მეგრული შესატყვისი - ჭიფე - წმინდა, სუფთა, ე.ი. კომპოზიტი გულწრფელი = გულმართალს, გულით სუფთას, წმინდას და ნუთუ ასე ძნელია, ადამიანებო?!

და ,,მოდის’’ გრიგოლ რობაქიძე: ,,მისთვის გული მხოლოდ კუნთი არ იყო, ის იყო ხორცადქცეული ნაწილი მისტიურად დაგლეჯილი ღმერთისა. და როცა მისი გული სხვა ადამიანის გულს ეხებოდა, შიშნარევი სიხარული ეუფლებოდა: თითქოს ღმერთი ისევ მთელდებაო... გული იხსნება გულისთვის, ფიქრობდა ის, თუმცა ყოველთვის ბოლომდე არა... ყველა გულს რომ შეეძლოს სხვების შესახვედრად გაღება, ბოლომდე, მთლიანად, კოსმიურად, მაშინ ალბათ გამრთელდებოდა დანაკუწებული ღმერთი...ეს გულები მყისვე უკან იხევდნენ, როგორც კი საქმე დღევანდელობას შეეხებოდა..." დღეს აღარაა ის ,,დღევანდელობა", მაგრამ მაინც გაისმის სულის კივილი: ,,სადა ხარ, ღმერთო?" ,,ღმერთი ყველგანაა, სადაც გული ღიაა..." - პასუხი მარტივია და მაინც, ნუთუ ასე ძნელია, ადამიანებო?! გულის სასწაულია საჭირო მანძილის დასაძლევად, გულის სასწაული...და ,,მოდის" თამაზ ჭილაძე: ,,სიტყვა გადამფრენი ჩიტივითაა. პაწაწინა, მართლაც რომ, ჩიტივით არსებას, ღმერთმა ამქვეყნად ყველაზე ურთულესი და უგრძესი მარშრუტი დაუდგინა - ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანამდე. ამ დიადი გადაფრენის ჟამს, არ არსებობს ზღუდე, რომლის გადალახვაც მას არ შეეძლოს..." არ არსებობს ზღუდე! არ არსებობს ზღუდე! და მაინც, ნუთუ ასე ძნელია, ადამიანებო?! ადამიანთა ურთიერთობები დღეს = საყოველთაო უთქმელობას. ჩემს მეგობარს სურს, ის შეიცვალოს საყოველთაო გადაფრენით. გულწრფელობა = საყოველთაო გადაფრენას! ... ჩემი მეგობარი მწვანე სივრცეებით უსასრულო სივრცეებს უმზერს. ჩემი მეგობარი ი-მე-ცნებს.. ჩემი მე-გობარი იკარგება ,,მე"- ში.. ჩემს მეგობარს მწვანე სივრცეებთან შვიდფერი ნაოჭი უჩნდება( პიროვნულობის საზომი), ანუ ის იღიმის და ჩვეული სიმშვიდით იმეორებს: თუ გულწრფელობა გაუტოლდა არავის, დაღუპულია ადამიანი! ჩვენ გვაქვს ღიმილის საბაბი. ჩვენ განვიცადეთ ,,დიადი გადაფრენა". ჩვენ ,,გადარჩენილები" ვართ. ახლა თქვენი დროა! და ნუთუ ასე ძნელია, ადამიანებო...?!

თ.ბ. 1/07/2013


41 views0 comments
bottom of page