top of page

ჩრდილითაც ვერ გადავიკვეთეთ - ნიკა ლაშხია

***

ამაღამ ყველა

თავის სიზმარში წავა.

ყველა თავის ტვირთს აწევს.

ზოგი კოშმარი გამოდგება,

ზოგი კი, ცხადივით მართალი.

ზოგიც, სიზმარში დაბრუნებას ისურვებს.

მე კი დავდგები

იქ, სადაც ბავშვები იბადებიან,

იქ სადაც ხარობენ სიცოცხლეს.

ხან მარცხნივ გავიხედავ,

ხან მარჯვნივ.

იქნებ გამოიარო,

სიზმარში მაინც გამოიარო

და მადლობა გითხარა ყველაფრისთვის.




***

ვაი მათ,

ვისი პასუხიც უარყოფითია.



***

მე ხაზი გავუსვი,

მან ხაზი გადამისვა.



ოდესმე


ჩვენ, როცა სიტყვები მოგვძებნიან,

როცა სახელებს დაგვირიგებენ.

შენ შენსას დაგარქმევენ,

მე ჩემსას.

ჩვენ შორის ბუდეს აიშენებს სიტყვა - ,,ოდესმე"

ერთი შეხედვით საიმედო,

თუმცა, ძალიან უსასრულო.

შესაძლოა, არც ცხადყოფილი...

ნეტა რა ხდება ,,ოდესმეში"

საით მიგვაქანებს?!

ამწამინდელი ,,ოდესმე" ასეთია:

- ჩვენ ვსხედვართ მიყრუებულ კაფეში,

რომელიც ქალაქს იქითაა,

სოფელს იქითაა,

მთებს იქითაა.

ვსხედვართ და ვავლენთ ერთმანეთს.

სანამ სიტყვები დაგვერქმევა.

ჯიბიდან ვიღებ ძველ წერილებს,

შენთან არასდროს არგაგზავნილს.

ვიღებ და ხმამაღლა ვკითხულობ,

შენ კი ძალიან გენანები,

ახლა, ამ აწმყოსთან შედარებით..

ოდესმე, ჩვენ წავალთ სიმღერისკენ,

სიმღერას ჩიტები გვასწავლიან.

ახლა კი,სიტყვებში ყვავილები ჩარგე,

ოდესმე აღმოვაცენოთ.

ჩვენც აღმოვცენდეთ.

ოდესმემდე ჩემო მეგობარო.




***

ხვალაც ასე.

ზეგაც ასე იქნება,

როგორც დღეს იყო:

შენ გაივლი, მე თვალს გაგაყოლებ.



***

გული მწყდება

ახალ სიზმრებში რომ აღარ ჩანხარ

ძველებურად მომღიმარი.


***

შენ სიყვარულში გადასულხარ,

მე კი მიწიერს

მაშინებს შენი ფრთების რხევა.


***

ჩრდილითაც ვერ გადავიკვეთეთ.



***

არც არაფერი,

მიმოირხა და სამუდამოდ

აღმოცენდა ჩემში.



***

დიდი ხანია ჩემში მაუწყებლობს.

არცერთ სხვა ტალღას არ ვიკარებ,

ვერ ვცილდები მისი თვალების ეკრანს.



***

ღმერთო,

გაიტენე ჯიბეები ვარსკვლავებით

და მისი ქუჩის შესასვლელთან დაალაგე,

რომ ამ შუაღამით მივწერო:

-ნახე, ვარსკვლავები მოგიწყვიტე.

ხომ შემძლებია?!

ხომ ღმერთიც არსებობს?

ხომ ადამიანებიც დამემოწმებიან,

რომ შენზე მინდა ვწერდე ყოველთვის.

სადაც არ უნდა ვარსებობდე,

სადაც არ უნდა...

მოტანილია ყველა სიტყვა ჩემს სასთუმალთან.

ამაღამ მძივი მაქვს ასაწყობი.

ნუ მაიძულებ კრიალოსანს,

რითმებს ვერ გავეკიდები,

უმჯობესია დაგაკვირდე,

ჩაგისაფრდე, გამოგტეხო, გაგთალო..

ჩემს შეცდენას არ უნდა არაფერი.

მე რომ ამდენ ვარსკვლავს ვეზიდები,

მე რომ ვერ ვერევი და

ღმერთი რომ იტენის ჯიბეებში და შენი

ქუჩის შესასვლელთან ალაგებს,

რათა მე მოგწერო..

ჩემს შეცდენას არაფერი არ უნდა,

შენგან მოფრენილი ციცინათელაც ეყოფა,

რომ გავნათდე ისე,

რომ მოჩრდილვას ვერ ვასწრებდე.

ჯიბეში ვარსკვლავებს ვიტენიდე.

ღმერთი რომ ვიყო...




***

თოკი გაბმულია.

ფეხის გულებით ვეყრდნობი იღბალს.

ხელში ბამბუკი მიჭირავს.

წონასწორობას ვიცავ.

მხოლოდ წინ უნდა ვიარო.

თავს ვაჯერებ, რომ უკან მოგიტოვე.

რომ მომავალში არ იქნები თავგადასავალი.

მომავალში, სადაც შენზე გავაგრძელებ წერას, რათა წარსულს ადგილი მივუჩინო.

რთულია, დაიცვა წონასწორობა.

მითუფრო რთულია, მკვდრეთით აღდგე.

აღდგე და უთხრა იღბალს:

- წმინდა არს მომავალი,

რომელსაც წარსული აღარ უყეფს.

თოკი გაბმულია,

წესით კი უნდა ირწეოდეს,

ჩემს წონას შეუძლია თოკი არწიოს,

ცოტა ხნით მაინც არწიოს,

მაგრამ წმინდა არს ყოველი, რაც სუნთქავს.

ბოლო ღრიჭო მაქვს შესავსები.

ღრიჭო, საიდანაც ანათებ.




79 views0 comments
bottom of page