top of page

ოდესმე აუცილებლად იპოვი იმას, რასაც გულით ეძებო

წერილი


წერილი მოვიდა. მეგობრისგან.

რვა საათი რომ უნდა იმგზავრო, იმდენი კილომეტრით შორს იყო. ჰოდა, ადგა და წერილი გამომიგზავნა, ფოსტით.


იცის, რომ მფრინავ წერილებზე ვგიჟდები და იმ ბიჭებზეც, ამ წერილებს რომ დააქროლებენ ცისფერი მოტოციკლებით.

წერილი მობოდიშებით იწყებოდა იმის გამო რომ უნიათოდ გამოსდის მილოცვები და ამგვარი რაღაცები, მაგრამ მაინც უნდა რაღაცები მისურვოს, მათ შორის ულევი სიხარული, ოღონდ ზომიერების ფარგლებში.. მერე შიში დაეტყო ნაწერს, ნეტავ ამ ყველაფერს ზომიერების ფარგლებში როგორ მოაქცევო.. შესავლის მერე კი ყველაზე დიდის, სანატრელისა და სანუკვარის - სიმშვიდის სურვების დრო დადგა, იცი როგორი სიმშვიდისო?! აი, შენი თქმით, უმოქმედობას რომ არ გულისხმობსო.. ,,მე'' ალაპარაკებდა ჩემს მეგობარს.


ვიდარდე.

მერე, შიშის გვერდით, იმედიც გაჩნდა. ოდესმე აუცილებლად იპოვი იმას, რასაც გულით ეძებო. მე მჯერაო. ნეტავ შენც დაიჯერებდეო. ,,ტრამალის მგელში'' ამოვიკითხეო, ამ წიგნის წაკითხვა ხომ შენ მირჩიეო.. აქ ასოები მარჯვნიდან მარცხნივ გადაიხარნენ, ანუ მას გაახსენდა, რომ ჩემი დარწმუნება ,,რთული ამბავია'' და აბზაცი დაასრულა. მე გულით მინდოდა დაჯერება, ბევრს ვეცადე, მაგრამ..


კვლავ ვიდარდე.

ჩემს მეგობარს ყოველ აბზაცში ვტკიოდი. ჩემი ფიქრები აშინებდა, აფიქრებდა და ნათელ თვალებში დარდის ჩრდილი უდგებოდა.

გული სავსეაო შენი სიყვარულით.

ასოებს იმედი მარჯვნისკენ ეძალებოდა. წარმომიდგენია შენი სახე, როცა ამ კონვერტს დაინახავო. ჩემს მეგობარს ჩემი სიხარული უხაროდა.


კონვერტში შოკოლადი იდო.

მეგობარი დაბადების დღეს მილოცავდა.



51 views0 comments
bottom of page