top of page

პირველად იყო სიტყვა” ანუ წრუპე ყავა და ითამაშე სიტყვებით



რამდენჯერ მიფიქრია დამეწყო ისევ წერა და დამიწყია კიდეც, აი ისე ბავშვობაში დღიურს როგორც ვწერდი. თან ვფიქრობდი ზრდასთან ერთად წლები და გამოცდილება მომემატა და მეტად საინტერესო იქნებოდა საკუთარი ფიქრების ზოლიან ფურცლებზე ამოყრა და გადარჩევა, გადახარისხება.


ხო, წერით ზოლიან ფურცლებზე ვწერ გემრიელად და ამ ტექნკური განვითარების ხანაში ვერ მოვირგე კლავიატურაზე ბეჭდვა. თუმცა დღესდღეობით დრო გარბის და თუნდაც ენაგადმოგდებულს მოგიწიოს გაკიდება, არ უნდა ჩამორჩე. მეც ვცდილობ ჩემებურად დავიცვა ბალანსი და ამ ბლოგის წამოწყება ნაწილობრივ ამასაც ემსახურება.


ამასობაში თემიდან ოდნავ გადავუხვიე. ჰო, იმას ვამბობდიო რომ წერას ბლოგის, დღიურის სტილში ხშირად ვიწყებდი და მალევე ვწყვეტდი მარტივი მიზეზების გამო: ფორიაქი ჩემს ცხოვრებაში, შუაში გაჩერებული ისტორიები, აი ისეთები, ვერც წინ რომ მიდიხარ და ვერც ასრულებ. თავს მუდმივად ისე ვგრძნობდი, როგორც ობობის ქსელში გაბმული მწერი. რამდენჯერ გადმომიწყვია ფურცლებზე ჩემი ამბები და მალევე გამიცნობიერებია რომ ყველა ამბავს იმხელა შესავალი სჭირდებოდა დასასაბუთებლად, რომ ჩემი რვეულების ერთ თაროს გაავსებდა. (ხო, ჰობი მაქვს ვიყიდო და თაროზე შემოვდო ლამაზყდიანი რვეულები) ამიტომ რამდენიმე ფურცლის შევსების შემდეგ სულ ვჩერდებოდი.


მაგრამ ახლა 2019 წლის მარიამობის თვეს, 23 რიცხვში გავაცნობიერე რომ ჩემს ცხოვრებაში ძველი, დაუსრულებელი ისტორია, რომელიც შესაძლოა მოყოლად ღირდეს, აღარ არსებობს. ყველა წერტილი დასმულია და პატარა, უსუსური კვირტების მსგავსი ისტორიებით არის ჩემი ყოველდღიურობა მოცული. ესეთი ნიადაგი კი იდეალურია სიტყვებით თამაშისთვის.


მაშ ასე, მე “ამელი ემი” ვარ (ეს რა თქმა უნდა ფსევდონიმია) და შევეცდები ამ ფურცლებზე თვალსაჩინო ბრძოლა გავმართო ჩემში მცხოვრებ ორ პიროვნებას შორის, რომელიც გამუდმებით ებრძვის ერთმანეთს და ამ ომის ხარჯზე იქმნის გარშემო სამყაროს.


49 views0 comments
bottom of page