top of page

ზოგჯერ დადუმდი - გვერდით მიზის ბიჭი რომელიც მომწონს, მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ეს კონცერტი

ზოგჯერ დადუმდი


მოწყენილობით, გარდერობი გადმოვყარე, მწკრივში ჩავაწყვე შარვლები, კაბები, მაისურები, ჟაკეტები - ფერებისა და მოხმარების რიგითობით, სეზონის მიხედვით. ჰო, ასე სჯობს.. არა, სჯობს კაბები წინა რიგში მოვათავსო შარვლების გვერდით.


მობილურმა გაიწკრიალა, წამოვფრინდი სიხარულით, ვიღაცას გავახსენდი. შეხვედრა სურდა, პრინციპში მეც, მაგრამ ცოტა გავართულე და უარი ვუთხარი. ოო, ღმერღო ბოლთას ვცემდი ოთახებს შორის, რა თითები გამირბოდა ამ კლავიშებზე ასე უკმეხად რომ მოვიშორე?! ისევ გაიწკრიალა მობილურმა, ცნობის ფურცელი, ცნობის ფურცელი, უჟმურობის პასუხსაც მივიღებ ახლათქო...


- თუ წინააღმდეგი არ იქნები მეც სიამოვნებით წამოვალ შენს აუცილებელ საქმეზე. ახლა კი ავჟიტირდი და ხამივით წამში გავეცი პასუხი

- მოხარული ვიქნები. ესეც ასე, შეხვედრა დავთქვით, დროც და ადგილიც შევათანხმეთ. გარდერობს გადავხედე, ისე ლამაზად იყო ჩაწიკწიკებული. უამრავი რამ მოვისინჯე, ყველა მომენტი და მოქმედება წარმოვიდგინე ამ სამოსში და ისე შევარჩიე შესაბამისი. ყვავილებიანი, ფარფატა კაბა ჩავიცვი, მაგრამ ფეხსაცმელები აღარ მოუხდა, რომელსაც ვფიქრობდი, ჩემი გარდერობი ცოტა აირია, ბოლოს წითელი კაბა და ჩექმები გადაწყდა. მაკიაჟი მსუბუქი, პრინციპში მხოლოდ მსუბუქის გაკეთება ვიცი და აუცილებლად წითელი პომადა.


წითელი ბერეტი დავიხურე, მანტო მოვიცვი და შავი ხელთათმანები ავიღე. კაკუნით ჩავუყევი კიბეებს, ჩემმა მეზობელმა სანამ თვალს გამომაყოლებდა თვითონ გამომყვა და ქვევით ჩადიხარო? მეც სულელური შეკითხვით შევუბრუნდი, შენც ? ასე ჩამომეპორწიალა მეტრომდე, მისი თავის მოწონებით და იმის შეხსენებით რომ აქ ყველა იცნობს და უბრალოდ მისი სახელი ვახსენო..... მეტროს კარები ისე გაიღო როგორც ფილმებში, ინდურ ფილმებში ოღონდ, ხალხი რომ ცვივდება კარებიდან,აღარ შევედი, ვითომ ვიუკადრისე გატენილ მეტროში შესვლა, გულში კი მეორეს ვფიქრობდი, ნეტავ ახლა ასე არ ვიყო გამოკვანწული ხო შევძვრებოდი მეც. როგორღაც უკვე ესკალატორს ავუყვებოდი, წინა კამერაში ათასჯერ ჩავიხედე, მერე პომადა წავისვი რომელიც უკვე მესვა და ხელი ამიცდა და ზედა ტუჩზე ცუდად წამესვა.... ცოტაც და ვნახავდი...


უჰ დამცხა, გულმა ბაგა-ბუგი დოლივით დაუკრა. ვხედავდი, ის იქ იდგა, კართან და მელოდებოდა, ისე გამოპრანჭულა. ჩვენ კონსერვატორიის კარებთან ვიდექით, სიგარეტი ჩააქრო და შესასვლისკენ დავიძარით.

