top of page

Interview: Alex Chikovani

Updated: Nov 10, 2019

"სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე"

✍️ ინტერვიუ / Alex Chikovani


❓ ბედნიერი ხართ?


ბედნიერება ძალიან აბსტრაქტული ცნებაა, ალბათ ყველა ადამიანი ნაწილობრივ არის ბედნიერი და ნაწილობრივ არა. მეც ასე ვარ, რაღაცაში ვარ, რაღაცაში არა. თუმცა რაშიც არ ვარ ბედნიერი, ამას არ ვარქმევ რომ ვარ უბედური, ეს ძალიან პესიმისტური და სუსტი სიტყვაა. უბადრუკი სიტყვა.


❓ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ორი ადამიანის ერთდროულად სიყვარული? ორი ბიჭის, ორი გოგოსი.


თუ ქალს და კაცს შორის სიყვარულს ვგულისხმობთ, შეიძლება ვინმეს ეს შეუძლია, მაგრამ მე არა. სიყვარულს დიდი ძალისხმევაც სჭირდება, ყოველთვის სიყვარულის ფრთებით მსუბუქად ვერ იფრენ და ეს იმხელა ძალისხმევაა, რომ ორი ადამიანის მიმართ მიმართვა ნამეტანია, ძალიან უცნაური კითხვაა ისე.


❓ რა არის ცხოვრებაში ყველაზე რთული თქვენთვის?


სწორად ცხოვრებაა ყველაზე რთული. თუმცა სწორად ცხოვრება რას ნიშანვს ამის განსაზღვრაც რთულია. ჩემთვის როცა რაღაც ცუდის გაკეთება შეგიძლია და არ აკეთებ ეს არის სწორად ცხოვრება (ერლომ ახვლედიანი ამბობდა ამას) და ეს რთულია. ისე კი თუ რამე გინდა გააკეთებ რაც არ უნდა რთული იყოს და ამიტომ საბოლოო ჯამში ეს რთული არ არის.


❓ რა არის ყველაზე სევდიანი ამ ქვეყნად?


უდედო ბავშვი და უმეცრება


❓ არის თუ არა ყველაფერში ზომიერება აუცილებელი და რატომ გვიჭირს ადამიანებს ამის დაცვა?


კი ვთვლი რომ არის, და ზომიერების დაცვა არის ძალიან ძნელი, ამიტომაც არის ის ყველაზე სასარგებლო რამ, ყველაფერი სასარგებლო ხომ ზომიერია, გვიჭირს იმიტომ რომ ვერ ვერევით საკუთარ თავს, ანუ - საკუთარ სიხარბეს, სულწასულობას, მოუთმენლობას, მადას, ემოციას და ასე შემდეგ. ზომიერება, სისადავე და თავმდაბლობა ადამიანის დიადი ღირსებებია და როგორც ყველაფერი დიადი ზომიერებაც ძნელად მოსახელთებელი და რაც მთავარია შესანარჩუნებელია.


❓ რა არის ყველაზე რთული?


საკუთარ თავთან ბრძოლა და საკუთარი თავის მოთოკვა


❓ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში?


სიყვარული - ახლობლების, საქმის, ქვეყნის და იმ ყველაფრის სადაც ხარ და არსებობ. სიმშვიდე - გონების სიმშვიდე. და შესაბამისად ისე ცხოვრება რომ საკუთარ თავთან და გარემოსთან იყო ჰარმონიაში. მე ამას ღირსებას ვეძახი.


❓ რაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა ყველაზე მეტად?


თვითგანვითარებაზე და სხვების განვითარებაზე.


❓ რას მეტყოდით სიცოცხლე რომ აღარ მინდოდეს? ან დეპრესიაში რომ ვიყო?


დეპრესიაში ჩავარდნილი და დარჩენილი ადამიანი სუსტი ადამიანია. უფრო სწორად დეპრესიაში შეიძლება ყველა ჩავარდეს, მაგრამ უნდა ადგეს და გამოვიდეს ! უნდა დაძლიოს, ამაშია სიძლიერე. რა დროის დეპრესიაა ?! და კონკრეტულად გეტყოდი ამას:


- ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ... კონსტანტინე გამსახურდია


- რომ დავნებდე ვიცი რომ თავს უკეთესად ვერ ვიგრძნობ, ამიტომ ისევ არდანებება მირჩევნია. მაიკლ ტაისონი


- ამიტომ Get up, Dress up and Show up!


❓ რას მეტყოდით ბიჭისგან გულნატკენი რომ ვიყო?


გააჩნია რა ასაკში და რა მდგომარეობაში. მაგრამ საზოგადოდ ადამიანმა არავის უნდა მიცეს უფლება გული ატკინონ და ამის ყველაზე უებარი წამალი ჩემი აზრით ზედმეტი მოლოდინების არ ქონაა. ეს ბევრჯერ გავიარე და კარგად ვიცი.

თუმცა გულისტკენა მაინც ხდება და აქ ისევ სიძლიერე უნდა გამოიჩინო, გადალახო და გააგრძელო სიცოცხლე !


❓ რას მოაქვს გულის გაციება ადამიანის მიმართ?


ძალიან ბევრ რამეს, ძალიან ბევრ სხვადასხვა შემთხვევაში. ყველა სიტუაციას ალბათ მხოლოდ ღალატი ერგება, დანარჩენი ინდივიდუალური და ეპიზოდურია.


❓ რა არის ყველაზე საყვარელი ამ ცხოვრებაში?


ჩემთვის ეს ბავშვია - ბავშვის ფენომენი.


❓ რისთვის ღირს სიცოცხლე?


სიცოცხლე ღირს სიცოცხლისთვის! თუ დაიბადე კეთილი ინებე იცოცხლე და შეირგე. თან რამე საინტერესოს და/ან სასარგებლოს თუ გააკეთებ მით უკეთესი.


❓ რა გიყვართ ამ სიცოცხლეში ყველაზე მეტად? რისი კეთება გსიამოვნებთ?


მიყვარს ყველაფერი რაც სიამოვნებას მგვრის. სიამოვნებას მგვრის ყველაფერი რაც მიყვარს. ისე კი დღეს, ცხოვრების ეტაპს, წლის პერიოდს და ბევრ რამეს გააჩნია. ყველაზე სტაბილური, ჩემთვის მარადიული კი:

- შემეცნება (კითხვა, სმენა),

- ვარჯიში,

- სპორტის ყურება,

- ქალთან ურთიერთობა

- ბავშვებთან ურთიერთობაა.


❓ თქვენი საყვარელი ფრაზა ან ლექსი ან გამოთქმა რომ მითხრათ …


ფრაზა:

- მიაწვააააააა !

- იყავი გაბედული !

- ვაშა !

ლექსი:

სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,

განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,

ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.

განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,

ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.

ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,

უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.

ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,

სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...

სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,

განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,

ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.

გამოთქმა:

შენი არ იცოდე, სხვისი არ გჯეროდესო. ებრაული ანდაზაა და ხშირად ვაფრთხილებ ამით ჩემს თავსაც და სხვებსაც.




34 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page