top of page

კარგი და ცუდი ურთიერთობები ანუ “ადამიანი ადამიანისთვის დღეა”



ერთი მეგობარი მყავს, რაც არ უნდა გავანდო: დარწმუნებული აზრი, მერყევი აზრი, მავნე თუ მარგებელი აზრი, ფინჯან ყავასთან ერთად ყველაფრის მოსმენა, გაზიარება და თუ საჭირო გახდა ხელის გამართვაც შეუძლია.


ხშირად გვაქვს ისეთი აზრები, რომელთა ვინმესთვის გაზიარება აუცილებელია რომ ჯანსაღ აზრად ჩამოყალიბდეს, ამიტომ ესეთი მეგობარი, რომელთანაც ბარიერი არ გხვდება დიდი კომფორტი და ბედნიერებაა.


თითქოს არაფერი ხომ? მეგობარი და მეგობრობა დასაბამშივე თავისი არსით ამას მოიაზრებს, თუმცა დამეთანხმებით ყველანი ვართ ისეთ ურთიერთობაში აღმოჩენილი სადაც რაღაც რიგზე ვერ არის, თუმცა ვერ ხვდები - რა.


სანამ ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭის ისტორიას აღმოვაჩენთ, გვიწევს შეხვედრებზე უარის თქმისთვის აზრიანი მიზეზების მოფიქრება ან იმ უსიამოვნო შეგრძნების ატანა პერიოდულად რომ გვეუფლება ურთიერთობის პროცესში.

აქ ალბათ მეტყოდით: “მოგცლია ერთი! რა უნდა ესეთი ურთიერთობის დამთავრებას!” – ო, თუმცა მგრძნობიარე ადამიანები დამეთანხმებით რომ ეს არც ისე მარტივია და ყოველთვის გრძნობ როდის არის ურთიერთობა ცხოვრების გადაშლილ გვერდზე მოსატოვებელი და როდის სუფთა ფურცელზე თავიდან, უშეცდომოდ გადასაწერი.


ახლა ისეთ ურთიერთობაზე მინდა გითხრათ რომელშიც პრობლემა მოგვარებადია და მისი ნაგავში გადაგდება არ ღირს.


მყავს მეგობარი, რომელიც თავისდაუნებურად ცდილობს შემომიტიოს კარგ თუ ცუდ აზრზე, ჭირში თუ ლხინში. ეს შემოტევები რა თქმა უნდა “ლაითია” და მისი მხრიდან ჩემს მოსაზრებაში თუ გადახდენილ ამბავში ჩემივე აზრის გამყარებას ემსახურება, თუმცა მე ამ თამაშში ყოველთვის ვფლავდები.


საქმე იმაშია, რომ თუ მოყვარე მიტევს, ამ პროცესს ქმედებითვე ვერ ვპასუხობ. უპასუხოდ დარჩენილი შემოტევები კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მტრისგან (არაკეთილმოსურნესგან) თავდასხმასაც ვერ გავცემ სათანადო პასუხს.


“ვა პასუხის გაცემა ისწავლე?”- როდესაც ჩემი საუბრის პარალელურად ვისმენ მსგავს რეპლიკებს, თავს დაკნინებულად ვგრძნობ და ჩემი პატივმოყვარეობა მზადაა კანიდან გამოძვრეს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მწყინს.


რადგან ჩემი ცხოვრების კრედოა, რომ “საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვარ” , ამიტომ ვფიქრობ ეს ცხოვრების ის ეტაპი ხომ არ არის, რომელმაც პასუხის გაცემა უნდა მასწავლოს ყველასთვის განურჩევლად მტერია თუ მოყვარე. ამავდროულად ამასთან წინააღმდეგობაში მოდის ჩემი ერთი პრინციპი, რომ მოყვარესგან თავდაცვა არ უნდა გჭირდებოდეს.


ამ ამბებში გარკვევაზე და მათ მოგვარებაზე ვმუშაობ, ეს იქით იყოს და იმაზე მინდოდა ბლოგპოსტის წერა, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა და ამასობაში გულიც გადაგიშალეთ. ალბათ დარდად მეწვა.


დოჩანას დავეთანხმები, როგორიც არ უნდა იყოს ურთიერთობა, წარსულის ფურცლებზე გადაწყვეტ მის დატოვებას თუ მომავლის მასთან ერთად გატარებას, ადამიანი ადამიანისთვის დღეა, რადგან ერთმანეთს ჩვენ ვუქმნით ყოველდღიურობას, კარგები თუ ცუდები, გამგებიანები თუ გაუგებარები.

ურთიერთობაში, მწარეში თუ ტკბილში ვსწავლობთ, აღმოვაჩენთ, ვიზრდებით და ვინგრევით და რადგან თუ ძველი არ დაინგრა ახალი ვერ აღმოცენდება, მაშ დიახ! ადამიანი ადამიანისთვის დღეა!


62 views0 comments
bottom of page