- იცი პირველად ვარ კინსერვატორიაში

- უიჰ,რას ამბობ, შევიცხადე მთელი გრძნობითა და ემოციით, მაშ მთელი სიამოვნება წინ გელის.

- ჰო,(იღიმის).


ბროშურები სკამებზე დაგვხვდა, კონცერტის ხანგრძლივობა ორი საათი. მე მოვწყდი გარემოს, იმასაც რომ გვერდით მიზის ბიჭი რომელიც მომწონს, მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ეს კონცერტი. ამ მომენტში მე ვითიშები და ვკონცენტრირდები მხოლოდ მუსიკაზე. ყურში მიჩურჩულებს, ეს ყველა დღეს უნდა იმღერონ? ბედნიერი სახით ვპასუხობ - კი. ახლა ცოტა მივიხედე-მოვიხედე და ის საწყლად იმანჭება და ოფლად იღვრება, ხან ტელეფონში სქროლავს, მერე ყურსასმენები აათამაშა ხელში და ინსტინქტურად წავართვი (წარმოიდგინეთ იქ რომ ყურსასმენები გაეკეთებინა, აპირებდა მგონი). ბროშურას, ინიავებდა, თან ითვლის, ეს მერამდენე გამომსველი იყო, ამდენი დარჩა. მე აღფრთოვანებული ვიყავი მოსმენილით და სიხარულით წამოვხტი და ისე დავუკარი ტაში, ის კი ლამის სცენათან მივიდა და იქიდან უკრავს ტაშს, ოღონდაც გადით და აღარ დაბრუნდეთ ამ სცენაზეო. მე ბედნიერი და კმაყოფილი სახით, ის კი მოწყენილი და იმდგაცრუებული სახით. კარი გაიღო და ჰაერზე გამოსული, სიგარეტს დაეწაფა, სანთებელა ვერაფრით მოუკიდა და შევშველე.


ჩვენ ცოტა დამშვიდებულები, მოვსეირნობდით, არც ვსაუბრობდით, ისე უჩუმრად ჩამოვიარეთ რუსთაველი. ძვლივს აღმოხდა ბგერები, მართლა არ მეგონა ოპერა თუ გიყვარდა, ისე კი რა კარგი გოგო ხარ. დავდუმდი, ვერაფერი ვუთხარი. მეგონა სადმე ყავას ან ჩაის დავლევდით, მაგრამ მეჩქარებაო. მე ის ემოციები ისევ მომყვებოდა რაც ამ კონცერტზე განვიცადე, მაგრამ თან მასზე ვფიქრობდი, მე ხომ მართლა მომწონდა და დავპატიჟე იქ სადაც ჩემთვის საყვარელი და სასიამოვნო ადგილია. აღარ მომწერა, არც დამირეკა, მორჩა, გაქრა როგორც დილის ნამი.


ფიქრებში დავსეირნობ, გადმოვალაგე ფიქრთა დასტები, გადმოვქექე ის დამტვერილი ფიქრები რომელიც მჭამდა და მივედი იმ დასკვნამდე, რომ დამნაშვე ვარ. იმაში ვარ დამნაშავე, რომ მე ის ყურსასმენები წავართვი და არ მივეცი საშუალება მოესმინა კონსერვატორიაში რეპი, სამაგიეროდ კი ორივე ბედნიერი და კმაყოფილი სახით გამოვიდოდით კარებიდან, სიგარეტსაც აუღელვებლად გააბოლებდა, ჩვენ ყავასაც დავლევდით, სასიამოვნო საღამოს გავატარებდით და ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს. ცხოვრებისეულ პროგრამაში კი ყოველდღიურად ახალი გაკვეთილები გვაქვს, რაც გვაძლევს მზაობას გადავფურცლოთ და გადავფურცლოთ სიახლეები.




108 views0 comments
bottom of page